17
May
2019

3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

17 May 2019

პროექტი QVEVRI.XYZ საერთაშორისო აგრო კონკურსის Future Agro Challenge გამარჯვებულია – დავით მიზანდარის გუნდი 3D პრინტერზე დაბეჭდილი ქვევრის იდეას, უკვე მეორე ეტაპზე, საბერძნეთში, 7-11 სექტემბერს წარადგენს.

 

QVEVRI.XYZ-ის იდეა, დაახლოებით, 1 წლის წინ გაჩნდა, ორ თვეში კი 3D პრინტერზე პირველი ქვევრი დაიბეჭდა. პროექტის ავტორები: დავით მიზანდარი, ნიკა გუჯეჯიანი, გიორგი მამასახლისი.

„საბერძნეთში FAC Global Championship ტარდება. იქ უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თითო გამარჯვებული გუნდი წარდგება. ანუ ვინც პირველ ეტაპზე, თავის ქვეყანაში გაიმარჯვა, სექტემბერში, აგრო სექტორთან დაკავშირებულ საკუთარ ინოვაციურ იდეებსა და პროექტებს კონკურსის მერეო ეტაპზე წარადგენს. სულ 80 გუნდი იქნება და მათ შორის გამოავლენენ გამარჯვებულს. ჩვენი გუნდი, საბერძნეთში, რა თქმა უნდა, 3D პრინტერით დაბეჭდილ ქვევრს წარადგენს“, – ამბობს დავით მიზანდარი.

მისივე თქმით, გამარჯვება გუნდისთვის ყოველთვის დიდი სტიმულია.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოგვეცა შანსი, რომ საერთაშორისო დონეზე წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვევრი, თუმცა სულ სხვა ჭრილში, არა როგორც პრობლემების გადაჭრა, არამედ ახალი მიდგომების და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. თითქმის, ერთი წელი გავიდა პირველი 3D ქვევრის შექმნიდან, თუმცა მის მერე კიდევ უამრავი შრომა გავწიეთ – ამ ეტაპზე დავასრულეთ ღვინის ბუკეტის შესაქმნელად და დიდი ხნით შესანახად იდეალურ ქვევრის ტექ – პარამეტრების დადგენა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად და მაღალი ხარისხის ბიო – ღვინის ბაზრის შესწავლა, განვსაზღვრეთ ძირითადი მოთხოვნები, დავგეგმეთ ასეთი ქვევრის წარმოების სტანდარტი და რაოდენობა. შესაბამისად, დაპროექტდა სრული საწარმოო ხაზი, თიხის მომზადებიდან გამოწვის ღუმელის ჩათვლით, რომლიც სრული კომპიუტერული მართვით იქნება წარმოდგენილი“.

კონკურსი Future Agro Challenge გლობალური ინიციატივაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ეძებს ინოვატორებს აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით. სხვადასხვა ქვეყანაში გამარჯვებული გუნდები, უკვე მეორე ეტაპზე, FAC Global Championship-ზე ეჯიბრებიან ერთმანეთს. კონკურსანტებს, იქ იქ მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან ექნებათ წვდომა.

წელს Future Agro Challenge საქართველოში პირველად ჩატარდა. კონკურსის მხარდამჭერები იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, თბილისის სტარტაპ ბიურო და კომპანია „ბილაინი“. ჰაკათონში სულ 8 გუნდი მონაწილეობდა, სწორედ მათ შორის გაიმარჯვა დავით მიზანდარის გუნდმა პროქეტით QVEVRI.XYZ.

 

განხილვა