13
May
2019

უკრაინელმა 3D არტისტმა “ქვიქტესტის” შენობა მოხატა

13 May 2019

სტრიტ არტი თბილისში სულ უფრო აქტუალური ხდება. წლების წინ, კედლებზე მიწერილი “ანო+ვანო=შ”, “მზე” და სხვა წარწერები ლამაზმა ნახატებმა შეცვალა. ეტაპობრივად კი, სტრიტ არტი მარკეტინგული კომუნიკაციის ნაწილიც გახდა. იმისათვის, რომ ბაზარზე გამოირჩეოდნენ, კომპანიები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ქუჩის მხატვრობას. სტრიტ არტისტებს აქვთ სტილი, ინდივიდუალური ხელწერა და სხარტად და შემოქმედებითად შეუძლიათ გზავნილის საზოგადოებამდე მიტანა. ხშირად, მათი გზავნილი სწრაფად ვრცელდება სოციუმში – ორგანზომილებიან სივრცეზე შექმნილი კომპოზიცია მნახველის თვალს იტაცებს და უჩენს სურვილს, ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილება, სოციალური ქსელების საშუალებით, სხვებსაც გაუზიაროს. ქუჩის მხატვრობით ბევრი ქართველი ხელოვანი ინტერესდება. არაერთმა მათგანმა უკვე დაიმკვიდრა თავი საერთაშორისო ასპარეზზე. თავის მხრივ, საქართველო საერთაშორისო სტრიტ არტისტების ინტერესის ობიექტი გახდა. ცოტა ხნის წინ, თბილისს უკრაინელი მხატვარი ალექს მაქსიოვი ეწვია. ხელოვანმა 3D არტით ტექინსპექტირების ცენტრ “ქვიქტესტის” კედლები მოხატა.

 

ალექს მაქსიოვი ერთ-ერთი პირველი 3D სტრიტ არტისტია უკრაინაში. თითქმის 30 წელია ხატავს. კედლის მხატვრობით კი, ცხრა წლის წინ დაკავდა. ამ დროის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა გერმანიაში, იტალიაში, ბელარუსსა და რუსეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსებში. “ქვის ჯუნგლები” – ასე ჰქვია ალექს მაქსიოვის ნამუშევარს, რომელიც მის პირველ ნამუშევრად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში. ნახატი მეგაპოლისისა და ჯუნგლების ელემენტებს აერთიანებს, რითაც ნახატის კონცეფცია, არტისტის თქმით, თავად კომპანიის საქმიანობას ეხმიანება.

“კომპანიას სურდა რაღაც განსაკუთრებული შემექმნა. კონცეფციაში სრულიად თავისუფალი ვიყავი. ეს კი არაჩვეულებრივია, რადგან ასეთ დროს დამკვეთი არტისტისგან საუკეთესოს ღებულობს. დავალების მიხედვით, “ქვიქტესტის” ორ კედელზე უნდა გამეკეთებინა ანამორფული გრაფიტი ან 3D ნახატი. ორივე კედელს ჰქონდა ფანჯრები და კარი, რაც საქმეს ართულებდა. ამიტომაც, მომიწია ნახატის დიზაინი მათი განლაგებისთვის მომერგო. ვიზუალის ფორმირებაც აქედან დაიწყო. გეომეტრიულმა კომპოზიციამ ქვის ჯუნგლები მომაგონა. გადავწყვიტე ნამუშევარში ცხოველები და ჩანჩქერი დამემატებინა. ამგვარად, ნახატზე გამოსახულ უსიცოცხლო შენობებს სიცოცხლე შევმატე. ეს სიმბოლურად კომპანიის პოლიტიკასაც პასუხობს, რომელიც მანქანებში მავნე გამონაბოლქვის შემცირებაზე მუშაობს” – ამბობს ალექს მაქსიოვი.

არტისტის თქმით, ეს მისი პირველი პროექტია საქართველოში: “დიდებული ქვეყანაა, ძალიან კარგი და გონებაგახსნილი ადამიანებით. ვიმედოვნებ, კიდევ ჩამოვალ.”

კომპანია “ქვიქტესტი” ტექინსპექტირების ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. კომპანიის ფილიალები, საქართველოს მასშტაბით, 4 ქალაქშია განლაგებული: თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. ავტოინსპექტირების ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დაჯავშნოს ვიზიტი ნებისმიერ ფილიალში, როგორც ტელეფონის, ისე ვებგვერდის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად – www.quicktest.ge/register

[R]

განხილვა