დასაქმებულების პრობლემებზე კი ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ გასული წელი არც ბიზნესის მფლობელთათვის ყოფილა მარტივი. ამიტომ, ახლა ის 4 გზა განვიხილოთ, რომლებიც ლიდერებს მოტივაციის დაბრუნებაში დაეხმარება. მოდით, დავიწყოთ:
1. ხელახლა შეიყვარეთ პრობლემა
თუ აღარ ხართ მოტივირებული, პირველი ნაბიჯი კვლავ პრობლემის ხელახლა შეყვარებისკენ უნდა გადადგათ, იმ პრობლემის, რომლის გადაჭრისკენაც მიისწრაფვით. გაიხსენეთ, რისთვის წამოიწყეთ თქვენი ბიზნესი, რა მისია დაისახეთ… შესაძლოა, ბიზნესის მართვაზე მეტად რაღაცების გამოგონებაც მოგწონდეთ. აქ კი კარგი იქნება თუ კვლევით პროექტებს დაუბრუნდებით, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ — გამოდით ბიუჯეტის სამყაროდან და პროდუქტის დიზაინში შეაბიჯეთ, დრო დაუთმეთ ინოვაციებსა და ექსპერიმენტებს ახალი პროდუქტებისთვის.
2. ხელახლა შეიყვარეთ სამსახურის მიღმა არსებული სივრცე
CEO-ებს ხშირად იმდენი საქმე აქვთ, რომ აღარ რჩებათ დრო სოციალიზაციისთვის. არადა, მოტივაციის ასამაღლებლად საუკეთესო საშუალება ადამიანებთან დროის გატარებაა, ბუნებრივია, სამსახურის მიღმა. თუმცა მეგობრებს როცა ნახავთ, კვლავ საქმეზე არ ელაპარაკოთ. სამსახური არ უნდა იყოს თქვენთვის მხოლოდ ერთადერთი ვარიანტი, რადგან სხვა სფეროები პროფესიული ცხოვრების ზეწოლისგან გაგათავისუფლებთ და მეტ პერსპექტივასაც გაჩვენებთ. შესაძლოა, ასე მიზნის შეგრძნებაც დაიბრუნოთ, მეტად ბედნიერი და ენერგიულიც გახდეთ.
თუ ადრე რაიმე ჰობი გქონდათ, თავისუფლად შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ან სულაც რაღაც ახალი ისწავლოთ. უპირველესად კი დააკვირდით საკუთარ თავს, თუ აღმოაჩენთ, რომ ემოციურად და ფიზიკურად დაღლილი ხართ, იცოდეთ, რომ გამოსავალი ძილი, ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვებაა.
3. ხელახლა შეიყვარეთ თქვენი გუნდი
კვლევის თანახმად, თქვენივე დეპრესიული მდგომარეობის გამოსწორებაში სხვებისთვის კარგი საქმეების კეთება დაგეხმარებათ. ეს სოციალურ კეთილდღეობამდე მიგიყვანთ — როცა სხვებზე ფოკუსირდებით, დადებითი გრძნობების ორმაგ დოზას მიიღებთ. ამიტომ, გაიცანით თქვენი თანამშრომლები უკეთ, დააკვირდით რომელს შეგიძლიათ დაეხმაროთ იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ საკუთარ მიღწევებზე იფიქროთ. ამაში პირისპირ შეხვედრებიც დაგეხმარებათ, ბედნიერი თანამშრომლების ნახვა თქვენს მენტალურ ჯანმრთელობასაც გააუმჯობესებს.
ეცადეთ უფრო ენერგიულ და ოპტიმისტ თანამშრომლებთან დაამყაროთ კომუნიკაცია, რადგან მათი ენერგია თქვენზე დადებითად აისახება. შესაძლოა, მათთან პირისპირ შეხვედრით კომპანიისთვის სასარგებლო ახალი იდეაც დაგებადოთ.
4. ხელახლა შეიყვარეთ კონკურენცია
როგორც აღმოჩნდა, მოტივაციის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო მტერი შეიძლება იყოს… ამიტომ, გაიცანით თქვენი კონკურენტები, ნახეთ, რას აკეთებენ და მიეცით თქვენი შთაგონების საშუალება. დააკვირდით, ხომ არ ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს ან ხომ არ გადიან ახალ ბაზრებზე, შემდგომ კი ეს ცოდნა თქვენი კომპანიის ინოვაციურობისთვის გამოიყენეთ.