ეს კლასიკურ ადამიანურ ფენომენს ჰგავს, რომელშიც მეგობრებით ვართ გარშემორტყმულნი, თუმცა უცბად მარტო ვრჩებით… რაღაც ასეთი მოხდა გალაქტიკაში 9.2 მილიარდი წლის წინ, ყოველ შემთხვევისთვის, მეცნიერები ასე გვეუბნებიან. ადრეული სამყაროს გალაქტიკა 3C 297 სულ მარტოა, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო სულ მცირე 100 გალაქტიკა მაინცაა, რომელთაგანაც ზოგიერთი ირმის ნახტომის ზომისაც კი შეიძლება იყოს…
Chandra-ს ობსერვატორიაში მიღებული მონაცემების თანახმად, ეს გალაქტიკა რადიაციის წყაროა, მასპინძლობს კვაზარს, აქტიურ გალაქტიკურ ბირთვს, რომელიც მოიცავს სუპერ მასიურ შავ ხვრელს და შთანთქავს მატერიას ისე ჩქარა, რომ სამყაროში ყველაზე კაშკაშა სინათლესაც კი გვთავაზობს…
მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ კვაზარის გალაქტიკის გარდა, აქ სხვებიც უნდა ყოფილიყო, ამიტომ Gemini-ს ობსერვატორიის მონაცემებიც გამოიყენეს. დადგინდა, რომ მასთან ახლოს ორ განზომილებაში 19 გალაქტიკა იყო. თუმცა მათთან დისტანცია დიდად განსხვავდება 3C 297-სგან, თან არც კოსმოსის ამ რეგიონს ეკუთვნის…. დიახ, ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კვაზარის გალაქტიკა სულ მარტოა.
არსებული მოსაზრებების მიხედვით, 3C 297 გიგანტური კლასტერის შერწყმის შედეგია, რომელიც „ნარჩენების ჯგუფად“ არის ცნობილი. აქ კლასტერების ნარჩენები იგულისხმება, რომლებიც ერთ ობიექტად ერთიანდება. საინტერესოა ისიც, რომ კონკრეტული გალაქტიკა ყველაზე ძველი „ნარჩენების ჯგუფად“ წოდებული ობიექტია, რომელიც ასტრონომებს აქამდე აღმოუჩენიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ შერწყმა იმაზე უფრო ადრეც შეიძლება მოხდეს სამყაროს სიცოცხლის ციკლში, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.
„რთულია, ავხსნათ, როგორ შექმნა სამყარომ ეს სისტემა დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 4.6 მილიარდ წელში… ეს კოსმოლოგიის იდეებს არ ამსხვრევს, მაგრამ იმ საზღვრების გარღვევას იწყებს, თუ რამდენად სწრაფად ჩამოყალიბდა გალაქტიკები და მათი კლასტერები“, — განმარტავს მიშა შირმერი, ასტრონომი.