13
Feb
2020

“გვინდა, ქართული ჟღერადობის ეპიცენტრად ვიქცეთ” – ელექტრონული მუსიკის სკოლა 303Hz

13 Feb 2020

Startauperi
Startauperi


მუსიკის სიყვარულმა და ცოდნის გაზიარების სურვილმა, სამი მეგობარი და თანამოაზრე ერთი იდეის სათავეში მოაქცია. გიორგი სიჭინავამ, ლუკა არობელიძემ და გიორგი კვირკველიამ გადაწყვიტეს საზოგადოების ინტერესისთვის – პროფესიონალურად შეესწავლათ ელექტრონული მუსიკა – პასუხი მუსიკალური სკოლის დაფუძნებით გაეცათ. ამ სამმა პროდიუსერმა მიზნად საქართველოში მუსიკის განვითარების ხელშეწყობა დაისახა. დღეს, თავიანთ სასწავლებელში მუსიკის ფროდაქშენს, მუსიკის თეორიას, დიჯეინგსა და სხვა მიმართულებებს ასწავლიან, მიწვეული სპეციალისტების დახმარებით. სკოლის სახელწოდება 303Hz, რომლის ლოგოს დიზაინზეც თაკაკა აბრამიას Studio Impulse-მა იმუშავა, სიმბოლურია და მის განმატებაზე შემდგომ გიამბობთ, იქამდე კი, სკოლის იდეასა და დანიშნულებაზე გესაუბრებით.

“სკოლის შექმნის მთავარი ბიძგი ქვეყნაში ახალი მუსიკალური სახეების აღმოჩენა და მათი განვითარება იყო. იდეის ჩანასახშივე გვქონდა სურვილი, რომ ქვეყნის კულტურულ განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. გვსურს დავეხმაროთ ყველა ადამიანს, ვისაც ახალი ნამუშევრის შექმნის სურვილი აქვს. ჩვენ გვინდა მათ მივცეთ შესაძლებლობა, რომ ფართო საზოგადოებას გაეცნონ. სკოლის შექმნის პროცესში ასევე მნიშვნელოვანი იყო მასწავლებლების მხრიდან გამოხატული დიდი სურვილი და ჩართულობა, მონაწილეობა მიეღოთ ახალი საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბება / განვითარებაში” – თათია ტაბატაძე, კონტენტისა და კომუნიკაციის მენეჯერი. 

M: ვინ შეიკრიბეთ სკოლის დასაფუძნებლად და რამ გაგაერთიანათ?

საერთო იდეის გარეშე, არაფერი გამოგვივიდოდა. გავერთიანდით ერთი მთავარი მიზნის გარშემო, რომ საქართველოში შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც ნულოვანი ცოდნის მქონე ადამიანი, სრული მუსიკალური განათლებით დატოვებდა სკოლას. შედეგად ქვეყანას ახალი არტისტები ეყოლებოდა, რომლებიც ამ მიმართულებით როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად, საქართველოს სახელს სააშკარაოზე გამოიტანდნენ. ასევე სკოლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ შევქმნათ ქართული ჟღერადობა, რის ეპიცენტრადაც 303Hz-ს მოვიაზრებთ. ამ იდეის გარშემო 3 ადამიანი, გიორგი სიჭინავა, ლუკა არობელიძე და გიორგი კვირკველია შეიკრიბა.

M: რა გამოცდილების საფუძველზე დააარსეთ ეს სკოლა?

ქართველი არტისტების (რომლებიც უკვე ჩვენი მასწავლებლები არიან) ცოდნა და კომპეტენცია შესაძლებლობას გვაძლევდა, რომ მომხმარებლისთვის ახალი საგანმანათლებლო სივრცე შეგვეთავაზებინა. აქ მოსულ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მასწავლებლებისგან წლების მაძილზე ნაგროვები გამოცდილება 3 თვეში შეისწავლონ და სათანადოდ გამოიყენონ.

M: რა საჭიროება დაინახეთ ბაზარზე, რის გამოც გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით საგანმანათლებლო სკოლის შექმნა?

პრობლემაზე მეტად, მოთხოვნა დავინახეთ, რომელსაც სათანადო მიწოდება სჭირდებოდა და ჩვენი აზრით ბაზარზე უკვე არსებული ცოდნა ამისთვის საკმარისი არ იყო. ადრინდელი მდგომარეობით, სწავლის მსურველ ადამიანებს უმეტესად თითო-თითო კურსის გავლა უწევდათ, რაც მათ არ აძლევდათ საშუალებას, უფრო ფართო სპექტრის ცოდნა მიეღოთ და შესაბამისად, მიღებული ცოდნის საფუძველზე სრულფასოვან არტისტებად შემდგარიყვნენ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია სასცენო სახელის დამკვიდრება, რაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი საჭირო კონტაქტების მოძიებაა, 303Hz-ში მათ ამის საშუალებაც ეძლევათ. ჩვენი სკოლა მოსწავლეების სამომავლო პოპულარობაზეც ზრუნავს და სხვადასხვა მოსწავლეს სხვადასხვა ვენიუზე დასაკრავად რეკომენდაციას უწევს.

ფოტოს ავტორი: გიორგი ქორიძე

M: სახელდობრ, რა ისწავლება თქვენთან?

ჩვენთან ისწავლება: Ableton Live – მუსიკის წარმოება, მუსიკის თეორია, მიქსინგი და პოსტ პროდაქშენი, Synthesizers – ხმის დიზაინი, DJing (vinyl, CDJ), Hip-Hop production, Live performance with Ableton Live.

M: 303hz რატომ დაირქვით?

303Hz ხმის სიხშირეა, რომელიც სიმშვიდესთან და ჰარმონიულობასთან ასოცირდება. გარდა ამისა, ჩვენი სკოლის სახელი ამ სიხშირის მქონე ძალიან იკონურმა სინთეზატორმა, Roland 303-მაც განსაზღვრა.

M: გუნდი როგორ შეკრიბეთ?

გუნდი რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით შედგა. პირველი იყო მასწავლებლების გამოცდილება, მათ მიერ შექმნილი ნამუშევრების ხარისხი და დისციპლინარულობა. შემდეგი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმი ის იყო, თუ რამდენად შეუძლიათ მასწავლებლებს ერთმანეთთან „შეთამაშება“ და როგორ შეძლებს მომდევნო კურსის მასწავლებელი, წინა კურსის მასწავლებლისგან გადაცემული ცოდნის გაღმავებას და მოსწავლეების სხვა კუთხით განვითარებას. ამჟამად ჩვენს გუნდში 13 მასწავლებელია, აქედან 5 ადამიანი Ableton Live-ს ასწავლის (მამუკა ცხადაია – Hamatsuki, სანდრო მიშელაშვილი – Marikhi, დავით იაშვილი – Reverie, თოკე ნიკოლაიშვილი – Toke, სანდრო პაპასკირი – Skyra), 4 მასწავლებელი (ლაშა მარგიანი – Hatsvali, კოტე ჯაფარიძე, დათა სულავა და Ash Scholem) მოსწავლეებს DJing-ის ცოდნას უზიარებენ. ასევე გვაქვს mixing-ის და post production-ის კურსი, რომლის მასწავლებელიც ირაკლი ბერიკაშვილია (Berika / Spacejam 92), ნინა ნოზაძე ასწავლით მუსიკის თეორიას, ხოლო სანდრო კოზმანაშვილი (Kozmana / VCVS) ხმის დიზაინის და უნიკალური ხმების მიღების სწავლებაზეა კონცენტრირებული. გარდა ამისა, მალე დავიწყებთ Hip-hop ფროდაქშენის კურსს, რომელსაც ბრიტანელი არტისტი Nathan Hudson წარუძღვება.

ფოტოს ავტორი: გიორგი ქორიძე

M: ვის შეუძლია თქვენთან სწავლა?

ჩვენთან ყველანაირი ცოდნის მქონე ადამიანს შეუძლია სწავლის დაწყება. ყველაზე საბაზისო და უმთავრესს კურსს, მუსიკის წარმოებას Ableton Live-ში, არანაირი ცოდნა არ სჭირდება და სწავლებას ნულოვანი დონიდან ვიწყებთ, ხოლო მაგალითად მიქსინგის კურსზე, უკვე არსებული მუსიკალური ნამუშევრის დამუშავების ტექნიკები ისწავლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს უკვე შექმნილი უნდა ჰქონდეს საკუთარი ნაწარმოები. საბოლოო ჯამში, ჩვენთვის მთავარია ადამიანს მუსიკის შექმნის სურვილი ჰქონდეს და მისთვის სასურველ კურსს სკოლაში აუცილებლად აღმოაჩენს.

M: თქვენთან მიღებული ცოდნით რას შეძლებს კურსდამთავრებული?

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებისთანავე ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თბილისის სხვადასხვა ვენიუებზე საზოგადოების წინაშე წარსდნენ და მათი ნამუშევრები მსმენელებს გაუზიარონ. რამოდენიმე მსგავსი ივენთი უკვე ჩატარდა კიდეც, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა თავიანთი ნამუშევრები შეასეულეს. ეს არ ვრცელდება მხოლოდ საქართველოზე. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ სკოლის მოსწავლეებმა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და მეგობრების ხელშეწყობით, სხვადასხვა ქვეყნებშიც შეძლონ თავიანთი ნამუშევრების წარმოჩენა.

ფოტოს ავტორი: გიორგი ქორიძე

M: რა გამოგარჩევთ ამავე პროფილის სხვა სასწავლებლებისგან?

სხვა მსგავსი სასწავლებლებისგან განსხვავებით, სკოლა პოტენციურ მოსწავლეებს მუსიკალური განათლების სრულ სპექტრს სთავაზობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკოლის მასწავლებლები ელექტრონული მუსიკის სცენის ძალიან ცნობილი და დაწინაურებული წარმომადგენლები არიან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს მოცემულობა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოა, რადგან მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მოწინავე არტისტებთან ხშირი კომუნიკაციით, უდიდესი გამოცდილება მიიღონ.

M: როგორ აპირებთ განვითარებას?

სკოლა ბევრ საინტერესო პროექტს გეგმავს. უახლოეს მომავალში დავამატებთ ჯაზის, Max for live-ის და მუსიკის შემსწავლელ სხვა მრავალ კურსს. ასევე, ვგეგმავთ შევქმნათ გრძელვადიანი პროგრამა, რომლის სილაბუსიც მუსიკის კიდევ უფრო სიღმისეულად შესწავლზე იქნება ორიენტირებული. გარდა ამისა, მოპალაპარაკებები დავიწყეთ სხვადასხვა ქვეყანასთან იმ საკითხზე, რომ მოსწავლეები აღმოსავლეთ ევროპიდან და ამიერ თუ იმიერკავკასიდანაც მივიღოთ. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, სწავლის პროცესს ინგლისურენოვანი მასწავლებლები წარმართავენ. ასევე, იგეგმება ივენთების სერიის საკუთარი რესურსებით ორგანიზება, რათა 303Hz საზოგადოების გონებაში მკაფიოდ ჩაიბეჭდოს, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი ბრენდი.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა