შანხაის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მკვლევრებმა ოპტიკური შესანახი მოწყობილობა შეიმუშავეს, რომელსაც DVD-ის მსგავსი ფორმა და ზომა აქვს. თუმცა მოცულობის თვალსაზრისით დიდი სხვაობაა — ამ უახლეს მოდელს 1.6 პეტაბიტის მონაცემების შენახვა შეუძლია, რაც დაახლოებით 200 000 გიგაბიტია.
მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ერთი ახალი მოწყობილობა 40 000-ზე მეტ DVD-ს ჩაანაცვლებს… როგორც IEEE Spectrum იუწყება, ეს დაახლოებით 4000-ჯერ აღემატება Blu-Ray-ის მონაცემთა სიმკვრივეს და დაახლოებით 24-ჯერ ამჟამად ხელმისაწვდომ ყველაზე მაღალი ტევადობის მყარ დისკებს.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მათი გამოგონება მნიშვნელოვნად შეამცირებს მონაცემთა ცენტრების ზომას, რომლებიც კვლავ დიდწილად მყარ დისკებს ეყრდნობა. რაც მთავარია, მათი მტკიცებით, ამ ახალი მოწყობილობის შექმნას რაღაც განსაკუთრებული პროცესი არ სჭირდება — სანაცვლოდ, DVD-ის მასობრივი წარმოების ანალოგიურია; ერთი დისკის შემუშავებას მხოლოდ 6 წუთი სჭირდება.
საგულისხმოა, რომ მონაცემების ერთ ფენაში შენახვის ნაცვლად, მათი 100 ფენაში გადანაწილების გზას მიაგნეს. როგორც გასულ კვირას ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში იყო აღწერილი, მონაცემები ასევე ჩაწერილია „ლაქებზე“, რომელთა დიამეტრი მხოლოდ 54 ნანომეტრია. ამავდროულად, მონაცემების ჩასაწერად მკვლევრები ნანომეტრის მასშტაბის ლაზერს ეყრდნობიან — შესაბამისად, მონაცემები გაცილებით მცირე ადგილს იკავებს.
სინათლისადმი მგრძნობიარე მასალა AIE-DDPR-ს, რომელიც ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა, 10-წლიანი ძალისხმევის შემდეგ მიაკვლიეს. ახლა კი ოპტიკური დისკების კომერციულ წარმოებაზე ფიქრობენ, რითაც შეიძლება ბევრი კომპანია დაინტერესდეს.