in

4 ძირითადი უნარი, რომელიც ახალ მენეჯერებს ყველაზე მეტად სჭირდებათ

ლიდერობა ბევრ სირთულესთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, თუმცა მაინც არსებობს ოთხი ძირითადი უნარი, რომელიც ზრდაში დაგეხმარებათ. ამ უნარების განვითარება კი მანამდე შეგიძლიათ, ვიდრე ლიდერის პოზიციას დაიკავებთ.

სწავლისადმი ღიაობა

როდესაც საბოლოოდ მიიღებთ საოცნებო პოზიციას და მენეჯერი გახდებით, აუცილებლად მზად უნდა იყოთ იმ რეალობისთვის, რომ ბევრი რამ გექნებათ სასწავლი. რეალურად, ახალ სიტუაციებში აღმოჩნდებით, რომლებიც აქამდე არასდროს შეგხვედრიათ — დაგისვამენ კითხვებს, რომლებზე პასუხიც არ გექნებათ. და საქმე იმაშია, რომ ეს ყოველთვის ასე ხდება ყოველი ახალი თანამდებობის მიღებისას.

ამ მიზეზით, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომლის განვითარებაც შეგიძლიათ, არის მუდმივი სწავლის სურვილი. გაიარეთ ტრენინგი (პირადად ან ონლაინ). წაიკითხეთ წიგნები ლიდერობისა და მენეჯმენტის შესახებ. იპოვეთ ახალი უნარების შეძენის გზები. ასევე, ისწავლეთ გარშემომყოფებისგან — ზოგჯერ საინტერესო დეტალების სწავლა შეგიძლიათ ორგანიზაციის უფრო მაღალი რანგის წევრებისგან, რომლებსაც თქვენთვის რეკომენდაციის გაწევაც კი შეუძლიათ. ამასთანავე, ღია უნდა იყოთ სწავლისთვის თქვენი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ხალხისგანაც.

ემპათია

როგორც კი მენეჯერი გახდებით, თქვენთვის ადვილი იქნება თქვენი გუნდის მუშაობასა და წარმატებაზე ფოკუსირება. შეგეძლებათ, გარკვეული მეტრიკით განსაზღვროთ, ასრულებენ თუ არა თანამშრომლები თავიანთ საქმეს. ზოგჯერ კი ეს ერთგვარი წნეხია მათთვის.

პროდუქტიულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ბედნიერი თანამშრომლები უფრო პროდუქტიულები არიან, ვიდრე უბედურები. ასე რომ, თქვენ უნდა იყოთ საქმის კურსში, თუ რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც თქვენთან მუშაობენ. არიან თუ არა ისინი ენთუზიაზმით სავსე თავიანთი საქმის მიმართ?

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რას ფიქრობენ დასაქმებულები თქვენზე. ემოციები გვაძლევს მოტივებს… როდესაც თქვენთან მომუშავე ადამიანები სტრესს განიცდიან, სავარაუდოდ, იმაზე დარდობენ, რა მოხდება საქმის ცუდად შესრულების შემთხვევაში. ამ დროს აუცილებლად უნდა დაეხმაროთ სამუშაოს დადებით და სრულყოფილ ასპექტებზე ფოკუსირებაში.

უკუკავშირის მიცემა

ერთი რამ, რასაც ბევრი ახალი მენეჯერი ებრძვის, არის უკუკავშირის, განსაკუთრებით უარყოფითი გამოხმაურების მიცემა სხვებისთვის. თუმცა პერიოდულად, ვიღაც აუცილებლად დაუშვებს შეცდომას და უკუკავშირის მიცემა მოგიწევთ. შეიძლება, ეს რთული იყოს, რადგან ადამიანების უმეტესობას სურს, მოსწონდეთ და ნეგატიური შთაბეჭდილება არ დატოვოს სხვებზე.

რადგანაც ცუდი უკუკავშირის მიცემა სტრესულია, შეგიძლიათ, მარტივი ფორმულა გამოიყენოთ, რომლის სწავლაც საკმაოდ ადვილი: „შენ გააკეთე X, ამან გამოიწვია Y და მომავალში მე მინდა, გააკეთო W“. ეს სქემა მუშაობს, რადგან იგი მოითხოვს, მკაფიოდ განსაზღვროთ, რომელმა მოქმედებამ გამოიწვია პრობლემა. ის თავს არიდებს მოტივებსა და ზრახვებზე საუბარს და ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე. შემდეგ კი მოქმედებას პრობლემის გამომწვევს შედეგთან აკავშირებს. დაბოლოს, მკაფიო ალტერნატიულ ქმედებას იძლევა.

მიმღებლობა

ხშირად, როდესაც ლიდერის პოზიციაზე გადადიხართ, თქვენ კვლავ ავითარებთ ლიდერის ნდობას. ეს შეიძლება განსაკუთრებით იმედგამაცრუებელი იყოს, როდესაც თქვენი ჯგუფი (ან სხვა მენეჯერები) არ ეთანხმებიან თქვენს გადაწყვეტილებებს. თუ გარშემომყოფებს საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმას აუკრძალავთ, ეს ნეგატიურად იმოქმედებს თქვენს რეპუტაციაზე და პროექტების ხარისხზე. ხოლო ღია კომუნიკაცია ადამიანებთან, რომლებიც არ გეთანხმებიან, დამატებით ნდობას მოგცემთ, რომ თქვენს მიერ არჩეული ვარიანტი კარგია.

შესაძლოა, ეს ძალიან რთული იყოს. შეიძლება სრულიად ბუნებრივი რეაქციის ჩახშობაც მოგიწიოთ… მაგრამ ღრმად ამოისუნთქეთ და იფიქრეთ გამოწვევაზე.



ცადე ბრიფზე გამარჯვება და მოიგე!

მრავალ ახალ ნივთს! — ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო