3D პრინტერის პოპულარობა დღითიდღე მზარდია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტექნოლოგიამ საკუთარი დიზაინის სამოსისა, თუ აქსესუარების დამზადება გაამარტივა, ჩვენ მაინც ვყიდულობთ სამოსს დახლებიდან (შესაძლოა, მომავალში ეს პრაქტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალოს). მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) მკვლევარები მუშაობენ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს საკუთარი, ან ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებული დიზაინის ნაქსოვი პროდუქცია შექმნას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქსოვი ძაფი ერთხელაც არ სჭერია ხელში.
MIT-ის კომპიუტერული მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიამ (CSAIL) ორი პროექტი გამოაქვეყნა. ერთ-ერთს InverseKnit ჰქვია. ის ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით მუშაობს და ავტომატურად ქმნის პროდუქტს, ნაქსოვი პროდუქციის ფოტოზე დაყრდნობით, მეორეს კი CADKnit ჰქვია და მისი საშუალებით ქსოვის, ან დიზაინის გამოცდილების არ მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ ესკიზები შექმნან, მიუთითონ სასურველი ზომა და დაამატონ დეტალები. აღნიშნული პროექტების გამოყენება საქსოვი მანქანის შექმნის კუთხით იგეგმება. მათი კომერციალიზაციის შემდეგ კი, ერთი მხრივ, გამარტივდება იმ ბიზნესების ფუნქციონირება, რომლებიც ნაქსოვ პროდუქციას აწარმოებენ, მეორე მხრივ კი, კერძო პირებისთვის, გაჩნდება საკუთარი დიზაინის სამოსის ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნის შესაძლებლობა.
InverseKnit-ის შესაქმნელად მეცნიერებმა საქსოვი პატერნების მონაცემთა ბაზა შექმნეს – გამოსახულებები, რომლითაც ხელოვნური ინტელექტის გაწვრთნა გახდა შესაძლებელი. ტესტირებისას InverseKnit-მა 94%-იანი აკურატულობა აჩვენა, თუმცა, სანამ ამ ტექნოლოგიის კომერციალიზაცია მოხდება, მისი დახვეწა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მაგალითად, მოწყობილობამ გამოიყენა ერთი სახეობის ძაფი, დასადგენია, როგორ მუშაობს ის სხვა ტიპის ძაფებთან (რამდენად ეფექტურად შექმნის ქსოვილს). რაც შეეხება CADKnit-ს, ის არის 2D ფოტოებისა და ფოტოს დამუშავების პროგრამის კომბინირება. მისი საშუალებით ხდება ესკიზების შეთავაზება და ახლის შექმნა.