in

ევროპაში 3D ბეჭდვის ტექნიკით შენობას ააგებენ

თუ გავიხსენებთ იმას, რომ დუბაიში მალე მსოფლიოში პირველი 3D პრინტერით მიღებული მეჩეთი გაიხსნება და სასტუმრო ტეხასის უდაბნოში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3D ბეჭდვის ტექნოლოგიამ უკვე დიდი გზა გაიარა. ამაზე ისიც მოწმობს, რომ ამჯერად 3D ბეჭდვის ტექნიკით ევროპაში ააგებენ შენობას, კერძოდ, ჰაიდელბერგში, გერმანიაში. მართალია, პროექტის სახელი ჯერ არ ვიცით, მაგრამ იგი ტალღოვანი ექსტერიერით იქნება წარმოდგენილი — ტექსტურით, რომელიც სავარაუდოდ, ზღვის ნიჟარის მსგავსი იქნება.

COBOD BOD 2-ის პრინტერმა 54 მეტრი სიგრძის, 10 მეტრი სიგანისა და 9 მეტრი სიმაღლის სტრუქტურა დაბეჭდა. ისევე, როგორც სხვა მსგავსი ნაგებობები, ესეც ცემენტის მსგავსი ნაზავით იქნება შექმნილი, რომელიც ფენებად არის დატანილი. კონკრეტული სივრცე კი მონაცემების ცენტრი უნდა იყოს, რომელიც ღრუბელზე დაფუძნებულ ინფრასტრუქტურას უმასპინძლებს… 

ფიქრობენ, რომ ამ შენობის აგებას მთლიანობაში 140 საათი დასჭირდება და პროცესის მონიტორინგისთვის ადგილზე მხოლოდ 2 მშენებელი დასჭირდება. შემდგომ კი მშენებლებს სახურავის, კარებისა და გაყვანილობის დამონტაჟება, ამასთან, ინტერიერზე ზრუნვა დაევალებათ. აქ არც ეკომეგობრულობის საკითხი დავიწყებიათ და როგორც ამბობენ, მასალა გადამუშავებადი იქნება, ნახშირბადის ემისიები კი, სტანდარტულ ცემენტის ობიექტთან შედარებით, 55%-ით შემცირდება.

პროექტის განხორციელებაზე უძრავი ქონების სააგენტო Kraus Gruppe, 3D ბეჭდვის კომპანია Peri 3D Construction, არქიტექტურული სააგენტო SSV Architekten და დაგეგმარების ოფისი Mense-Korte Ingenieure + Architekten & DAW ზრუნავენ.

თბილისში Fine dining-ის სტილის რესტორანი გამოჩნდა

SMH ის ორგანიზებით თბილისში, ყველაზე მასშტაბური გლობალური iGaming სამიტი – SBC Summit გაიმართება