კოლეჯისა და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტები სპეციალურ სიტყვას ამზადებენ, რომელიც უმეტესად შთამაგონებელი და მამოტივირებელია. შესაძლოა, ეს კულტურა ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის იმდენად გააქტიურებული, მაგრამ მთელ მსოფლიოში დიდად აფასებენ. ამის მაგალითია ის ფაქტი, რომ კურტ ვონეგუტმა, ენ პაჩეტმა, კარლ ჰიაასენმა, ჯ. როულინგმა, მერი კარმა, დევიდ ფოსტერ უოლასმა და ბევრმა სხვამ ამ ე. წ. „სფიჩების“ წიგნიც კი გამოუშვეს.
სტატიაში კი იმ 4 ძირითად პრინციპს წარმოგიდგენთ, რომლებიც თითოეულ სიტყვას გასდევდა თან.
1. იოცნებეთ ბევრი
„ვფიქრობ, მეგაამბიციურ ოცნებებით უფრო ადვილია პროგრესის მიღწევა. ვიცი, რომ ეს სრულიად გიჟურად ჟღერს, მაგრამ რადგანაც სხვა არავინაა საკმარისად გიჟი ამის გასაბედად, ცოტა კონკურენტი გეყოლებათ“, — ლარი პეიჯი მიჩიგანის უნივერსიტეტი, 2009 წ.
„კურსდამთავრებულებო, ჩვენ გვჭირდებით. გვჭირდება, მართოთ კომპანიები და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ ვის ექნება კაპიტალზე წვდომა. გვჭირდება, ხელისუფლებას უმაღლეს დონეზე ემსახუროთ და განსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის პოზიცია მსოფლიოში. ჩვენ გვჭირდება, იმუშაოთ საავადმყოფოებში, სასამართლო დარბაზებსა და სკოლებში. გვჭირდება, ჩამოაყალიბოთ ტექნოლოგიის მომავალი. გჭირდებით, რადგან თქვენი პერსპექტივა — თქვენი ინტელექტისა და ცხოვრებისეული გამოცდილების ჯამი, ჩვენს ქვეყანას უფრო ძლიერს გახდის“, — კამალა ჰარისი ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022 წ.
2. ბევრი იშრომეთ
„შრომა თქვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს დაიკავებს და იმისათვის, რომ ჭეშმარიტად კმაყოფილი იყოთ, ის უნდა აკეთოთ, რაც გიყვართ. და დიდი საქმის კეთების ერთადერთი გზაა, გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. თუ ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ ასეთი სფერო, განაგრძეთ მისი ძებნა. დამერწმუნეთ, აუცილებლად მიხვდებით, როცა მას იპოვით“, — სტივ ჯობსი სტენფორდის უნივერსიტეტი, 2005 წ.
„მე ახლახან გადავიღე ჩემი პირველი ფილმი. სრულიად მოუმზადებელი ვიყავი, მაგრამ საკუთარი შეზღუდვების იგნორირება ერთგვარ ნდობას ჰგავდა, რამაც რეჟისორის პოზიციამდე მიმიყვანა. მას შემდეგ, რაც ამაში გავყავი თავი, აუცილებლად უნდა გამეგო ყველაფერი და ჩემი რწმენა, რომ ნებისმიერ საკითხთან გამკლავება შემიძლია, ჩემი შესაძლებლობების ყველა მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მოდიოდა. ეს ბრძოლის ნახევარი იყო… მეორე ნახევარი კი ძალიან მძიმე სამუშაოს წარმოადგენდა. მთლიანობაში, ამ გამოცდილებამ უდიდესი კვალი დატოვა ჩემს კარიერაზე“, — ნატალი პორტმანი ჰარვარდის უნივერსიტეტი, 2015 წ.
„როდესაც ყოველდღიურად აკეთებთ საქმეს, რომელიც გევალებათ, ეს თავს კარგად გაგრძნობინებთ. თუმცა არაფერია იმაზე მშვენიერი, რომ თქვენი ცხოვრების მთავარ მიზნად აქციოთ სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევა“, — ოპრა უინფრი სტენფორდის უნივერსიტეტი, 2008 წ.
3. დაუშვით შეცდომები
„დიდი მარცხი და წარუმატებლობა თქვენი უფლებაა. ეს ახალი და საშინელი სამყაროა, რომელშიც ერთხელ ცხოვრობთ. ასე რომ, გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ. გარისკეთ პროფესიის კუთხითაც. ნუ შეგეშინდებათ წარუმატებლობის“, — დენზელ ვაშინგტონი პენსილვანიის უნივერსიტეტი, 2011 წ.
„მსოფლიოს არ აინტერესებს, რამდენჯერ დაეცემით, თუ ეს იმაზე ერთით ნაკლებია, ვიდრე წამოდგომა“, — აარონ სორკინი სირაკუზის უნივერსიტეტში, 2013 წ.
„ჩემი გამოცდილება ის არის, რომ ჩემმა შეცდომებმა საუკეთესო ცხოვრებამდე მიმიყვანა. უხერხულობის განცდა, როცა რამეს აფუჭებ, ადამიანური გამოცდილების ნაწილია. როცა უკან ვიხედები, გულწრფელად ვგრძნობ, რომ წარუმატებლობის ეპიზოდები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წარმატების“, — ტეილორ სვიფტი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, 2022 წ.
4. იყავით კეთილი
„იმუშავეთ, იყავით კეთილი და ნახავთ, საოცარი რამ მოხდება“, — კონან ო’ბრაიენი დარტმუთის კოლეჯი 2011 წ.
„ემპათია და სიკეთე ემოციური ინტელექტის ნამდვილი ნიშნებია“, — უილ ფერელი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი, 2017 წ.
„ბანალურია, მაგრამ სიმართლეა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად სიკეთის ნაკლებ გამოვლინებას ვნანობ. იმ მომენტებს, როცა ვიღაც ჩემ თვალწინ იტანჯებოდა და არაფერს ვაკეთებდი მის დასახმარებლად. ცხოვრების მიზანი უკეთესის გაკეთება უნდა იყოს, როცა უარესის კეთება შეგიძლია“, — ჯორჯ სანდერსი სირაკუზის უნივერსიტეტი, 2013 წ.