in

4 დღიანი სამუშაო კვირა – თანამშრომლების გაბედნიერების შესაძლებლობა?!

ზელანდიურმა კომპანიამ Perpetual Guardian საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. ფირმის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თანამშრომლები, გარკვეული პერიოდი, კვირაში 4 დღე, ანუ 32 საათი მუშაობდნენ. ოღონდ, მათი ანაზღაურება არ შემცირებულა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

შედეგად, თანამშრომლებში სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსი 24%-ით გაიზარდა, „სტაფის“ თითოეული წევრი უფრო შემოქმედებითი და პუნქტუალური გახდა, ბევრად მეტი ენერგიითა და ხალისით მიდიოდნენ სამსახურში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემცირდა ადრე წასვლისა და Day Off-ების რაოდენობა. Perpetual Guardian-ის ხელმძღვანელები შედეგებით იმდენად კმაყოფილები დარჩნენ, რომ სამომავლოდ, კომპანიაში მუშაობის ამ მოდელზე გადასვლას აპირებენ.

ოკლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორის კაროდ ჰაარის თქმით, ექსპერიმენტის დროს,  თანამშრომლების მუშაობის ხარისხი არ შეცვლილა. თუმცა, საქმეს 5-ის მაგივრად, 4 დღეში აკეთებდნენ. საინტერესოა ანაზღაურების ნაწილიც. ხელფასები იმიტომ არ შეცვლილა, რომ კომპანიაში, ჩვეულებრივთან შედარებით, ნაკლებს არავინ მუშაობდა. Perpetual Guardian -სა და შვედეთში ჩატარებული მსგავსი ექსპერიმენტის შედეგებს თუ დავეყრდნობით, ამ მოდელით, „სტაფი“ მეტად დატვირთული იყო და მისი თითოეული წევრი უფრო ეფექტურად მუშაობდა.

დიდი ხანია, კომპანიები თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაუმჯობესებას, მათი სხვადასხვა კუთხით წახალისებით ცდილობენ – აწყობენ დასასვენებელ ზონებს, მწვანე ოფისებს, აშენებენ პოზიტიურ კორპორატიულ კულტურას და ა.შ. თუმცა, 4 დღიანი, ანუ 32 საათიანი სამუშაო კვირა, ნამდვილად ახალია და როგორც ჩანს, შესაძლოა, ამჟამინდელ მოდელზე ბევრად ეფექტურიც იყოს. Perpetual Guardian-მა თანამშრომლებს ერთი რამ ცხადად დაანახა: „ჩვენ დაინტერესებულები ვართ თქვენით და თქვენი კარგად ყოფნა გვადარდებს“.

საბოლოოდ, ყველაფერი ისევ კომპანიისთვის არის სასარგებლო და ეს ყველამ იცის. თუმცა, თუ გსურს, სარგებელი მიიღო, იმ ადამიანებზე უნდა იზრუნო, ვინც შენს წარმატებას შესაძლებელს ხდის.

რეალურ ცხოვრებაში, ნებისმიერმა კომპანიამ შეიძლება მიაღწიოს ასეთ შედეგს, ან საპირისპიროდ განვითარდეს მოვლენები, რადგან ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგრამ ბიზნესის ხელმძღვანელებსა და ანტრეპრენუარებს უნდა ესმოდეთ, კომპანიები ყოველ დღე მიდიან რისკზე თანამშრომლების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და იმედიც აქვთ, რომ ეს ბიზნესის შედეგებზე აისახება.

და ბოლოს, თუ რომელიმე კომპანიის წარმომადგენელს მსგავსი ექსპერიმენტი აინტერესებს, კარგი იქნება, თანამშრომლებს, „სახლიდან მუშაობის დღე“ შესთავაზოს და შედეგებს დააკვირდეს.

წყარო: inc.com



რა უნდა გავითვალისწინოთ სკოლის შერჩევისას? – პაატა ამონაშვილის ვიდეობლოგი

როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა პროდუქტიულობა?! – ოფისის მოწყობის უახლესი ტრენდები