in

38 კითხვა, რომელიც გასაუბრებისას უნდა დასვათ

„გაქვთ ჩვენთან რაიმე კითხვა?“ — ეს თითქმის ყველა გასაუბრების ბოლოს შეიძლება გაიგოთ. აქ კი მნიშვნელოვანია, დაგეგმოთ, როგორ უპასუხებთ მას. მაგრამ იმის განსაზღვრა თუ რა ტიპის კითხვები დასვათ, თანაც, ისე, რომ უხერხულ სიტუაციაშიც არ აღმოჩნდეთ, საკმაოდ რთულია…

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამ შემთხვევაში ექსპერტები თავის მოსაზრებებს გვიზიარებენ. არტ მარკმენი, ოსტინის უნივერსიტეტის პროფესორი და ჯონ ლი, კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი, საუბრობენ, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ინტერვიუს ამ ნაწილს და კონკრეტულ კითხვებსაც გვიზიარებენ.

ფოკუსირდით ორ მიზანზე

მართალი ხართ, თუ ფიქრობთ, რომ ინტერვიუს ეს ნაწილი ორგანიზაციის შესაფასებლად და იმის გასაგებად უნდა გამოიყენოთ, რამდენად გინდათ ან არ გინდათ კონკრეტულ ადგილზე მუშაობა. დიახ, ამ კითხვების არსებობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ იმის განსაზღვრაა, რამდენად კარგი შესაძლებლობა იქნება ეს თქვენთვის.

რაც შეეხება მეორე მიზანს, უნდა დაამტკიცოთ, რომ კონკრეტული ადგილისთვის შესაფერისი კანდიდატურა ხართ. ეს საუბარი შემდეგი კითხვით შეგიძლიათ დაიწყოთ — რამდენიმე შეკითხვა მაქვს, მაგრამ სანამ დავიწყებ, შეიძლება, ერთი რამ ვთქვა?“. აქ საშუალება გექნებათ, თქვენს სასარგებლოდ ნებისმიერი რამ მოჰყვეთ… კარგი იქნება, თუ წინასწარ გადაწყვეტთ იმ ორ ან სამ საკითხს, რომელზეც ისაუბრებთ. ეს ხერხი კი მაშინაც გამოგადგებათ, თუ მათი კითხვები კონკრეტული ინფორმაციის გაზიარების საშუალებას არ მოგცემთ.

დასვით თქვენზე მორგებული კითხვები

აქ პერსონალიზება და ის სიტყვები, რომლებსაც კითხვის დასმის დროს იყენებთ, საკმაოდ მნიშვნელოვანია. თავი აარიდეთ ზოგად წინადადებებს, მაგალითად, კითხვა — როგორ გამოიყურება ჩვეულებრივი სამუშაო დღე, კითხვით — როგორი იქნება ამ თანამდებობაზე ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე?ჩაანაცვლეთ. მსგავსად, დამსაქმებელს თქვენი ამ პოზიციაზე წარმოდგენის საშუალებას მისცემთ. ამას ლი დიდ ფსიქოლოგიურ ხრიკადაც თვლის, რადგან მას შემდეგ, რაც დამსაქმებელი კონკრეტულ პოზიციაზე წარმოგიდგენთ, თქვენი შანსებიც მეტად გაიზრდება.

გააგრძელეთ საუბარი

ინტერვიუს ეს ნაწილი საუბრის გასაგრძელებლად უნდა გამოიყენოთ. დასვით კითხვები, რითაც უკეთ ჩაუღრმავდებით საკითხებს, რომლებიც უკვე ახსენეთ. შესაძლოა, ეს იმ მოვალეობაზე ლაპარაკი იყოს, რომელიც სამუშაოს აღწერაში მითითებული არ იყო, ან თუნდაც, პროექტი, რომელზე მუშაობაც მომავალში მოგიწევთ. ამ დროს მთავარია, საუბრის გაგრძელება ბუნებრივად მოახერხოთ და საჭირო ინფორმაციაც მიიღოთ.

რა კითხვები უნდა დასვათ გასაუბრების ბოლოს?

ექსპერტები კითხვებს კატეგორიების მიხედვით განიხილავენ, რომელთა პერსონიფიცირება და საჭიროებისამებრ გამოყენებაც შეგეძლებათ.

კითხვები კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებით

1. რას მოელით ჩემგან ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს?

2. რა არის ის მნიშვნელოვანი საქმეები, რაც პირველ 90 დღეში უნდა შევასრულო?

3. როგორია მუშაობის შეფასების პროცესი? ფორმალურად, რამდენად ხშირად შემაფასებენ?

4. რის მიხედვით შეაფასებთ ჩემს მუშაობას?

5. რომელია ის პროექტები, რომლებშიც სწრაფად უნდა ჩავერთო?

6. რამდენი ხნით ადრე მექნება… (მომხმარებლებთან შეხვედრა/ პასუხისმგებლობა ჩემს ანგარიშებზე/ ურთიერთობა სხვა დეპარტამენტებთან და ა. შ.)

კითხვები გუნდის შესახებ

7. რა უნარები აკლია გუნდს, რომლის შევსებასაც ახალი კადრის დაქირავებით აპირებთ?

8. რა გამოწვევებს შეიძლება შევხვდე ამ თანამდებობაზე?

9. როგორ ფიქრობთ, ჩემი მოვალეობები ამ თანამდებობაზე 6 თვიდან ერთ წლამდე პერიოდში შეიცვლება?

10. შეგიძლიათ, მომიყვეთ იმ გუნდის შესახებ, ვისთანაც უნდა ვიმუშაო?

11. ვისთან მექნება ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობა? სხვა რომელ განყოფილებებთან მომიწევს ურთიერთობა?

12. შეგიძლიათ მითხრათ ჩემი პირადი მოხსენების შესახებ? რა არის მისი ძლიერი მხარე და გუნდისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა?

კითხვები პოტენციური უფროსისთვის

თუ ინტერვიუერი თქვენი პოტენციური უფროსია, მას შემდეგი კითხვები უნდა დაუსვათ:

13. რამდენი ხანია, რაც კომპანიაში ხართ?

14. რამდენი ხანია, რაც მენეჯერის პოზიციას იკავებთ?

15. რა მოგწონთ ყველაზე მეტად აქ მუშაობაში?

კითხვები კომპანიის შესახებ

ხოლო აქ, მთავარია, გაითვალისწინოთ, რომ არ დასვათ ისეთი კითხვა, რომლის პასუხსაც Google-ში მარტივად იპოვით.

16. რა მიზნები აქვს კომპანიას ახლა და როგორ მუშაობს გუნდი მის მისაღწევად?

17. რა გაღელვებთ ყველაზე მეტად კომპანიის მომავალში?

18. როგორ აღწერდით კომპანიის ღირებულებებს?

19. რამდენად შეიცვალა კომპანია ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე?

20. როგორია კომპანიის ზრდისა და განვითარების გეგმები?

კითხვები კულტურის შესახებ

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ კომპანიაში არსებული კულტურის ცუდ მხარეებზე ისაუბროს, ან თქვას, რომ იგი არასასურველია. შემდეგი ირიბი კითხვები კი ამის გაგებაში დაგეხმარებათ.

21. როგორ ხვდებით თანამშრომლებს?

  • თუ დისტანციურად უნდა იმუშაოთ, კონკრეტულად ჰკითხეთ, როგორ ახერხებენ ისინი დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებისთვის კომპანიის კულტურის გაზიარებას.

22. სამსახურის დაწყების შემდეგ, როგორც წესი, რა უკვირთ თანამშრომლებს?

23. არის ისეთი რამ, რაც თანამშრომლებთან ურთიერთგაგების ჩამოყალიბებაში დამეხმარება და უნდა წავიკითხო?

  • ასე თქვენ მათ აცნობებთ, რომ გსურთ საერთო ინტერესები თუ კულტურული შეხედულებები იმ ადამიანებთან გქონდეთ, რომელთანაც მუშაობას აპირებთ.

24. რომელია თქვენი საყვარელი საოფისე ტრადიცია?

25. ჩვეულებრივ, რას აკეთებთ თქვენ და თქვენი გუნდი ლანჩის დროს?

26. სხვა დეპარტამენტებთან ან გუნდებთან ერთობლივ ღონისძიებებს ატარებთ?

27. რით განსხვავდება აქ მუშაობა იმ ადგილებისგან, სადაც აქამდე გიმუშავიათ?

28. როგორ შეიცვალა კომპანია მას შემდეგ, რაც თქვენ შეუერთდით?

კითხვები პროფესიული განვითარების, კარიერული გზებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

ექსპერტთა აზრით, ნებისმიერი ადამიანისთვის კარიერული განვითარება მნიშვნელოვანი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ისინი შემდეგი კითხვების დასმას გირჩევენ: 

29. სწავლისა და განვითარების რა შესაძლებლობები მექნება ამ პოზიციაზე?

30. პროფესიული თვალსაზრისით, რამდენად იზრდება გუნდი, რომლის ნაწილიც უნდა გავხდე?

31. არსებობს თუ არა ამ პოზიციიდან დაწყებული კარიერული ზრდის მაგალითები?

32. რა საერთო კარიერული გზები არსებობს ამ განყოფილებაში?

33. როგორ ხდება დაწინაურება?

34. როგორ გააგრძელეს კარიერა წარმატებულმა თანამშრომლებმა?

დასკვნითი კითხვები

35. არის თუ არა რამე ისეთი, რაც უნდა მეკითხა?

36. არის ისეთი რამ, რაზეც შემიძლია გიპასუხოთ?

37. რაიმეს უკეთ გაგება ხომ არ გსურთ ჩემს გამოცდილებასთან დაკავშირებით?

38. რა იქნება შემდეგი ნაბიჯები?

კითხვები, რომლებიც არ უნდა დასვათ

  • რა იქნება საწყისი ხელფასი?
  • შეგიძლიათ მითხრათ თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ?
  • როგორია თქვენთან ანაზღაურებადი შვებულების პოლიტიკა?

ამასთან, უნდა მოერიდოთ ისეთი კითხვების დასმას, რომელიც საუბრის შეჯამებისა თუ დასრულებისკენ მიდის, მაგალითად, ანუ, მე ამიყვანეთ?, ეს ნაკლებ თავდაჯერებულობაზე მეტყველებს და თითქოს იმაზეც, რომ ინტერვიუს პროცესს პატივს არ სცემთ.

აქვე, თავი შეიკავეთ ისეთი კითხვების დასმისგან, რომლებზე პასუხიც ინტერვიუმდეც შეიძლებოდა გაგეგოთ… ამისთვის, ნებისმიერ კომპანიაზე თუ სამსახურზე კვლევა წინასწარ უნდა ჩაატაროთ.

დაბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კითხვების დასმა თქვენი დასაქმების შანსებსაც ზრდის. კარგი იქნება თუ თქვენთვის სასურველ საკითხებს ფურცელზე ან ტელეფონში ჩაიწერთ… თუმცა, შესაძლოა, ყველა მათგანის დასმის შესაძლებლობა არ მოგეცეთ. ამიტომ, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ სამუშაო შეთავაზების მიღების შემდეგ ამისთვის საკმარისი დრო გექნებათ.

წყარო: HBR



აი, როგორ მუშაობს შიდა საბანკო პროდუქტების მხარდაჭერის ჯგუფის ხელმძღვანელი

როგორ ეხმარება ძილი ტვინს ემოციების მართვაში? — კვლევა