in

“365 days of copy challenge“ – ყოველდღე 1 ახალი პოსტერი! სოლომონ წიწუაშვილი ფინიშთან ახლოსაა

Solomon’s Copy Shop ქოფირაითერ სოლომონ წიწუაშვილის ფეისბუკგვერდია, რომელიც პროექტის – “365 days of copy challenge-ის“ ფარგლებში შეიქმნა და გულისხმობდა, 1 წლის განმავლობაში, ყოველდღე, სხვადასხვა ქართულ და საერთაშორისო ბრენდებსა თუ აქტუალურ თემებზე პოსტერების შექმნას. დღემდე შექმნილი ყველა პოსტერი ინგლისურად არის, რადგან პროექტი არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ აუდიტორიაზეც იყო გათვლილი. ავტორს არცერთი დღე არ ჩაუგდია პრინტის გარეშე და „ჩელენჯის“ დაწყებიდან 357-ე დღეს, გთავაზობთ ინტერვიუს სოლომონ წიწუაშვილთან – “365 days of copy challenge-ის“ დაწყების მოტივაციაზე, ინსპირაციის წყაროებზე, გამოწვევის რთულ და ამასთანავე, სასიამოვნო პროცესსა და საერთაშორისო გამოხმაურებებზე:

BOG
BOG

M: რა გახდა 365 days of copy challenge-ის მიზეზი? რა იყო მოტივაცია?
შემოქმედებით ინდუსტრიაში მსგავსი „ჩელენჯები“ ძალიან მიღებული ფორმაა, საკუთარი სქილების გასავითარებლად. მეც მინდოდა, გამომეცადა ჩემი თავი, რეკლამა და ქოფირაითინგი ახალგაზრდობიდან მაინტერესებდა, ეს კი საუკეთესო გზა იყო, რომ გამეგო, რეალურად, რა შემეძლო. თავიდან, როდესაც „ჩელენჯს“ ვიწყებდი, არ ვიყავი დარწმუნებული, შევძლებდი, თუ არა ბოლომდე მიყვანას იმიტომ, რომ მანამდე არასდროს მიკეთებია პრინტები. თუმცა მაინც ვცადე და 1 თვის მერე მივხვდი, რომ აუცილებლად ბოლომდე უნდა მიმეყვანა, რადგან ბევრ ადამიანთან მქონდა უკვე პასუხიმგებლობა.M: რა სირთულეებს შეხვდი და ხვდები დღემდე, „ჩელენჯის“ დაწყებამდე თუ მუშაობის პროცესში?
პირველი და უმთავრესი სირთულე, რა თქმა უნდა, არის ყოველდღე ახალი იდეის მოფიქრება. თან ჩემი პრინციპია, რომ წინასწარ არასდროს არ ვფიქრობ და ვაკეთებ პრინტებს. სირთულეებს, ასევე, წარმოადგენს, რომ ყოველთვის არ მაქვს საკმარისი დრო, საუძვლიანად ვიფიქრო პრინტზე, ზოგჯერ საერთოდ ვერ ვხვდები ლეპტოპთან. მაგრამ ყველა სირთულეს მოვუძებნე გამოსავალი, დღეს უკვე ტელეფონითაც ვაკეთებ პოსტერებს.

M: რა ბენეფიტი მოგიტანა 365 days of copy challenge-მა, როგორც პროექტმა?
პირველ რიგში, საკუთარი თავის განვითარებისთვის არის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა რომ ვფიქრობ, ვერ ვიხსენებ, მანამდე რა მიკეთებია სისტემატურად 365 დღის განმავლობაში (სტანდარტულ ბუნებრივ მოთხოვნილებებს თუ არ ჩავთვლით). გარდა ამისა, ამ პროექტით ძალიან ბევრმა ადამიანმა გამიცნო, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთაც. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩელენჯი სავიზიტო ბარათად გამყვება ცხოვრების ბოლომდე. M: რა წარმატება ხვდა წილად შენს ინიციატივას? აუდიტორიის როგორი გამოხმაურება აქვს?
დღევანდელი მონაცემებით, ჩემს ფეიჯზე მყავს 13500-ზე მეტი „ფოლოუერი“, რომელიც სრულიად ორგანულად შევაგროვე, რეკლამის გარეშე. ამ რიცხვში არიან ადამიანები, მსოფლიოს 45 სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩემი ჩელენჯის შესახებ დაიწერა ძალიან ბევრ წამყვან საერთაშორისო ჟურნალში, მოვხვდი ისეთ საიტებზეც, როგორებიცაა: boredpanda და 9gag. ასევე, ჩემი პრინტები გააზიარა რამდენიმე საერთაშორისო კომპანიამაც, ყველაზე კარგად კი იგი ბერლინის ზოოპარკმა გამოიყენა.M: თავად თუ გაქვს ფავორიტი პოსტერი?
ძალიან რთულია ფავორიტი პოსტერის გამორჩევა, ყველაზე დიდი პოპულარობით ხინკლის პრინტი სარგებლობდა, თუმცა ჩემთვის, ალბათ, მაინც Air Canada-ს პრინტს გამოვყოფდი იმიტომ, რომ ეს პრინტი ყველაფერია, რაზეც აგებულია დღევანდელი ეფექტური კომუნიკაცია – იყო დროული, ძალიან აქტუალურ თემაზე და სხარტი. პრინტი გავაკეთე ზუსტად 10 წუთის მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტია.

M: როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი პროექტის შემდეგ და რა გამოწვევებს უმზადებ საკუთარ თავს სამომავლოდ?
ალბათ, გამიჭირდება ჩელენჯის გარეშე, თუმცა ცოტა ხანი აუცილებლად უნდა დავისვენო. თან მინდა, რომ გარკვეული სახით გავაკეთო პროექტის შეჯამება, მაგრამ ფორმაზე ჯერ არ მიფიქრია. მაქვს გარკვეული იდეები, თუმცა ამჯერად, ალბათ, გუნდური ჩელენჯი იქნება და არა – ინდივიდუალური, თუმცა ვნახოთ. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ცოტა ხანი დავისვენებ და ამ პერიოდში შეიძლება, ბევრი ახალი იდეაც დაიბადოს.M: პოსტერების გვერდზე გვითხარი – Solomon’s Copy Shop– ეს სახელი რატომ შეარჩიე და პროექტის შემდეგ რა ბედი ეწევა?
თავიდან, უბრალოდ, Solomon’s Copy ერქვა, შემდეგ Copy Shop-ად გადავაკეთე, უკეთესად ჟღერდა, თან Coffee Shop-ს ჰგავს, სადაც ადამიანი შევა და დროს გაიყვანს საინტერესო თემებით. გაგრძელებას რაც შეეხება, მაგაზე ჯერ არ მიფიქრია, მიტოვებით არ მივატოვებ, მაგრამ რა ფორმით გავაგრძელებ მაგასაც დასვენების პერიოდში მოვიფიქრებ.M: ამჟამად, რას საქმიანობ და რამდენად გამოგადგება პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება შენს საქმიანობასთან?
ამჟამად, ვმუშაობ HOLMES&WATSON-ში, თიბისი ბანკის Account Executive-ის პოზიციაზე. უკვე მაქვს ძალიან დიდი პორტფოლიო, რაც აუცილებლად დამეხმარება, სადაც არ უნდა წავიდე. თან როდესაც გკითხავენ, ყველაზე საამაყო ცხოვრებაში რა გაგიკეთებიაო, პასუხზე აღარ დავფიქრდები.

#აღმოაჩინე ამსტერდამი

„ჰოლო“- ქართული სტარტაპი, რომელიც ჰოლოგრამიან რეკლამას ქმნის