in

MENU.GE – 3 წლის, 3 ქვეყანაში, 3 მილიონი დოლარის ინვესტიციით!

Menu group-მა მიიღო 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია აშშ-ს ფონდებიდან – Perea Capital, Hayastan 1 და ლატვიური SOLventures-გან. Menu Group საქართველოში Menu.ge-ს სახელითაა წარმოდგენილი და დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, 4 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში უზრუნველყოფს ადგილზე მიტანის მომსახურებას. საინტერესოა, როგორ აისახება აღნიშნული ინვესტიცია კომპანიის საქმიანობაზე, კონკრეტულად კი, საქართველოს შემთხვევაში, რა სიახლეები ელის მომხმარებელს კომპანიის მიერ ინვესტიციის ათვისების შემდეგ. ამ საკითხებზე მარკეტერს Menu.ge-ს აღმასრულებელი დირექტორი – სტეპან ასლანიანი ესაუბრა:


M:
როგორი იყო ინვესტორებისა და თქვენი ორმხრივი დაინტერესება?
კომპანია ხშირად ახორციელებს მოლაპარაკებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საინვესტიციო ორგანიზაციებთან და ფონდებთან. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ფონდებთან, რომლებთანაც გავაფორმეთ ხელშეკრულება, გვქონდა სტრატეგიებისა და ინტერესთა თანხვედრა.  ჩვენი თანამშრომლობა, მნიშვნელოვანწილად,სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა.

M: როგორ აისახება კომპანიის საქმიანობაზე აღნიშნული ინვესტიცია? რა მიმართულებით იგეგმება ცვლილებები?
ინვესტიცია დაიხარჯება ძირითადად IT სერვისების გაუმჯობესებაზე, ეს სტრატეგია მოიცავს სამივე ქვეყანას. გაუმჯობესდება აპლიკაციები, როგოც ჩვენი კლიენტებისათვის, ასევე, ჩვენი პარტნიორი ობიექტებისთვის. გადავალთ შეკვეთის მთლიან ავტომატიზაციაზე, ეს კი ახალ საფეხურზე აგვიყვანს. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ექსპერტების მობილიზებაზე სხვადასხვა ქვეყნიდან, ვისაც აქვს კარგი გამოცდილება სამომხმარებლო სერვისში,  ავტომატიზაციასა და IT ინფრასტრუქტურაში. ასევე,ვმუშაობთ ლოჯისტიკის მიმართულებით შესაბამისი გამოცდილების მქონე გუნდთან, მათემატიკური გადაწყვეტილებების სწორედ გამოყენების მიზნით. ჩვენ ვგეგმავთ, შევქმნათ ისეთი ხელოვნური ინტელექტის მქონე პროგრამები რომლებიც განსაზღვრავს საცობებს, მოკლე გზებს, გამოიყენებს წარსულ გამოცდილებებს და არსებული ინფორმაციის მეშვეობით დაგეგმავს სწრაფ გადაადგილებას. რა თქმა უნდა, ხშირად გვქონდა ტრენინგები, თუმცა, სტრატეგიის ფარგლებში, გვექნება დამატებითი ტრენინგები მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

M: რას შეცვლის ინვესტიცია კონკრეტულად, Menu.ge-ს შემთხვევაში?
თუ შევხედავთ იმ კუთხით, რა შეიცვლება საქართველოში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან მიტანის საშუალო დრო შეადგენს 50-55 წუთს, რითაც არც ისე კმაყოფილები ვართ. უკვე გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, დღითიდღე ვამცირებთ მიტანის დროს. ეს უკავშირდება როგორც ტექნოლოგიურ ცვლილებებს სისტემებში, ასევე, კურიერთა რაოდენობის გაზრდას და თანამშრომლებს, რომლებიც დაკავებული არიან ამ საკითხებით. ამ მომენტისთვის, გვაქვს ვაკანსიები სხვადასხვა პოზიციაზე. სწრაფად ვიზრდებით და შესაბამისად, კადრებზე რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი მოთხოვნა იზრდება. ვფიქრობთ, დაახლოებით 40-50 ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით, რის შემდეგაც, საქართველოში 200 ადამიანზე მეტი ადამიანი იმუშავებს ჩვენთან.

M: გარდა არსებულ ბაზრებზე პოზიციების გამყარებისა და მომსახურების ხარისხის ზრდისა, იგეგმება თუ არა ცვლილებები გეოგრაფიული გაფართოების კუთხით?
ჩვენი მიტანის სერვისი ფუნქციონირებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. უახლოესი თვეების განმავლობაში, ჩვენი ფოკუსი მიმართული იქნება არსებულ პოზიციებზე სერვისის გაუმჯობესებაზე, სრულყოფასა და გამყარებაზე. ეს დაუკავშირდება, ერთის მხრივ, სერვისის გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ, ჩვენი კლიენტებისათვის მეტი არჩევნის მიცემას, ახალი რესტორნებისა და სპეციალიზირებული მაღაზიების სახით. ჩვენი მიზანია menu.ge იყოს მეტად მოსახერხებელი, მეტად სწრაფი, მეტად ტექნოლოგიური,  შემდეგი წლისთვის კი ვგეგმავთ გაფართოებას სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში. ჩვენი გლობალური სტრატეგია არის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მეშვეობით, შევიდეთ მსოფლიოს მასშტაბით 10 საუკეთესო Food Tech კომპანიათა ჩამონათვალში.

[R]

მარტოობა ჯობია ისეთ მეუღლეს, ვინც კარიერულ წინსვლაში ხელს არ შეგიწყობს

დღეს თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი იხსნება