სამოგზაუროდ მიდიხარ: აიღე შვებულება, იყიდე ბილეთი, ჩაალაგე ბარგი, დაჯავშნე სასტუმრო, გააკეთე დაზღვევა…რა დაგრჩა გასაკეთებელი? ინტერნეტის მომარაგება, რომელიც მოგზაურობისას აუცილებლად გჭირდება, რათა იყო ხაზზე ახლობლებთან, ჩართო რუკა, ატვირთო გადაღებული ფოტო-ვიდეოები და შენი მოგზაურობა ბევრად კომფორტული გახადო.
ცხადია, არსებობს ამ საკითხის მოგვარების ტრადიციული ხერხები, მაგალითად, როუმინგის ჩართვა. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებმა და „ჯიბის აპლიკაციებმა” წინ წაგვწია და უფრო მარტივი მეთოდებიც შემოგვაშველა.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ აპლიკაციას, მცირე ინსტრუქციასაც მოვაყოლებთ და მერე თავად აირჩევთ, რომელი ჯობია.
გაიხსენეთ, რამდენჯერ მდგარხართ უცხო ქვეყანაში ჩასული, რიგში, სადაც სიმბარათები იყიდება? Airalo პირველად სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად გამოჩნდა და მომხმარებელს სთავაზობს ციფრულ eSIM სიმბარათებს, რომლებიც მსოფლიოს 200+ ქვეყანაშია აქტიური. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ძალიან მარტივს ხდის მოგზაურობის დროს კავშირის შენარჩუნებას. Airalo eSIM-ის ჩამოტვირთვით, დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას მარტივად დაუკავშირდებით ქსელს. აპლიკაციაში მიუთითებთ პერიოდს, რამდენი ხნით გსურთ, ჩართული გქონდეთ ინტერნეტზე წვდომა და გადაიხდით მინიმალურ საფასურს, რაც როუმინგის ზოგად პაკეტებთან შედარებით ბევრად ბიუჯეტური დაგიჯდებათ.
კიდევ ერთი eSIM აპლიკაციაა, რომელიც უნდა გაგაცნოთ, არის Roamingo. მისი წვდომა ვრცელდება როგორც ევროპასა და აზიაზე, ისე სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკასა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაზე. მას აქვს რამდენიმე პაკეტი, რომლის შეძენაც მომხმარებელს აპპშივე შეუძლია. აგრეთვე, მისი უპირატესობა ისიცაა, რომ შეგიძლიათ თქვენი აპლიკაციიდან Roamingo-ს სერვისი სხვასაც უყიდოთ.
Airalo-ს მსგავსად, ესეც ციფრული eSIM-ია და გთავაზობთ ინტერნეტზე წვდომას მთელი დღის განმავლობაში. მას, ასევე, ჰყავს ტექნიკური მხარდაჭერის ასისტენტი, რომელიც ხაზზეა 24/7-ზე და მზადაა, დაგეხმაროთ, სადაც არ უნდა იყოთ.
აქვე იმასაც აუცილებლად გეტყვით, რომ Roamingo-ს ენების კატალოგში ქართულსაც იპოვით, რაც თქვენს მოგზაურობას ბევრად მარტივს გახდის.
კიდევ ერთი eSIM სერვისია აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც შეგიძლიათ, გამგზავრებამდეც ჩამოტვირთოთ და დააყენოთ სასურველ თარიღებზე და უკვე ადგილზე რომ ჩახვალთ, მერეც, თუმცა თავად კომპანია რეკომენდაციას წინასწარ დაყენებას უწევს, რათა ადგილზე ჩასულს ეს საკითხი აღარ გქონდეთ მოსაგვარებელი.
მისი უპირატესობა ისიცაა, რომ, თუ ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მონახულება გადაწყვიტეთ, მდებარეობის შეცვლის დროს ის არ გაითიშება და ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას. გარდა ამისა, ის გათვალისწინებულია არა მხოლოდ სმარტფონების, არამედ ე.წ. ჭკვიანი საათებისთვისაც, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს საათს აქვს eSIM მხარდაჭერა.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილის მსგავს სერვისს ქართული აპლიკაციაც გვთავაზობს. მის სერვისებს შორისაა eSIM, რომელიც დაგეხმარება, მოგზაურობის დროს გქონდეს უწყვეტი კავშირი. ამისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა, სასურველი პაკეტის არჩევა და QR კოდით აპლიკაციის გააქტიურება. ეს პროცესი ერთჯერადია და მომდევნო მოგზაურობის დროს მხოლოდ პაკეტის შეძენა იქნება საჭირო. აპლიკაციას აქვს 24/7-ზე ტექნიკური მხარდაჭერა ქართულ ენაზე.
ვიმედოვნებთ, აღნიშნული ინფორმაცია სასარგებლო იქნება იმ მკითხველებისთვის, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ და ჯერ კიდევ წვალობენ ადგილობრივი სიმბარათების შეძენითა და შემდეგ იმის გარკვევით, იმ კონკრეტულ ქვეყანაში ეს სიმი როგორ მუშაობს. მარტივად – აირჩიეთ სასურველი აპლიკაცია და იმოგზაურეთ სამყაროსგან მოწყვეტის გარეშე.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი