პროდუქტის შეფუთვა ის არის, რასაც მომხმარებელი პირველი ამჩნევს, ამიტომ, ვიზუალურად მიმზიდველიც უნდა იყოს. სწორედ ეს განსაზღვრავს, გაიყიდება თუ სამუდამოდ თაროზე დარჩება… აქ საკმაოდ საინტერესო თეორიაც არსებობს — საშუალო დონის პროდუქტზე კარგი შეფუთვა დადებითად მოქმედებს, როცა ცუდი შეფუთვის დიზაინი საუკეთესო პროდუქტსაც კი აზიანებს.
ამგვარად, თუ თქვენი შეფუთვა მოძველებული ან მოსაწყენია, ვერც ამ პროდუქტს განათავსებთ ბაზარზე წარმატებულად. გამოდის, დრო და ვიზუალიც ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან, მაგრამ აბა, დაფიქრდით, ბოლოს როდის განაახლეთ დიზაინი ან თქვენთვის საყვარელმა ბრენდმა როდის გააკეთა ეს? ან საერთოდ, როგორ უნდა მივხვდეთ, გვჭირდება თუ არა შეფუთვის დიზაინის განახლება? აქ 4 ნიშანს უნდა დააკვირდეთ:
1. დიზაინი მოძველებული ან მოსაწყენია
შეფუთვის დიზაინის განახლება მაშინ დაგჭირდებათ თუ იგი, არსებულ დიზაინის ტრენდებთან შედარებით, მოძველებული ჩანს. შეფუთვა, რომელიც თქვენი ბრენდისა თუ ინდუსტრიისთვის 10 წლის წინ აირჩიეთ, შესაძლოა, დღეს რელევანტური აღარც იყოს. თუმცა შეფუთვის არც ყოველ ერთ ან ორ წელში შეცვლაა სასარგებლო, რადგან ასე ლოიალური მომხმარებლები შეიძლება, დაკარგოთ…
საცალო ვაჭრობის ინდუსტრიისთვის შეფუთვის დიზაინის გასაახლებლად საუკეთესო პერიოდად 6 წელს ასახელებენ. თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ ეს არ უნდა იყოს შეფუთვის შეცვლის მიზეზი. მარკეტერმა და დიზაინერმა ერთად უნდა იმუშაონ და შექმნან დიზაინი, რომელიც სამიზნე აუდიტორიისთვის რელევანტურ და სტრატეგიულ პოზიციონირებას ებმის.
2. კონკურენტებმა შეცვალეს თავიანთი შეფუთვა
ზოგჯერ მომხმარებლები ისეთი ალტერნატიული პროდუქტებისკენაც ინაცვლებენ, რომელთაც მეტად მიმზიდველი შეფუთვა აქვს. ამიტომ, ყოველთვის დააკვირდით ცვლილებებს, რომლებსაც თქვენი კონკურენტები შეფუთვის დიზაინში აკეთებენ, რადგან თუ ისინი წარმატებით მოახერხებენ ამას, შესაძლოა, თქვენი გაყიდვები შემცირდეს…
დააკვირდით, რა გააკეთეს სწორად და თავადაც ეცადეთ მის გაუმჯობესებას. თქვენივე პროდუქტის დიზაინის განახლებაც განიხილეთ, თუ ცვლილებები მნიშვნელოვანია და ამჟამინდელ ტრენდებსაც ესადაგება. თუმცა დარწმუნდით, რომ ნებისმიერი ქმედება თქვენი ბრენდის იდენტობისა და ღირებულებების შესაბამისი იქნება. ამგვარად, თქვენი კომპანიისა და პროდუქტების კონკურენტებისგან დიფერენცირებასაც შეძლებთ.
ამისთვის ის დიზაინის ელემენტები უნდა აირჩიოთ, რომლებიც თქვენს პროდუქტს სხვებისგან განასხვავებს. პროდუქტის ბუნების, ზომისა და ფორმის მიხედვით, აქვე მარკეტინგის გათვალისწინებითაც, საცალო ვაჭრობის პროდუქტები ძირითადად ქაღალდის შეფუთვებში, ჩანთებში, მყარ ყუთებში, პაკეტებსა და ქილებში გვხვდება.
3. შეფუთვის ღირებულება უკონტროლო გახდა
დრო მნიშვნელოვნად მოქმედებს შესაფუთი მასალების ხარჯებზე. მზარდი ღირებულება არც თქვენს ბიზნესზე აისახება კარგად, რამაც უნდა მიგანიშნოთ, რომ დროა, ახალი შეფუთვისთვის იდეები შეიმუშაოთ.
ცვლილებებს სტრატეგიულად მიუდექით, რათა შეამციროთ ხარჯები, მაგრამ დაიცვათ ხარისხი, მომხმარებელთა გამოცდილება და ბრენდის იდენტობა. შეფუთვის ხარჯები ალტერნატიული მასალების, დიზაინებისა თუ მომმარაგებლების განხილვით შეგიძლიათ შეამციროთ. შედეგად, თქვენი შეფუთვის სტრატეგია შესაფერისი იქნება მომხმარებელთა განვითარებადი პრეფერენციებისა და მდგრადობის მიზნებისთვის ისე, რომ ნარჩენების შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდასაც მოახერხებთ.
4. ახალმა რეგულაციებმა და ინდუსტრიის საჭიროებებმა იჩინა თავი
მას შემდეგ, რაც პროდუქტს ჩაუშვებთ, მრავალი ცვლილება მოხდება და ახალი რეგულაციებიც იჩენს თავს. თქვენ კი ძველი შეფუთვის დიზაინი რეგულატორის უახლეს მოთხოვნებს უნდა შეუსაბამოთ.
დაბოლოს, შეფუთვის დიზაინის განახლებით გეძლევათ შანსი, მომხმარებლებს ბრენდის შეტყობინება მეტად ეფექტური გზით გადასცეთ, შესთავაზოთ ღირებულება და ასე თქვენი კომპანიაც განასხვაოთ კონკურენტებისგან. სწორედ ამიტომ, ამ ოთხ ნიშანზე დაკვირვებაც ღირს…