in

რა არის თანამშრომლების 360-გრადუსიანი შეფასების სისტემა და როგორ ეხმარება ის ორგანიზაციას?

ხარისხიან და ეფექტურ ორგანიზაციას თანამშრომლები და ის გუნდი ქმნიან, ვინც ამ კომპანიას წარმოადგენს, ვინც ყოველდღიურად თითო აგურს დებს მის აშენებაში და ყურადღებითაა, რომ სადმე რამე არ გაფუჭდეს, თანამშრომლები იყვნენ კმაყოფილნი და ჰქონდეთ მუშაობის მოტივაცია. ამისთვის ორგანიზაციები ბევრნაირ მეთოდს იყენებენ, HR მენეჯერები მუდმივად ძიებაში არიან, თუ როგორ გააუმჯობესონ თანამშრომელთა მუშაობის ხარისხი და როგორ აუმაღლონ მათ მოტივაცია.

თანამედროვე მიდგომებიდან ერთი-ერთი საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული სისტემაა თანამშრომელთა 360-გრადუსიანი შეფასების სისტემა. მას მეორენაირად წრიულ სისტემას უწოდებენ და ის არის ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელიც ინდივიდუალურ თანამშრომელს საშუალებას აძლევს, უკუკავშირი მიიღოს როგორც ხელმძღვანელების, ისე კოლეგებისა თუ მასზე დაქვემდებარებული გუნდის წევრისაგან. როგორც ამ სფეროს სპეციალისტები ამბობენ, ეს სისტემა მუშაობს თანამშრომლების შეფასებაზე, მათი მუშაობის ხარისხსა და კომპეტენციაზე.

როგორ მუშაობს 360?

უმეტესად, იმ ორგანიზაციებში, რომლებიც ამ სისტემას იყენებენ, მოდელი შემდეგნაირადაა დალაგებული: თანამშრომელი არჩევს, თუ ვისგან სურს შეფასების მიღება და ამ სიაში აუცილებლად ხვდება ყველა იერარქიაზე მდგომი თანამშრომელი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მათგანის შეფასება თანაბარი წონის იყოს. მიღებულ შეფასებებს თავს მენეჯერი უყრის, შემდეგ კი საერთო შეხვედრაზე განიხილავს, თუ რას ფიქრობენ მასზე გუნდის წევრები, რა თვისებები იკვეთება, რა მოსწონთ და არ მოსწონთ და ა.შ. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მეთოდის გამოყენებისას შეფასება ანონიმურია და მხოლოდ მენეჯერი ხედავს, ანუ ადამიანი ისმენს შეჯამებულ შეფასებებს, თუმცა არ იცის, კონკრეტულად ვინ რა თქვა.

სისტემის მიზანია, რომ კომპანიამ იზრუნოს თანამშრომლის განვითარებაზე, იქნება ეს ანაზღაურების მომატება თუ კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარება.

რა უნდა გაითვალისწინოთ ამ სისტემის დანერგვისას?

თუკი მოგეწონათ 360-იანი შეფასების იდეა, ეს კარგია, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ის სწორად უნდა იქნას ჩატარებული და არ უნდა გასცდეს საზღვრებს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მკაცრად უნდა განისაზღვროს გამოკითხვის ჩატარების მიზანი: თანამშრომლის დაწინაურებაა მიზანი თუ კონკრეტული სამუშაოს გაუმჯობესებისთვის თუ სხვა. აქვე უნდა იყოს გათვალისწინებული, ვინ არიან შემფასებლები, თავად შემფასებლებმა კი უნდა იცოდნენ, რომ მათ სიტყვას დიდი ძალა აქვს, ამიტომ მაქსიმალურად ობიექტურნი და გულწრფელნი უნდა იყვნენ.

ეს ის ინფორმაციაა, რაც Marketer-ის გუნდმა მოვიკვლიეთ და მოგაწოდეთ, თუმცა მხოლოდ მოძიებულ მასალებს არ დავჯერდით და რამდენიმე კითხვით, კომპანიის „მეამა” ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელს, მარიამ მებურიშვილს მივმართეთ, რომელიც, როგორც გვითხრა, აქტიურად იყენებს შეფასების ამ სისტემას თავის ორგანიზაციაში:

M: მარიამ, გვითხარით 360-იანი შეფასების სისტემის შესახებ, თქვენ თუ იყენებთ და მის უპირატესობებზე გვესაუბრეთ…

360-იანი შეფასება ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა პროფესიული უკუკავშირის მისაღებად. სისტემა ფოკუსირებულია თანამშრომელზე, როგორც ინდივიდზე და მისი ეფექტური მუშაობის შეფასებაზე, უნარებზე და ზოგადად სამუშაო პროცესში თითოეული დასაქმებულის როლზე. 360-იანი შეფასების დროს თანამშრომელზე უკუკავშირს ვიღებთ ყველა იმ წყაროდან, რომელთანაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას უშუალო კავშირი აქვს. ამ სისტემის დროს თანამშრომელს აფასებს, როგორც პირადი ხელმძღვანელი, ასევე მისი გუნდის წევრები და ის თანამშრომლები, რომელთანაც ხშირი სამსახურებრივი კომუნიკაცია აქვს.

360-იანი შეფასებით უკეთ ვიგებთ თანამშრომლების საჭიროებებს, როგორც ინდივიდუალურ, ისე ორგანიზაციულ დონეზე. პრაქტიკაში აქტიურად ვსარგებლობ 360-იან შეფასებით, რადგან ის სრულად მორგებულია სამუშაო სპეციფიკაზე და ორიენტირებულია იმ მიზნის მიღწევაზე, რასაც ამ შეფასებით ველი. შეფასების ამ მეთოდს ძირითადად ვიყენებ იმ თანამშრომლებთან, ვინც მომსახურების სფეროშია დასაქმებული და ვისაც უშუალო შეხება აქვს მომხმარებელთან. მაქსიმალური შედეგის სრულად მისაღებად ჩვენ აქტიურად ვატარებთ, როგორც პროდუქტის, ასევე სერვისის ტრენინგებს. “მეამა”-ში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამშრომლების განვითარება და მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაა.

M: რა შეცვალა ამ სისტემამ თქვენს პრაქტიკაში?

შეფასების ამ მეთოდის დანერგვის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა თანამშრომლების ჩართულობა და მოტივაცია, უფრო კონკრეტულად ვიცით ჩვენი გამოწვევები და შესაბამისი მიმართულებით ვგეგმავთ ტრენინგებს თუ სხვა აქტივობებს.

M: რატომ ურჩევდით კომპანიებს, ვისაც ჯერ არ დაუნერგავს 360-იანი შეფასების სისტემა მის დანერგვას, რით არის ის განსხვავებული სხვა მიდგომებისაგან? 

ნებისმიერ კომპანიაში მიუხედავად მისი საქმიანობის სფეროსა და იქ დასაქმებული ადამიანების რაოდენობისა, თანამშრომლების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ მუდმივი უკუკავშირის სისტემა კრიტიკულად საჭიროა თანამშრომლების შრომის ეფექტურობის შესაფასებლად.

360-იანი შეფასების მეთოდის დამუშავებას საკმაოდ დიდი დრო და ყურადღება სჭირდება, რომ შესაბამისი შედეგი მივიღოთ. ის კომპანიის სამუშო პროცესებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე ირჩევა და ვფიქრობ, რომ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა დაიგეგმოს და შესრულდეს. ეჭვგარეშეა, რომ 360-იანი შეფასება გვაძლევს თანამშრომელზე სრულ სურათს და საშუალებას, უფრო ფართო ჭრილში დავინახოთ თითოეული დასაქმებული და მისი პოტენციალი.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ჩემი ფავორიტი 3 რეკლამა – გიორგი ქვლივიძე

„რებრენდინგმა რა ჰქმნა?!“ — ალფა დაზღვევას ახალი ბრენდინგი