AI-ის შესახებ უკვე რა არ გვსმენია, მართალი თუ მოგონილი ამბები… აი, Microsoft-ის ტექნიკურ მრჩეველს კარმელ ალისონს რომ ჰკითხოთ, ისიც დაგიდასტურებთ, რომ „ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით მარტივი პასუხები არ არსებობს და სწორედ ეს ხდის მას სახალისოს“. თუმცა ახლა 4 მითს გვიზიარებს, რომლებიც, უნდა ვაღიაროთ, ხელოვნურ ინტელექტზე არაერთხელ გვსმენია:
მითი 1: AI ყველას სამსახურს მიითვისებს
„AI შეცვლის ზოგიერთი სამსახურის ბუნებას და ამასთან, ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ადამიანებისთვის, რათა უფრო მნიშვნელოვან შემოქმედებით ამოცანებზე ფოკუსირდნენ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ხელახლა დავფიქრდეთ, როგორ ვმუშაობთ და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესში“, — ამბობს ალისონი.
მაგალითად ხელოვნური ინტელექტი მონაცემებს თქვენს მაგივრად გადახედავს, ეს დრო კი შეგეძლებათ, უფრო სტრატეგიულად გამოიყენოთ, გადაჭრათ მეტად მნიშვნელოვანი პრობლემები ან სულაც რაღაც ახალი მოიფიქროთ.
მითი 2: AI მხოლოდ ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვისაა
ალისონს თუ დავუჯერებთ, AI ყველასთვისაა და ადამიანების უმეტესობა უკვე იყენებს კიდეც ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად ისე, რომ ამას ვერც აცნობიერებენ. საძიებო სისტემის გამოყენებისას თუ პროდუქტის რეკომენდაციებისთვის გადაგიხედავთ ან ელ.ფოსტა დაგიწერიათ შემოთავაზებული ფრაზებით, გამოდის, უკვე AI-ის მომხმარებელი ყოფილხართ. მეტიც, იმასაც შეგვახსენებს, რომ AI-ის უკვე სამედიცინო სფეროშიც იყენებენ…
მითი 3: AI ერთი ტექნოლოგიაა
ასე ნამდვილად არ არის — განსხვავებული ტექნოლოგიების კოლექციას წარმოადგენს, რომლებსაც ყოველდღიური პრაქტიკული დანიშნულებაც შეგვიძლია, მოვუძებნოთ, იქნება ეს კვლავ საძიებო სისტემები, ელ.ფოსტის აპლიკაციები თუ გლუკოზის მონიტორინგის მოწყობილობები. ხოლო, რადგანაც AI სულ უფრო მეტ სფეროში გვხვდება, მნიშვნელოვანია, უკეთ დავისწავლოთ, როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება განსხვავებული გზებით.
მითი 4: AI მიკერძოებულია და თავი უნდა ავარიდოთ
კი, მართალია, რომ AI მიკერძოებული შეიძლება იყოს, მაგრამ ალისონი გვირჩევს, სანამ ხელოვნურ ინტელექტს გამოვიყენებთ, ჯერ გავიგოთ, როგორაა ეს სისტემა აგებული და იმ კომპანიების პრინციპებიც გავაცნობიეროთ, რომლებიც AI ხელსაწყოებს გვთავაზობს. მნიშვნელოვანია, დეველოპერებმა გაიაზრონ, რომ AI სისტემები მრავალფეროვან და რეპრეზენტატულ მონაცემთა ნაკრებებზე გაწვრთნან, გამოიყენონ სამართლიანი და მიუკერძოებელი ალგორითმები…
„ყველას მოგვიწევს იმის სწავლა, რომ ყველაფერი, რაც ინტერნეტშია, სიმართლე არ არის და ასე უნდა შევხედოთ AI-საც. შეისწავლეთ მისი მიკერძოებები, ნაკლოვანებები, ძლიერი მხარეები და განსაზღვრეთ, როგორ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი თქვენს ცხოვრებაში და როგორ აქციოთ ხელსაწყოდ, რომელიც დაგეხმარებათ“, — ამბობს ალისონი.