in

პაციენტს 3D პრინტერით დაბეჭდილი ყური წარმატებით გადაუნერგეს!

ყური უშუალოდ პაციენტის უჯრედებისგან შედგება

The New York Times-ის ცნობით, 3DBio Therapeutics-ის მეცნიერთა ჯგუფმა პაციენტს წარმატებით  გადაუნერგა 3D პრინტერით დაბეჭდილი ყური. თანაც, ყური უშუალოდ პაციენტის უჯრედებისგან იყო დამზადებული.

M2
M2

ექსპერტების აზრით, ეს პირველი შემთხვევაა ქსოვილების ინჟინერიის სფეროში, რომელიც რეგენერაციული მედიცინის ახალ ეპოქას მოასწავებს. „ეს ნამდვილად დიდი საქმეა, რადგან გვიჩვენებს, რომ ტექნოლოგია აღარ არის „თუ“, არამედ როდის“. ყველაფერი დროის საქმედ იქცა“, — აღნიშნავს მელონის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მკვლევარი, ადამ ფაინბერგი.

პაციენტი 20 წლის ქალი იყო, რომელიც პატარა და დეფორმირებული ყურით დაიბადა, იშვიათი თანდაყოლილი მდგომარეობის გამო, რომელსაც მიკროტია ეწოდება. მიმდინარე წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის ფარგლებში კი ექსპერტებმა ახალი 3D ყური დაბეჭდეს, რათა იდეალურად მორგებოდა პაციენტს. თანაც, კომპანიაში აცხადებენ, ყური ზრდას განაგრძობს და ახალ ხრტილოვან ქსოვილს შექმნის.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეცნიერებმა პაციენტისგან აღებული უჯრედები გამოიყენეს — თუ დავკონკრეტდებით, ნახევარი გრამი უჯრედები, საკუთარი ტექნოლოგიის გამოყენებით, მილიარდობით უჯრედად გარდაქმნეს. შემდეგ სპეციალურმა 3D პრინტერმა კოლაგენზე დაფუძნებული „ბიო-მელანი“ გამოიყენა, საბოლოო შედეგის მისაღებად.

„როგორც ექიმი, რომელიც მიკროტიით დაავადებულ ათასობით ბავშვს ვმკურნალობ, შთაგონებული ვარ იმით, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ტექნოლოგია მიკროტიით დაავადებულთათვის და მათი ოჯახებისთვის,” — ამბობს არტურო ბონილა, ქირურგი, რომელიც ოპერაციას ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ეს კვლევა ყურის აღდგენის ამ ახალი პროცედურის უსაფრთხოებისა და ესთეტიკის შესწავლის საშუალებას იძლევა.

საგულისხმოა, რომ შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, რადგან რადგან კლინიკური კვლევა, რომელშიც 11 პაციენტი მონაწილეობს, ჯერ კიდევ გრძელდება. ახლა 3DBio Therapeutics იმედოვნებს, რომ იგივე ტექნიკას გამოიყენებს სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის მალთაშუა დისკებსა და ცხვირზე. თუმცა სხეულის უფრო რთული ნაწილების დაბეჭდვა, როგორიცაა ორგანოები, ბევრად  კომპლექსური ამოცანაა, ვიდრე ყურის დაბეჭდვა…

HONOR-მა სმარტფონების ახალი სერია HONOR X წარმოადგინა

ŠKODA-ს მწვანე მომავლის სტრატეგია და ეკოლოგიურად სუფთა ENYAQ iV