16
Aug
2019

„ვიყავით მარსზე“ – გზავნილები საქართველოს, 30 Seconds To Mars-ის კონცერტიდან

16 Aug 2019

დაახლოებით, 2007 წლისთვის, როცა სახლში MTV-სა და RU.TV-ს ყურების მსურველთა შორის პულტისთვის ბრძოლა იმართებოდა, თითქმის ყოველთვის, დამარცხებულ მხარეს ვიყავი. ერთ, ან ორ წელიწადში, სახლში კომპიუტერთან ერთად ახალი შესაძლებლობა გაჩნდა. შესაძლებლობა სკოლის ინფორმატიკის კაბინეტში, კვირაში ერთხელ, კომპიუტერთან ერთისაათიანი შეხებით გამომუშავებული Search უნარები დამეხვეწა, ანუ MTV-ზე არაერთხელ მოსმენილი 30 Seconds To Mars-ის (და სხვა ჯგუფების) შესახებ მეტი გამეგო და მომესმინა.

მართალია, ამ დროს ჩემი მუსიკალური გემოვნება ამ (ზემოთაღნიშნული), თუ სხვა (ხელმიუწვდომლობის) ბრძოლებისგან გამომდინარე არც ისე ჩამოყალიბებული იყო, თუმცა, ზეპირად ვიცოდი The Kill, Closer to the adge-ისა, თუ Hurricane-ის ტექსტები. მაშინ რა თქმა უნდა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ვიდგებოდი იმ სცენის წინ, სადაც ამ ჯგუფის წევრები გამოვიდოდნენ, მუშტს შევკრავდი მათი მოწოდებისამებრ და ვიყვირებდი FIGHT. სიმართლე გითხრათ, ამაზე არც მაშინ და არც შემდეგ მიოცნებია. არ მიოცნებია, რადგან არარეალური ოცნებები არასდროს მქონია, რადგან დამარცხებას (პულტის წართმევას) შეჩვეული ვიყავი.

2019 წლის 13 აგვისტოს ბევრის ოცნება ახდა, მე – ტინეიჯერობას დავუბრუნდი; დავუბრუნდი 10 წლის წინანდელ საკუთარ თავს, რომელსაც ჯარედ ლეტომ ახლა, Black Sea Arena-ს სცენიდან „მოუბოდიშა“, რომ მაშინ არ ჩამოვიდა (როცა შესაძლოა, უფრო საჭირო იყო). „უნდა მოგიხადოთ ბოდიში, რადგან საქართველოში 10 წლის წინ არ ჩამოვედით“, – თქვა მან. თუმცა, შეკრებილი აუდიტორია არა იმდენად 10 წლიანი ლოდინით, არამედ 3 საათიანი ლოდინისგან იყო დაღლილი. მით უფრო ისინი, ვინც Golden Ring-ში იყო გამაგრებული, სცენის ახლო პერიმეტრს ჯიუტად არ თმობდა და ჭყლეტვისთვის წირავდა თავს (მე დავთმე). 22:35-ზე, სცენაზე გამოჩენილმა შენონ ლეტომ და შემდეგ, მოსასხამითა და ჩვეული სათვალეებით დაფარული ჯარედ ლეტოს პირველმა ბგერებმა (სიმღერა Monolith) დაღლა ძალიან სწრაფად დაგვავიწყა და ჩვენც ძალიან მალე ავუწყეთ ხმა, ფეხი, თუ მთელი სხეული „მარსის ენერგიას“.

“Jump, Jump, Jump!”
ეს ორმხრივი პროცესია – აუდიტორია გრძნობს არტისტის ენერგიას, არტისტი კი აუდიტორიისას. ერთმანეთისთვის „გემოს გასინჯვის“ შემდეგ განწყობის შენარჩუნებისა და განვითარების (კულმინაციისკენ წაყვანის) ციკლი იწყება. ეს ლეტომ კარგად იცის, მას შეუძლია იგრძნოს აუდიტორია, მოუწოდოს მას, მოდუნების შემთხვევაში მიმართოს შეჯიბრებადობის კანონს – „მარცხენა მხარე უფრო ხმამაღლა იმღერებს, თუ მარჯვენა“, „ვეძებ ყველაზე გადარეულ ადამიანს აუდიტორიაში. გიყურებთ, ვინც ყველაზე ენერგიულად იცეკვებს სცენაზე ამოვიყვან“. ასეც მოხდა, სცენაზე ათობით ახალგაზრდას მიეცა ცეკვის შესაძლებლობა.

სითამამე და თავისუფლება, რომელიც კონცერტზე იგრძნობოდა შემსრულებლისა და აუდიტორიის მუდმივი, ხარისხიანი ინტერაქციის შედეგი იყო. საბედნიეროდ, აუდიტორიამ ზეპირად იცოდა ჯგუფის ჰიტები და ჯარედ ლეტოსთან ერთად მღეროდა. მღეროდა მთელი Black Sea Arena.

This is War
ყველაზე საყურადღებო არტისტის დამოკიდებულებაა ქვეყნის მიმართ. არაერთი შემსრულებელი გვინახავს ჩვენს სცენაზე და ისიც გასაგებია, რომ 30 Seconds To Mars-ის ლაივები ყოველთვის სიურპრიზებითა და სიგიჟეებითაა სავსე, თუმცა, აქ სხვა რამეზე შეგვიძლია ყურადღების გამახვილება. ჯარედ ლეტო არ უდგება სიტუაციას, როგორც ფანების კუმირი, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოს მსმენელზე. მისთვის არ არის საკმარისი სასცენო შოუში შემავალი მრავალფეროვანი მუსიკალური, თუ ვიზუალური ეფექტები. მას უნდა მეტი ინტერაქცია, არა მხოლოდ იქ მყოფ მსმენელთან, არამედ, მთელ ქვეყანასთან. ქვეყანასთან, სადაც ომი არავის უკვირს, სადაც ბრძოლა ყოველდღიურობაა, ის ასრულებს სიმღერას This is War, მოგვიწოდებს შევკრათ მუშტები და მასთან ერთად, სიმღერის ტექსტისამებრ გავიმეოროთ – FIGHT, FIGHT, FIGHT.

Do or die
გარდა იმისა, რომ ვეგეტარიანელმა ლეტომ არენაზე ბუშტებითა და გასაბერი ცხოველებით თამაშის შესაძლებლობა მოგვცა, გარდა იმისა, რომ პერიოდულად ჩვენკენ განსაკუთრებული რაოდენობის ადრენალინს ისროდა, ის ცდილობდა გამოეხატა პატივისცემა არამხოლოდ იქ მდგარი მსმენელის, არამედ ქვეყნის მიმართ. ასე, მან სიმღერა Do Or Die საქართველოს დროშით ხელში შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ჟესტი ლეტოსთვის ტრადიციულია – მას ხშირად ვხედავთ სცენაზე, იმ ქვეყნის დროშით ხელში, რომელშიც კონცერტს მართავს, შეგვიძლია, თუ არა აღვიქვათ ეს ერთგვარ მოწოდებად, ან სიმბოლურ დამთხვევად? ალბათ, შეგვიძლია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ 2014 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე, ოსკაროსანი ჯარედ ლეტოს მიერ წარმოთქმულ სიტყვას, სადაც ის ყირიმის ანექსიის გამო, უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებდა. გასათვალისწინებელია, რომ ისევე, როგორც ზემოთ აღნიშნული გასაბერი ცხოველების შოუ, ჯგუფმა საქართველოს დროშაც წინასწარ მოითხოვა, ისევე, როგორც სცენის გაზრდა, იმისათვის, რომ მსმენელთან უფრო ახლოს ყოფილიყვნენ.


Hurricane

„მარსის ქარიშხალი“ სცენაზე მხოლოდ საათნახევარს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ვიყავით სხვა პლანეტაზე, ვიყავით მარსზე და ვუსმენდით ძველ და ახალ ჰიტებს – Up in the air, City of angels, The kill, Walk on water, Rescue Me, Dangerous Night. ვიყავით ჯგუფის მოგზაურობის ნაწილი – ვმღეროდით, ვიხარჯებოდით, გვიხაროდა და გვწყინდა მათთან ერთად. ჩვენს წინ იდგა ჯგუფი, რომელსაც არსებობის განმავლობაში (1998 წლიდან) 20 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული და ქმნის მუსიკას, რომელიც ბრძოლის იარაღია. მუსიკას, რომელიც ხშირად სოციალური ცვლილებებისკენაა მიმართული, მოგვიწოდებს მშვიდობისკენ, თავისუფლებისკენ, გვესაუბრება ჩვენს ენაზე, ჩვენი შეგრძნებებით და გვაჩვენებს იმას, რაც ყველა ადამიანს აერთიანებს – პათეტიკას, სიყვარულს, ემოციას, ბრძოლას, მარცხს და მაინც, მშვიდობას. ის მუსიკის თანხლებით სვამს მნიშვნელოვან კითხვებს – “Tell me would you kill to save a life? Tell me would you kill to prove you’re right?”

Closer to the edge
შოუს მიმდინარეობისას ბევრი სიურპრიზი გამოვცადეთ, მათ შორის იყო 30 Seconds To Mars-ის დრამერის – შენონ ლეტოს მიერ შესრულებული სიმღერა Remedy და შემდეგ, დრამის ჯოხების მსმენელისკენ სროლა. ჯარედ ლეტო დაგვპირდა, რომ ეს მისი ბოლო ვიზიტი არ არის საქართველოში. ამჯერად კი, ეს იყო კონცერტი, რომელიც გვამყოფებდა ზღვარზე, საკუთარ თავსა და გარე სამყაროს შორის. კონცერტი, რომელმაც ბევრჯერ წაშალა ზღვარი ჯგუფის წევრებსა და მსმენელს შორის. საკმაოდ ბევრი, ათეულობით ახალგაზრდა აღმოჩნდა სცენაზე, ჯარედ და შენონ ლეტოებთან ერთად. ეს მაშინ მოხდა, როცა შოუ თავის კულმინაციას უახლოვდებოდა და ჯგუფი სიმღერა Closer to the edge-ს ასრულებდა. სიმღერის დასასრულს სცენაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი იდგა. ასე, ახალგაზრდებში აირია ჯარედ ლეტო, ასე დაიკარგა სცენიდან, ასე, ვეღარ ვხედავდით მას სცენაზე.

მაინც, რატომ შეიძლება იყოს ღირებული და ახლო ამერიკული როკ ჯგუფის შემოქმედება? რა ძალა აქვს მუსიკას და როგორ შეუძლია დაგვავიწყოს წყენა, დაღლილობა, ლოდინი, უკმაყოფილება, განსხვავებული შეხედულებები, ყოფითი უსიამოვნებები, სტრესი, სამსახური, ან როგორ შეუძლია დაგავიწყოს ახლანდელი საკუთარი თავი და გაგახსენოს 10 წლის წინანდელი გოგონა, რომელსაც შეეძლო მთელი ხმით ემღერა. (“I tried to be someone else, But nothing seemed to change, I know now, this is who I really am”).

ბრძოლა „პულტისთვის“ ისევ აქტუალურია. გვაქვს ერთი ქვეყანა, თუმცა ისევ ორი „არხი“. დღეს, როცა ინფორმაციულ ომში ვიმყოფებით, როცა საზოგადოება იდეოლოგიური პოლარიზების საფრთხის ქვეშაა, მოდიან ადამიანები, რომელთათვისაც თავისუფლება და თანასწორობა მთავარი ღირებულებებია, დგებიან სცენაზე, უჭირავთ ჩვენი დროშა და გვეუბნებიან – “Do or die”, “This is War”.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა