14
ივნ
2018

4 რჩევა სასტუმროს შემოსავლების გასაზრდელად

14 ივნ 2018

ბოლო წლებში, შემოსავლების მენეჯმენტი, როგორც ცალკე მიმართულება, სულ უფრო პოპულარული ხდება. მაგრამ ყველა სასტუმროს მეპატრონე როდის სარგებლობს ამ „ბენეფიტით“?! შემოსავლების ჭკვიანურად მართვა ერთ-ერთი სტრატეგიული გზაა, რომ ობიექტმა ეფექტურად იმუშაოს და მისი თვითღირებულება გაიზარდოს.

როგორც წესი, შემოსავლების მენეჯმენტი, კომპიუტერულ მეცნიერებას ეყრდნობა და მონაცემთა ტექნოლოგიურ დამუშავებას გულისხმობს. ამ ოპერაციის მთავარი მიზანია, ხელმძღვანელობამ და დამფუძნებლებმა დაინახონ, რეალურად, როგორ მუშაობს სასტუმრო, რა შემოსავალი, ხარჯი და მოგება აქვს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, დროთა განმავლობაში, შემოსავლების მართვა ფასთწარმოქმნისა და ოთახების გაქირავების უბრალო ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს ცდება და ეფექტური მენეჯმენტისთვის საჭიროა კონკრეტული სტრატეგია.

აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ:

გაცდით სასტუმროს კედლებს! 

შემოსავლების მენეჯმენტი სასტუმროს სხვადასხვა განყოფილებას ეხება – მარკეტინგის დეპარტამენტით დაწყებული, გაყიდვების ოპერაციული ჯგუფით დამთავრებული. შემოსავლების მენეჯერები დღეს საერთო შემოსავლების კონტრიბუციას აფასებენ. ეს კი უშუალოდ შემოსავლების მართვის გარდა, შეხვედრებისა და ღონისძიებების ფასის განსაზღვრას და დამატებით შემოსავლების ანალიზს გულისხმობს. ამავე მენეჯერებს ეხებათ ხარჯების შეფასება და მოგების ზუსტად განსაზღვრაც. ამ დროს სასტუმროს მფლობელები მაქსიმალურად გახსნილები უნდა იყვნენ და მენეჯმენტს სრული ინფორმაცია მიაწოდონ ობიექტის მიზნების შესახებ. ამ ტიპის კომუნიკაცია მათ საშუალებას აძლევს, ზუსტად განსაზღვროს ბიზნესისა და მისი შემოსავლების მართვის სტრატეგია. მოდით განვიხილოთ ასეთი სცენარი: სეზონის პიკია და ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის. დამფუძნებელს სურს, რომ ობიექტი ეფექტურად წარდგეს მომხმარებლის წინაშე, ჰქონდეს სწორად განსაზღვრული პრიორიტეტები და თავიდან აიცილოს მნიშვნელოვანი დანაკარგები. როდესაც ამის შესახებ სასტუმროს მმართველი გუნდისა და შემოსავლების მენეჯერისთვის ცნობილია, მათ საშუალება აქვთ, მიზნის მისაღწევად, ზუსტი სტრატეგია განსაზღვრონ, აკონტროლონ შემოსავლები და ეფექტურად განკარგონ რეზერვაციის ხარჯებიც.

აუცილებელია წინასწარ განსაზღვრული სტრატეგია!

მეპატრონეებს უზარმაზარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს შემოსავლების მენეჯმენტის პროგნოზმა და სტრატეგიამ, როგორც სასტუმროს შემოსავლის ზრდაზე, ისე პერსონალისა და ინვენტარის დაკომპლექტებაზე. დაკვეთის ზუსტი მოდელის წინასწარ განსაზღვრა, ობიექტის მეპატრონეს საშუალებას მისცემს, პერსონალი მოთხოვნის შესაბამისად გადაანაწილოს – არ ჰყავდეს მეტი, როდესაც ნაკლები სტუმარია და პირიქით. ამით სასტუმრო ზოგავს სახელფასო ხარჯებს, კლიენტი კი მუდმივად კმაყოფილია. გარდა ამისა, შემოსავლების მენეჯერი, წინასწარ შემუშავებული სტრატეგიით, განსაზღვრავს მოთხოვნას სპა ცენტრებსა და რესტორანზე. ეს კი ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს, ზედმეტი ხარჯი აიცილოს თავიდან, რადგან ზუსტად ეცოდინება, მაგალითად, როდის რა რაოდენობის „ფრეშ“ პროდუქტია საჭირო. ანალიტიკაზე დაფუძნებული შემოსავლების მართვის სტრატეგია, ასევე, აჩვენებს, რა მოთხოვნა შეიძლება იყოს უშუალოდ სასტუმროზე. ამ მონაცემით შესაძლებელია, ზუსტად გაიწეროს ხარჯები. შემოსავლების მენეჯმენტი საშუალებას აძლევს მეპატრონეს, ჰქონდე ინფორმაცია, რა მოთხოვნაა სასტუმროზე და შესაბამისად, მუდმივად აკონტროლოს საერთო შემოსავალი.

 

ყველა ბიზნესი კარგი ბიზნესი არ არის! 

ყველა ნაქირავები ოთახი, დღე-ღამის საშუალო ტარიფი და თითოეული ნომრის შემოსავალი სასტუმროს ფინანსური მაჩვენებელია და პირდაპირ გავლენას ახდენს მის რენტაბელურობაზე. ობიექტი, შესაძლოა, იმ ცდუნების წინაშე დადგეს, რომ ნომრები ინტენსიურად გააქირაოს დაბალი შემოსავლის მქონე ბიზნესზე, ამით შეიქმნას მუდმივი კლიენტების ბაზა, მაგრამ უარი თქვას მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან, სოლიდური შემოსავლის ფასად, მაგრამ უფრო იშვიათ თანამშრომლობაზე. წარმატებისთვის საჭიროა, კლიენტების სწორად შერჩევა და მათი გონივრული ფასით მოხიბვლა. შემოსავლების მართვის ტექნოლოგიით, შესაძლებელია, განსაზღვროს მეტ-ნაკლებად ძვირფასი კლიენტები. მაგალითად, როგორც IDeaS Revenue Solutions-ის ფინანსური დირექტორი ბრაიან დაუთი ამბობს, გარკვეული ჯგუფის ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, გაზარდონ სარგებელი, კონკრეტულ პირობებზე დათანხმების სანაცვლოდ. ანალიტიკურ სისტემებს შეუძლია, შეაფასოს რესურსების ცვალებადობა, იქნება ეს საძინებლები, შეხვედრების დარბაზები, თუ კორპორაციული დაკვეთით მიღებული შემოსავალი. ეს ყველაფერი სასტუმროს მფლობელსა და მმართველ გუნდს შესაძლებლობას აძლევს, სწორად შეაფასოს და განსაზღვროს ფასები, რაც ჯერ სასტუმროს შემოსავალზე, შემდეგ კი მოგებაზე აისახება.

შემოსავლების მენეჯმენტი საწყის ეტაპზე უნდა დაიწყოს!

შემოსავლების მენეჯმენტზე ზრუნვა პროექტის დაგეგმვის ეტაპზე უნდა დაიწყოს. უკეთესი იქნება, მფლობელებმა ამაზე იქამდე იზრუნონ, სანამ სასტუმრო გაიხსნება და კლიენტებს მოემსახურება. როდესაც ობიექტზე, მისი არსებობის ციკლის საწყის ეტაპზე დაინერგება შემოსავლების მართვის კულტურა, აბსოლუტურად ყველა რგოლს ექნება ინფორმაცია მისი განვითარების სტრატეგიაზე და იმ გზაზე, რაც საბოლოო მიზნის მისაღწევად იქნება გასავლელი. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, ტექნოლოგიაში ჩადებულ ინვესტიციას უკან დააბრუნებს. თუ სასტუმროს მფლობელები შემოსავლების მენეჯმენტის საკითხს სისტემურად მიუდგებიან, მაქსიმალური მოგების მიღებას, ობიექტის სიცოცხლისუნარიანობისა და კლიენტთა რაოდენობის გაზრდას შეძლებენ.

წყარო: www.skift.com



განხილვა