ცხოვრებაში ყველას გვქონია რთული პერიოდი, რომელიც პირდაპირ ჩვენს თავდაჯერებულობას შეხებია და ერთიანად ჩამოუნგრევია — ძირითადად, სამსახურთან მიმართებით. ხშირად იმასაც ვარაუდობენ, რომ თავდაჯერებულობა ის არის, რაც ან დაბადებიდან გაქვს, ან მთელი ცხოვრება მისი ნაკლებობით იტანჯები. რეალურად, ეს მიდგომა არასწორია, რადგან აღნიშნული „თვისების“ გამომუშავება შესაძლებელია.
ჰომირა ქაბირი, პოზიტიური ფსიქოლოგიის პროფესორი განმარტავს, რომ თავდაჯერებულობას ორი ძირითადი კომპონენტი აქვს: კუთვნილება — უსაფრთხოების შინაგანი გრძნობა; და ოსტატობა — ინსტინქტურ სურვილებზე მინდობა.
თვითშეფასების გრძნობა
თვითშეფასების გრძნობა თავდაჯერებულობის საფუძველია. ზოგიერთისთვის თვითშეფასება ბავშვობაში ყალიბდება და თანდათან იზრდება, მაგრამ ყველას ერთნაირი გამოცდილება არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველას შეგვიძლია გავაძლიეროთ თვითშეფასების გრძნობა — პირველ რიგში, მთავარია, ამის უფლება მივცეთ საკუთარ თავს.
აქ გასათვალისწინებელია ემოციების მიმღებლობა: არ აქვს მნიშვნელობა, ნეგატიური იქნება ის, თუ დადებითი, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მათი მიღება, რათა გავიზარდოთ. სამწუხაროდ, ადამიანები ზოგადად მიდრეკილნი ვართ უარყოფითი განცდების თავიდან არიდებისკენ, რაც დროთა განმავლობაში ცუდად აისახება „სრულყოფილებისა“ და თავდაჯერებულობის განცდაზე.
სანაცვლოდ, მას შემდეგ, რაც გაიგებთ, რას გრძნობთ ან განიცდით, შეგიძლიათ ამ ემოციების დამუშავება ისწავლოთ. „თანაგრძნობის მიღება და წარსულის შეცდომების პატიება აუცილებელია, რადგან ასე იხსნება პროგრესის გზა“.
სანდო და მხარდამჭერი ურთიერთობები
თვითშეფასების გრძნობის ჩამოყალიბება პირველი ნაბიჯია. შინაგანი უსაფრთხოების განცდის ჭეშმარიტად შესაქმნელად, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გამყარებაც აუცილებელია. ეს ნიშნავს საკუთარი თავისა და მიზნების შესახებ ღიად, გულწრფელად საუბრის შესაძლებლობას და სხვებისგან მხარდაჭერის მიღების მოლოდინს.
ავთენტურობა და მიზანი
როდესაც შინაგან სამყაროსთან კავშირს ვკარგავთ, გარეგანი მოთხოვნილების ობიექტები ვხდებით. ჩვენი პიროვნება ისე იშლება, რომ მხოლოდ გარემოს ანარეკლად ვიქცევით. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, კოლეგების ირგვლივაც ბუნებრივად და თავისუფლად ვგრძნობდეთ თავს.
ამ მდგომარეობის მისაღწევად, გულწრფელად უპასუხეთ ამ კითხვებს: რა არის ის სამუშაო, რომელიც თავს ცოცხლად მაგრძნობინებს? რისი გაკეთება მინდა? რაში ვგრძნობ თავს პროფესიონალად? ამასთანავე, იფიქრეთ ტკივილზე ან იმედგაცრუებაზე, პასუხისმგებლობის გრძნობაზე, ამაღლებულ ან პიროვნულ ხედვაზე, შთაგონების გრძნობასა და ბავშვობისდროინდელ მოგონებებზე.
სიმამაცე და გამძლეობა
შიში ჩვენი უძველესი ინსტინქტია. დროის გასვლასთან ერთად, ოცნებების ზრდის პარალელურად, შიშიც იმატებს — შიში, რომ რაღაცას სათანადოდ ვერ მივაღწევთ, ჩავფლავდებით და მიზნები აუსრულებელი დაგვრჩება. ეს ბუნებრივი პროცესია, რაც არასწორი ნაბიჯებისგან ინტუიციურად გვიცავს.
გამბედაობა კი არის მოქმედება, გარდაუვალი შიშის მიუხედავად. თუ საკმარის შანსს გამოიყენებთ, მარცხამდეც მიხვალთ და ეს კარგია, რადგან სიძლიერის განუყოფელი ნაწილია. გარდა ამისა, თქვენ უნდა ისწავლოთ კრიტიკისა და შექებისგან მიღებული განცდების გადამუშავება, მათ საფუძველზე რაღაცების გადააზრება.
წყარო: Inc.