in

4 კითხვა, რომელიც კარიერული მიზნების განსაზღვრაში დაგეხმარებათ

მიჩიკო კუმანოს კვლევის მიხედვით, იკიგაის განცდა ნიშნავს „მიღწევისა და სრულყოფის შეგრძნებას, რომელიც მაშინ გვეუფლება, როდესაც საკუთარ ვნებებს მივდევთ“. კონცეფცია ორი ასპექტისგან შედგება: რაღაც, რაც ცხოვრებას ღირებულებას ან მნიშვნელობას ანიჭებს და განცდა, რომ ცხოვრება ფასეულია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

იკიგაის პრინციპები, როგორც აღწერილია ფრანჩესკ მირალესა და ჰექტორ გარსიას წიგნში, ოთხი განსხვავებული ელემენტის კვეთას წარმოადგენს — რაც გიყვართ, რაში ხართ კარგი, რაში შეიძლება გადაგიხადონ და რა სჭირდება მსოფლიოს.

რა გიყვართ?

შეგიძლიათ ჩამოთვალოთ, რა გაბედნიერებთ სინამდვილეში? ეს სწორედ ის არის, საიდანაც უნდა დაიწყოთ იკიგაის აღმოჩენა.

თუ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ან მომენტს დაუფიქრდებით, ალბათ, იყო აქტივობები ან ჰობი, რომლებმაც მოტივაცია და ენერგია მოგცათ. როცა რაღაც გიყვართ, დროს უთმობთ მას, საუბრობთ მასზე და თქვენი გატაცება სხვებისთვისაც გადამდები ხდება.

მაგალითად, ერთ-ერთი წარმატებული მარკეტერი აღნიშნავს: „მე ყოველთვის მიყვარდა ისტორიები, ვიდეოები და ფილმები. მხიბლავდა თხრობის ხელოვნება, სიუჟეტის რკალი შექმნიდან განვითარებამდე და მაყურებლებში ემოციების აღძვრის უნარი. მინდა, შევქმნა ბრენდები, გამოცდილება და გუნდები, რომლებიც რთულ პრობლემებს გადაჭრიან და მნიშვნელოვან ისტორიებს შექმნიან“.

რაში ხართ კარგი?

თუ ამ კითხვაზე გაქვთ პასუხი, ძალიან კარგია. თუ არა, ის მაინც გეცოდინებათ, რაში გსურთ წარმატების მიღწევა. ზოგიერთ ადამიანს უმართლებს და ადრევე პოულობს საკუთარ მოწოდებას, ზოგიერთს კი დამატებითი ძალისხმევა სჭირდება პრიორიტეტებისა და ინტერესების განსაზღვრაში.

კვლავ ზემოთ ხსენებული მარკეტერის მაგალითის მოყვანა შეგვიძლია: „ჩემი გატაცება მომხმარებელთა გაგებისადმი, დამეხმარა, პრობლემების გადამჭრელი და კარგი სტრატეგი ვყოფილიყავი. 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩავდე ინვესტიცია ბრენდის მარკეტინგში, ციფრულ ბრენდინგსა და ციფრულ ინოვაციებში. დროც გამოვნახე პირად, შემოქმედებით პროექტებზე მუშაობისთვის. შექმნის პროცესი მეხმარება, შემოქმედებით გამოხატვასთან მუდმივ კავშირს ვგრძნობდე“. 

რაში შეიძლება გადაგიხადონ?

იყოთ ბედნიერი და აკეთოთ ის, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ, კმაყოფილების საწინდარია. უბრალოდ, ყოველთვის უფასოდ ვერ იმუშავებთ. შესაბამისად, თქვენი იკიგაი უნდა იყოს ის, რისთვისაც შესაბამისი ანაზღაურების მიღება შეგიძლიათ, საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მრჩევლისა და კონსულტანტის პოზიცია დავიკავე იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც მარკეტინგისა და სტრატეგიის ცოდნა ესაჭიროებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩემს პროფესიულ უნარებს მათ პროექტებში ვნერგავ. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა საყვარელი კომპანიების დახმარება შემიძლია და თან, ამაში შესაბამის ანაზღაურებასაც ვიღებ“. 

რა სჭირდება სამყაროს?

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ თქვენს თითოეულ საქმეს ღირებულება აქვს. მცდელობა, გავხადოთ მსოფლიო უკეთესი ადგილი ან წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი თემების განვითარებაში, სასარგებლოა და გვეხმარება, თავი კარგად ვიგრძნოთ. თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების მიღმა ფიქრი და უფრო დიდი სურათის დანახვა, თუ როგორ შეგიძლიათ სხვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა, კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა პირადი იკიგაის აღმოსაჩენად.

„იდეა იმის შესახებ, თუ რა სჭირდება სამყაროს, ნამდვილად დამეხმარა ჩემი იკიგაის პოვნაში. ეს მოიცავს შემდგომ ძალისხმევას მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის სფეროებში“. 

სწორედ ამ ოთხი ფაქტორის გაანალიზების საფუძველზე გახდა აღნიშნული პიროვნება, კაილი, AKQA-ს პირველი პრეზიდენტი. ის კომპანიის შემოქმედებით სტუდიებს ხელმძღვანელობს ჩრდილოეთ ამერიკაში. როგორც თავად აღნიშნავს, მიხვდა, რომ თავისი იკიგაი სრულად შეესაბამება AKQA-ს გაცხადებულ მიზანს, შექმნას უკეთესი მომავალი და სააგენტოს მრავალფეროვნების კულტურა.



„ვიღებთ მოლოცვებს“ — დღეს Glovo-ს დაბადების დღეა!

Dove, თავის პირველ თამაშში, სილამაზის არარეალურ იდეალებს ეწინააღმდეგება