Nintendo აპირებს, Mario-ს რამდენიმე თამაში ინტერნეტიდან წაშალოს. სწორედ ამას უკავშირდება ის ფაქტიც, რომ ამ წლის 31 მარტი მარიოს სიკვდილის დღედ გამოცხადდა.
როგორც გახსოვთ, გასულ წელს ყველასათვის საყვარელ მარიოს 35 წელი შეუსრულდა. მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, Nintendo-მ მრავალი ახალი პროდუქტიც კი წარადგინა. მათ შორის, Super Mario Bros. 35, Game & Watch: Super Mario Bros. და ყველაზე პოპულარული Super Mario 3D All-Stars.
ამ მშვენიერ ამბავს მხოლოდ ერთი ნეგატიური გაფრთხილება ახლდა თან – ეს ყველაფერი 2021 წლის 31 მარტს უნდა დასრულდეს. კორპორაციას არანაირი ლოგიკური ახსნის მცდელობა არ ჰქონია იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გაქრეს აღნიშნული პროდუქტები ფიზიკური და ციფრული თაროებიდან. მან უბრალოდ გამოაცხადა დასრულების თარიღი და სულ ეს იყო.
ინტერნეტ სივრცე ყოველთვის სწრაფად ითვისებს სხვადასხვა სიახლეებს და ყველაფერი ვირუსულად ვრცელდება. ახლაც, 31 მარტამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, მარიოს სიკვდილთან დაკავშირებული უამრავი მემე გავრცელდა. თანაც, როგორც Google Trends იტყობინება, ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე ხშირად იძებნება “Mario Dies”… სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი შემდეგ კვირაში კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა Nintendo-ს გადაწყვეტილება კვლავ უცვლელია.
ვიდრე დრო გაქვთ, უბრალოდ გაიხსენეთ ძველი დრო და წუთიერი თამაშით პატივი მიაგეთ მარიოს!