14
May
2019

30 Seconds To Mars “ბლექ სი არენაზე” იმღერებს

14 May 2019

13 აგვისტოს, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, „ბლექ სი არენა“ ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს უმასპინძლებს. „ოსკაროსანი“ ჯარედ ლეტო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც არა მხოლოდ მსახიობი, არამედ მუსიკოსიც. ის ძმასთან ერთად ამერიკული როკბენდის, Thirty Seconds to Mars დამფუძნებელია. ჯგუფის ისტორია 1998 წლიდან იწერება, ხოლო მისი კომერციული წარმატება 2005 წელს უკავშირდება.

 

Thirty Seconds to Mars ამერიკული როკპროექტია, რომელიც 1998 წელს ძმებმა ჯარედ და შენონ ლეტოებმა (Jared Leto, Shannon Leto) შექმნეს. ბენდს პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულმა ალბომმა A Beautiful Lie მოუტანა ჰიტებით: “Attack”,”The Kill”, “From Yesterday” და “A Beautiful Lie“.

კრიტიკოსების და მსმენლის მხრიდან ალბომის აღიარებამ ჯგუფის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა, რის შემდეგაც ამერიკულმა როკბენდმა კიდევ 3 წარმატებული ალბომი გამოსცა, რომლის პარალელურად Thirty Seconds to Mars მსოფლიოს ყველა დიდ ფესტივალსა და საკონცერტო სივრცეში გამოსვლებს განაგრძობდა.

2013 წელს, ალბომის Love, Lust, Faith and Dreams შემდეგ, ბენდმა 5-წლიანი პაუზა აიღო, რასაც მოჰყვა არტპოპ და ელექტრონულ ჟღერადობაზე ორიენტირებული ალბომი America. სწორედ ამ ჩანაწერის გამოცემის შემდგომ შედგა ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე, რომლის ფარგლებშიც Thirty Seconds to Mars საქართველოსაც ეწვევა.

ფილოსოფიური თემებით დატვირთული სიმღერებისა და ენერგიული ცოცხალი შესრულებების წყალობით, Thirty Seconds to Mars თანამედროვე მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროექტია.

განხილვა