შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ მრავალი საქმის ერთად კეთება მშვენივრად გამოგდით… თუმცა ფსიქოლოგი ჯერალდ ვაინბერგი ამბობს, რომ „მულტითასქინგით“ თქვენი პროდუქტიულობა 80%-ით შეიძლება შემცირდეს. აქ ის იგულისხმება, რომ ადამიანები დროს პროდუქტიულად არ იყენებენ და ვერც შესაბამის შედეგებს გვთავაზობენ, როცა ბევრ საქმეს ერთად აკეთებენ. კიდევ ერთი კვლევის თანახმად კი, „მულტითასქინგი“ პოპულაციის მხოლოდ 2.5%-ს გამოსდის წარმატებით…
და რატომ ვაკეთებთ ბევრ საქმეს ერთად?
ხშირად ადამიანები ვერ აანალიზებენ, რომ ის, რასაც აკეთებენ, „მულტითასქინგი“ არ არის — მრავალი აქტივობის ერთდროულად კეთება „ამოცანებს შორის გადართვა“ უფროა, ეს კი წარმოუდგენლად არაეფექტურია ტვინისთვის. თუ გამუდმებით ასე იქცევით, მისმა კუმულაციურმა ეფექტმა, შესაძლოა, მენტალურად გამოგფიტოთ. ალბათ, გჯერათ, რომ ამ გზით უფრო მეტ რამეს აკეთებთ, მაგრამ სინამდვილეში ამას დამანგრეველი ეფექტი აქვს თქვენს პროდუქტიულობაზე. ფოკუსირების უნარს ამცირებს, სტრესის დონეს ზრდის და მეტად იმპულსურიც ხდებით.
როცა ტვინს გამუდმებით აიძულებთ, შეცვალოს „გადაცემათა კოლოფი“, საქმესაც დაბალი ხარისხით გააკეთებთ და თქვენს მენტალურ რეზერვებსაც ამოწურავთ…
მრავალი საქმის ერთად კეთებას კი მაინც იმიტომ მივმართავთ, რომ დაგვარწმუნეს, თუ დაკავებული ხარ, ეს კარგიაო… შეიძლება ზოგიერთ ადამიანს ერთდროულად რამდენიმე საკითხზე შეეძლოს ფოკუსირება, მაგრამ უმრავლესობისთვის უკეთესია, უფრო ნაკლებ საქმეზე ორიენტირდეს და ხარისხიანად შეასრულოს, ვიდრე ყველაფრის ერთდროულად კეთება სცადოს. აქ კი იმ 4 გზას გაგიზიარებთ, რომლებიც დაგეხმარებათ, დარწმუნდეთ, რომ მეტად პროდუქტიულად მუშაობთ.
გაიაზრეთ პარეტოს პრინციპი
პარეტოს პრინციპის თანახმად, შედეგების 80%-ს თქვენი გაკეთებული საქმეების 20% გაწვდით. ამიტომ, რაღაცის კეთება ყოველთვის შედეგზე გასვლას არ ნიშნავს. პრობლემა იმაშია, რომ ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რისგან შედგება ეს აქტივობების 20% და, შესაბამისად, რისი კეთება სჭირდებათ მათ.
ყველა საქმე თანაბარ რესურსს არ მოითხოვს და როცა 10 ამოცანის ერთად შესრულებას ცდილობთ, საქმეს იმაზე მეტად ართულებთ, ვიდრე ეს თქვენთვის სასურველი შედეგების მიღწევას სჭირდება. ამიტომ, კარგი იქნება, თუ დაადგენთ, რისგან შედგება თქვენი აქტივობების 20%.
განიხილეთ სტრატეგია, რომელიც სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ
სტრატეგიის ქონა რაღაც ძალიან კომპლექსურს სულაც არ გულისხმობს, საუკეთესო სტრატეგიები მარტივია და 3-5 მიზანზე ფოკუსირდება, რისთვისაც შემდგომში დრო უნდა გამოყოთ, რათა კარგადაც გაუმკლავდეთ. ეს საქმეზე ფოკუსირებული დროის გამოყენებას შეიძლება ნიშნავდეს ან ყურადღების გამფანტავი საკითხებისგან თავის არიდებას.
დაივიწყეთ სხვა საქმეები
მეტად პროდუქტიული რომ იყოთ, თქვენი მიზნების მიღმა არსებული აქტივობები უნდა შეამციროთ. მიმართეთ დელეგირებას, თუ საქმე აუცილებლად უნდა გაკეთდეს, სხვას გადაეცით, გადადეთ, თუ ახლა მისი გაკეთება მნიშვნელოვანი არ არის ან საერთოდ ამოიღეთ თქვენი გასაკეთებელი საქმეების სიიდან, თუ მას რაღაც მიზანი არ გააჩნია.
გამოიყენეთ სისტემები, პროცესები და ტექნოლოგია
ასე ცხოვრებას გაიმარტივებთ. თუმცა რეალობა ის არის, რომ სანამ არ დაფიქრდებით, როგორ შეგიძლიათ მათი ინტეგრირება თქვენს საქმეებში, იქამდე ამას ვერ მოახერხებთ. ამიტომ, განიხილეთ და მოძებნეთ თქვენი საქმეებისთვის შესაბამისი სისტემები, დაიხმარეთ ტექნოლოგიები და ასე თქვენი პროდუქტიულობაც გაიზრდება.