in

„სამსახურიდან 30 წამში წამოვედი“ და რა მოხდა შემდეგ? – მირიან გოცირიძის ამბავი

ეს ამბავი მირიან გოცირიძის უჩვეულო განაცხადით დაიწყო LinkedIn-ზე, სადაც ჰყვებოდა, თუ როგორ მიიღო სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება 30 წამში. ყველაფერი კი, რაც უნდა უჩვეულოდ ჟღერდეს, გამბედაობის სწავლას უკავშირდება, რასაც მოჰყვა გამამხნევებელი მოწოდება გულის სიღრმიდან: გააკეთე ის, რაც ყველაზე მეტად გაშინებს! მომენტალურად დაწერა განცხადება, რომელსაც აქვე, უცვლელად გთავაზობთ და იმასაც გიამბობთ, რა მოხდა შემდეგ…

„TBC -დან 30 წამში წამოვედი 4 წლის წინ დავიწყე TBC-ში მუშაობა.
თავიდან სტაჟიორი ვიყავი, შემდეგ “Junior”, შემდეგ “Senior” თანამშრომელი, – წერს მირიან გოცირიძე LinkedIn-ზე, – ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვისწავლე „გამბედაობაა“.

30 წამში წამოსვლა რა შუაშია? ახლავე გეტყვი. თიბისიში კულტურის შექმნაზე დიდი ყურადღება მახვილდება. კულტურის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა “გამბედაობა”. 

როდესაც ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, ყველა კომპანია (და ყველა ადამიანი) ამ ღირებულებებს თავისებუად აღიქვამს – თავისებურად განმარტავს.

მთავარი ამბავი:
შვებულებიდან დაბრუნებულმა, ლეპტოპი გავხსენი და ეგრევე მომეგება „გამბედაობა“.

კითხვა გამიჩნდა: „ვარ მე გამბედავი?“
გულწრფელად, რომ დავფიქრდი, მივხვდი: არა, არ ვარ.
დავკეცე ლეპტოპი.
გადავწყვიტე, გამბედაობა მესწავლა.

დავუსვი თავს კითხვა: „როგორ გავხდე გამბედავი?“
თავმაც არ დააყოვნა პასუხი: „გააკეთე ის, რაც ყველაზე მეტად გაშინებს“.

30 წამში მომხდარი ამბავი: გავხსენი ლეპტოპი.
ახლადდანერგილ შიდაორგანიზაციულ AI-ს ვთხოვე, სამსახურიდან გათავისუფლების ფორმა გამოეგზავნა, შევავსე რამდენიმე ველი და დავაჭირე გაგზავნას.

ამ 30 წამის განმავლობაში, იმდენი საწინააღმდეგო ფიქრი მომივიდა, სიტყვით ვერ აღვწერ, მაგრამ ვიცოდი – ისე ვიქცეოდი, როგორც მე მჭირდებოდა 

კიდევ ერთხელ ვიყავი TBC-ს მადლიერი პროცესების ასე გამარტივებისთვის. სხვების ისტორიები, რომ მომისმენია როგორ შეიძლება იწელებოდეს სამსახურიდან წამოსვლის პროცესი, მზარავს.

რამდენიმე წუთში ჩემი გუნდის ლიდერი ანკა გაბესკირია მეკითხება: „სამსახურიდან წასვლაზე მომივიდა განცხადება და ვილაპარაკოთ?“

მე: „ჯერ დაადასტურე და მერე ვილაპარაკოთ“. სუპერ მენეჯერი/ლიდერი როგორი უნდა იყოს ეგ ცალკე ისტორიაა და ანკაზე სხვა დროს მოვყვები.

TBC-ს ღირებულებებში არსებული „გამბედაობა“ ცალსახად არ ნიშნავს სამსახურიდან წასვლას.
ჩემს შემთხვევაში ნიშნავდა, 
ჩემს პირად განმარტებაში ნიშნავდა, 
ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ნიშნავდა.

ხოდა შემდეგ პოსტებში მოგიყვებით, რატომ ნიშნავდა კონკრეტულად ჩემთვის „გამბედაობის“ სწავლა სამსახურიდან წამოსვლას.

ახლა კი კიდევ ერთხელ: მადლობა TBC-ს იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც მომცა და იმ ცოდნისთვის, რომელიც გამიზიარა“.

რა მოხდა მირიანის საქმიანობაში სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ? ამ კითხვით პირადად მას მივმართეთ:

M: მირიან, სანამ მომდევნო ნაბიჯებზე მოგვიყვები, გვითხარი – გქონდა გეგმა, რას გააკეთებდი?

ონკრეტული გეგმა არ მქონია, რეალურად, ახლაც თითქმის ყველაფერი ბუნდოვანია. რასაც ვაპირებდი/ვაპირებ/ვაკეთებ ეს არის საკუთარი ბიზნესის ფორმირება და freelancer-ობა. ბიზნესთან მიმართებით მაქვს ხედვა, რა მინდა: ეს არის 4-5 ადამიანიანი კრეატიული სააგენტო, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანურ კომუნიკაციაზე. პატარა გუნდი, რომელიც დიდ საქმეებს ემსახურება.

Freelancer-ობასთან მიმართებით: კონტენტის შექმნის მრავალმხრივი გამოცდილება მაქვს, დაწყებული პროექტების მენეჯმენტით, გაგრძელებული ლიდერობის სახელმძღვანელოს 0-დან შექმნით, დამთავრებული ვიდეო ანიმაციების გაკეთებით. ამ სივრცეში ღია ვარ ახალი შესაძლებლობებისთვის.

M: წამოსვლის შემდეგ თუ ყოფილა ეჭვი ან „უკან მიხედვის“ მცდელობა?

აზრები: „სწორად ვიქცევი?“, „ჯერ სხვა სტაბილური შემოსავალის გაჩენა ხო არ აჯობებდა?“, „პარალელურადაც ხომ შემიძლია სხვა რაღაცების კეთება“ და ა.შ. მომაწყდა იმ 30 წამის განმავლობაში, რომელიც გადაწყვეტილების მიღებასა და განცხადების დაწერას შორის იყო. როგორც კი ელექტრონულად დავაფიქსირე მოთხოვნა წასვლის შესახებ, მსგავსი აზრებიც გაქრა. უკვე 1 თვე გავიდა და ისევ 100%-ით დარწმუნებული ვარ ამ გადაწყვეტილებაში.

არ ვამბობ, რომ ახლა დროდადრო არ მაქვს შფოთვა და შიში. რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ.

M: როგორ გაგრძელდა ეს ამბავი – რაში დაიწყე შენი დროისა და ნიჭის ინვესტირება?

ბიზნესთან მიმართებაში: ჯერჯერობით 2 ადამიანი ვართ, რომელთაც ერთი პროექტი გვაქვს ერთად გაკეთებული და ორს ახლა ვახორციელებთ. პარალელურად, ვართ ჩვენი სააგენტოს ფორმირების პროცესში: PersONE.Agency

აქ ხაზი მინდა, გავუსვა: არ ვქმნით სტარტაპს, რომლის მიზანიცაა რამდენიმე ათას ან ასეულ ათას მომხმარებელზე გასვლა. არც ისეთ სააგენტოს, რომელიც მომხმარებელს დიდი მარკეტინგული მეტრიკების მიღწევას ჰპირდება. ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომლის კულტივაციასაც ვაპირებთ, არის ადამიანური კომუნიკაცია და ადამიანური ურთიერთობები.

შესაბამისად, მომხმარებლისთვის შეთავაზებული პროდუქტებიც ადამიანებზეა ფოკუსირებული: ინდივიდებისთვის – პერსონალური ბრენდინგი, კომპანიებისთვის – დამსაქმებლის ე.წ. Employer branding, შიდა კომუნიკაციების კონტენტი.

ღირებულება, რომელიც დამატებითად ახლავს ამ კონტენტს, ისევ განვმეორდები, ადამიანური კომუნიკაციაა. ზოგჯერ სამუშაო გარემოში ურთიერთობა ზედმეტად ფორმალური ხდება, რაც შემდეგში ხელს უშლის კომუნიკაციას და გუნდებსა და თანამშრომლებს შორის სათქმელის ერთმანეთამდე მიტანას. ხშირად, ამ ხიდჩატეხილობის აღმოსაფხვრელად რაც საჭიროა – ადამიანური კომუნიკაციაა.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

რა აღმოაჩინეს ილომ და ანიმ OnePrice Georgia-ში?

ნარჩენების მართვის სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში – შედარებითი ანალიზი