ძაღლებს ასაკის მატებასთან ერთად სხვადასხვა დაავადება აწუხებთ, მათ შორისაა ართრიტი, დისპლაზია, დამბლა… ეს კი მათ გადაადგილებაში უშლის ხელს და, თავის მხრივ, ფსიქოლოგიური სტრესის გამომწვევი ფაქტორიც ხდება. ამიტომ, ამჯერად 3D პრინტერს ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის ეტლის შესაქმნელად იყენებენ.
მართალია, კონკრეტული აქსესუარები აქამდეც არსებობდა, მაგრამ ძაღლებისთვის მათთან შეგუება საკმაოდ რთული იყო. ძაღლების ეტლი Alive კი, 3D ტექნიკით, თქვენი ძაღლის სხეულის მონაცემებისა და საჭიროებების მიხედვით შეიქმნება.
ეტლზე დიზაინერმა მარტინ ტსაიმ იმუშავა და მან მიზნად სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიებით ძაღლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაისახა.
„ძაღლის სხეულის მონაცემებს 3D სკანირებით ვიღებთ, მსგავსად კი ეტლი მათზე მეტად მორგებული და კომფორტული ხდება. Alive მსუბუქია და ნულოვანი ნარჩენების წარმოების პროცესით იქმნება, სადაც თითოეული ნაწილი 3D პრინტერით არის დაბეჭდილი“, — ამბობს დიზაინერი მარტინ ტსაი.
მომხმარებლებს კი როგორც ოთხბორბლიანი, ისე ორბორბლიანი ეტლების შეძენა შეუძლიათ, რომელთაც ძაღლს საჭიროებების მიხედვით მოარგებენ.