ცხადია, რომ მალე ვერ დავუბრუნდებით „ჩვეულ ცხოვრებას“ და ვინაიდან, კომპანიები ხვდებიან რეალობას, რომ თუ რამდენიმე თვის წინ, Covid-19-ის შედეგად განხორციელებული ცვლილებები განიხილებოდა, როგორც დროებითი კორექტირება, ამჟამად, არსებული ვითარება გვკარნახობს, რომ ის ახალ ნორმად შეიძლება, იქცეს – ორგანიზაციული სტრატეგიის გადახედვაც, შესაბამისად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება.
დღეს, ამ ორგანიზაციული სტრატეგიის გადახედვასთან დაკავშირებით, 4 რჩევას გიზიარებთ:
გაყიდვები თქვენი სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილად აქციეთ. რა ცვლილებები განიცადა თქვენმა ბიზნესმა მთელი პანდემიის განმავლობაში? ორგანიზაციული სტრატეგიის უმეტესობა იგნორირებას უკეთებს გაყიდვების ფუნქციას ან მხოლოდ პერიფერიულად მიმართავს მას, ნაცვლად იმისა, რომ აქცენტი სწორედ ბაზრებზე, პროდუქტებსა და ახალ შესაძლებლობებსა თუ ინიციატივებზე გაკეთდეს. გახსოვდეთ, რომ გაყიდვების ფუნქციაა სტრატეგიის შესრულება. თუმცა უშუალოდ, გაყიდვებამდე, შემდეგი პუნქტის გათვალისწინება მოგიწევთ.
გაყიდვები მომხმარებლის ახალი მოთხოვნილებების დასადგენად და დასაკმაყოფილებლად გამოიყენეთ. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ეკონომიკას საფრთხე შეუქმნა, ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ახალი შესაძლებლობები. Covid-19- მა ცხოვრების წესი შეგვაცვლევინა, რამაც გაყიდვების ახალი პერსპექტივებიც დაგვანახა.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გაეცნოთ იმ პრობლემებს, რომლებიც ხელს უწყობს თქვენი პროდუქციის გამოყენებას, ან პირიქით, ამცირებს მას. განსაზღვრეთ, თუ რა დამატებითი პრობლემების მოგვარებაში შეგიძლიათ, მომხმარებელს დაეხმაროთ და შეადგინეთ სტრატეგია თქვენი შემოთავაზებების კაპიტალიზაციისა და ადაპტირებისთვის.
გააუმჯობესეთ გაყიდვების გამოცდილება. COVID-19-ის კრიზისის დაწყებისთანავე, მრავალი ორგანიზაცია ადაპტირდა ელექტრონულ კომერციაზე. გადახედეთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს პლატფორმები გაყიდვების გამოცდილების გასაუმჯობესებლად და არა მხოლოდ მათ შესანარჩუნებლად. გაითვალისწინეთ ახალი შესაძლებლობები, რათა მომხმარებლებს დაეხმაროთ პრობლემების ამოცნობაში და იმ შესაძლებლობების დადგენაში, რომლებიც თავად არ განიხილეს.
დისტანციურ სამუშაოზე გადასვლამ და ვირტუალურმა ინტერაქციამ შეიძლება, გამოიწვიოს მოულოდნელი ეფექტურობა – როგორც დროში, ასევე რესურსებში – რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლებთან აქტიური ურთიერთობის გაუმჯობესებას ადა გაყიდვებისა თუ აუდიტორიისთვის ახალი გამოცდილების შექმნას.
ამის სახალისო მაგალითია, როდესაც იტალიური რესტორნიდან სადილის გამოძახების პარალელურად, მომხმარებლებმა რესტორნის ლოგოთი მარკირებული ტუალეტის ქაღალდი მიიღეს, რომელიც იმ დროისთვის წარმოუდგენლად ღირებული და მოულოდნელი საჩუქარი აღმოჩნდა. როდესაც ტუალეტის ქაღალდი მაღაზიაში ძნელად იშოვებოდა, რესტორანმა, რომელსაც პროდუქტი ჭარბად შემოენახა, რადგან სტუმრების ადგილზე მიღება აღარ უწევდა, მომხმარებლებს განსაკუთრებული გამოცდილება შეუქმნა.
ნუ დაივიწყებთ ფიზიკური გარემოს გამოყენებას სოციალური დისტანცირების პირობებშიც. ცოტათი დაფიქრებით და წინასწარ დაგეგმვით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თქვენი ფიზიკური სამყარო ვირტუალური შეხვედრების დროსაც კი და აუდიტორიასთან ფიზიკური კონტაქტი შეინარჩუნოთ.
მაგალითად, ერთ-ერთი ღვინის მფლობელმა, ღვინის ვირტუალურ დეგუსტაციაზე სომელიეები მოიწვია. მათ წინასწარ სამი ბოთლი გაუგზავნა და დათქმულ დროს, ღვინის დაგემოვნების 30-წუთიანი შეხვედრაც შესაძლებელი აღმოჩნდა.
Covid-19-ის მიერ შექმნილი რეალობა კვლავ გამოწვევაა, მაგრამ წინააღმდეგობებთან ერთად, მას შეუძლია მოულოდნელი შესაძლებლობების შექმნაც. გააზრებული ცვლილებებით, დაგეგმვითა და წარმოსახვის უნარით, თქვენი გაყიდვების სტრატეგია, გაყიდვების გამოცდილება და მომხმარებლებთან ურთიერთობა შეიძლება, პანდემიამ უფრო მყარი გახადოს.
წყარო: HBR












