საიდუმლო არ არის, რომ კომპანიების ხელმძღვანელები დანარჩენ სამყაროს საკუთარი ბიზნესის ჭრილში უყურებენ. კორპორაციულობაზე ორიენტირებული ეს მენტალიტეტი განპირობებულია ინტენსიური ფოკუსირებით ახლოვადიან შედეგებზე, სეზონური გაყიდვების მაჩვენებლებსა და სამომავლო დღის წესრიგზე. ეს კი ხელს უშლის ფართო სოციალურ საკითხებზე დაკვირვებას.
მაგრამ რა მოხდება, თუ აღმასრულებლები, დირექტორები და საბჭოს წევრები ერთხელ კორპორაციული აზროვნების მიღმაც გაიხედავენ და იმ პრობლემებს შეამჩნევენ, რასაც სხვები? შეიძლება თუ არა, შეცდომების დაშვების შიში ჭკვიანურ მიდგომად გადაიზარდოს ბიზნესის ფინანსურად გასაძლიერებლად და პოზიტიური რეპუტაციის შესანარჩუნებლად?
ამ კითხვების პასუხად, წიგნი – The Activist Leader: A New Mindset for Doing Business გვეუბნება, რომ თუ გვსურს დღევანდელ სამყაროში წარმატებული ბიზნეს ლიდერი ვიყოთ, საზოგადოებას ფინანსურ ღირებულებასთან ერთად სოციალურიც უნდა შევთავაზოთ. იმავე წიგნში დასმულია 4 შეკითხვა, რომლებიც, ავტორების თქმით, დაეხმარება ლიდერებს, განაახლონ თავიანთი ხედვა და შეამჩნიონ მათ წინაშე არსებული გამოწვევები.
- ვუსმინოთ თუ არა კრიტიკოსებს?
შეიძლება ცხოვრებაში პირიქით გვირჩევენ, მაგრამ ბიზნესში ხშირად დგება მომენტი, როცა კრიტიკოსის ან ცვლილებების მომხრე პირის ადგილზე საკუთარი თავის დაყენება საშუალებას გვაძლევს, უფრო ღრმად გავიგოთ ესა თუ ის საკითხი. ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და როგორ შეიძლება ჩვენმა ბიზნესმა ამ გამოწვევებს გადაწყვეტა მოუფიქროს.
- რა იწვევს ჩვენს შფოთვას?
ყოველთვის დარწმუნდით, რომ სტრატეგიულად უგულებელყოფთ გამოწვეულ ხმაურს ან პირიქით, აქტიურად უსმენთ მას და ცდილობთ, მისგან რეალური საკითხები ამოკრიფოთ. იმისთვის, რომ არ შეგვაშინოს ჩვენ გარშემო ატეხილმა ხმაურმა, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შემდეგი კითხვები: ეს საკითხი ნამდვილად მოითხოვს მოქმედებას თუ შეგვიძლია მისი უგულებელყოფა? რა ბერკეტები გვაქვს თამაშის წესების შესაცვლელად?
- როგორ უკავშირდება ჩვენი ბიზნესი ამ საკითხს?
სოციალური საკითხები ხშირად მრავალი ურთიერთდაკავშირებული პრობლემისგან შედგება. აუცილებელია ერთი და იმავე დიდი საკითხის სხვადასხვა ასპექტად დაყოფა, რათა დავაკვირდეთ, სად არის კვეთა ჩვენს ბიზნესთან და როგორ შეიძლება ჩავერთოთ. საკითხის გულდასმით გათვალისწინება გვეხმარება იმის გარკვევაში, რა გავლენას იქონიებს ესა თუ ის სოციალური პრობლემა ჩვენს ბიზნესზე ან პირიქით, ჩვენ რა გადაწყვეტის მოფიქრება შეგვიძლია.
- სად იმალება ძაღლის თავი, ანუ სადაა მთავარი პრობლემა?
იყო აქტივისტი ლიდერი, ნიშნავს უშიშრად შესვლას პრობლემის რთულ ნაწილში, სადაც საგნებზე დაკვირვებას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ პრობლემები, აუცილებელია მისი ამოსავალი წერტილები ვიპოვოთ და გავასუფთაოთ.
აქვე მნიშვნელოვანია ხალხთან გასაუბრება, რადგან იმის მოსმენა, თუ რა აწუხებთ მათ, საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ. ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ მაყურებლის პოზიციიდან ყურება და რეალურად ჩაერთონ პრობლემების მოგვარების პროცესში.
ამ კითხვების დასმა ლიდერებს დაეხმარება პრობლემის გადაჭრაში. თუკი კორპორაციული მიდგომა შეზღუდულია და ზოგჯერ ხელს გვიშლის რეალური გამოწვევების დანახვაში, აზროვნების შეცვლით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ბიზნესის პერსპექტივა.