17
Dec
2019

42 – გრაფიკული ხელოვნებისა და ტკბილეულის მაღაზია ერთ სივრცეში

17 Dec 2019

Startauperi
Startauperi


ბარნოვის 42-ში 17 დეკემბერს ახალი სივრცე “42” იხსნება, რომელიც ერთგვარი კონცეპტუალური მაღაზიაა. სივრცე ტკბილეულისა და გრაფიკული დიზაინის მაღაზიას აერთიანებს, ასევე, აქ შეგიძლიათ, ვიეტნამური ყავაც დააგემოვნოთ. 42 მრავალისტორიაგამოვლილი ადგილია, რომელსაც რუსო და მაშო მარგიშვილები თავიანთ ბავშვობას უკავშირებენ. მაღაზიაში სწორედ მათი ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა შეგეძლებათ. მყუდრო სივრცეზე უფრო დაწვრილებით რუსოს და მაშოს გავესაუბრეთ:

M: მოგივყევით 42 / Concept Store-ის კონცეფციის შესახებ..

რუსო: „42“ ჩვენი ოჯახის  პატარა კონცეპტ სთორია, რომელიც ჩვენი სახელოსნოს შესასვლელში მოვაწყვეთ და სახელოსნოს გაგრძელებასავითაა. იქაურობას დედაჩვენი აწყობს და მართავს. ჩვენ უფრო კონსულტანტებივით ვართ.

მაშო: გვინდა, რომ სივრცემ მუდმივი ტრანფორმაცია განიცადოს და ყოველთვის მზად იყოს ახალი, შემოქმედებითი გამოწვევებისთვის.

M: რას ნახავს/რისი შეძენა შეეძლება აქ მოსულ მომხმარებელს?

რ: პროდუქცია ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ: პირველ რიგში, „42“ იმუშავებს როგორც კაფე და ტკბილეულის მაღაზია. ტკბილეულს, ძირითადად, ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები მოამზადებენ. იქნება საცხობი „მერენგას“ ნამცხვრები, პატარ-პატარა დესერტები, უცნაური ჯემები… ნელ-ნელა ცოტათი უნიკალურ ტკბილეულსაც დავამატებთ.

მეორე ნაწილი გრაფიკული ხელოვნების მაღაზიაა. აქ შეძლებთ, შეიძინოთ ზინები, გრაფიკული პრინტები, ბარათები, სტიკერები, ორიგინალი ნახატები, ა.შ.

მ: გარდა ამისა, მგონი, თბილისში ერთადერთი ადგილია, სადაც შეძლებთ მიირთვათ ვიეტნამური ყავა. ვიეტნამში დაახლოებით ცხრა თვე გავატარე და ეს ყავა მაშინ აღმოვაჩინე. მოგვიანებით რუსომ და ჩვენმა მშობლებმაც გასინჯეს და გადავწყვიტეთ, რომ ვიეტნამში გატარებული დღეების სამახსოვროდ მენიუს მთავარი სასმელი ეს ყავა ყოფილიყო.

ვიეტნამური ყავა არომატული და საკმაოდ ძლიერია, რომელსაც საკუთარი, უნიკალური დამზადების მეთოდი აქვს.

M: საიდან გაჩნდა იდეა, შეგექმნათ ეს სივრცე? როგორ მიხვედით აქამდე?

მ: იდეა დიდ ხანს ყალიბდებოდა. ამ მისამართზე ადრე ჩვენ ვცხოვრობდით, მე და რუსო იქ გავიზარდეთ ჩვენს მესამე დასთან, ელენესთან ერთად. ჩვენი ძმა რომ დაიბადა, იქ ვეღარ დავეტიეთ და სხვაგან გადავედით, რის მერეც ამ ბინამ მრავალჯერ განიცადა ტრანსფორმაცია.

რ: სადღაც 8 წლის წინ ბინა სახელოსნოდ გადავაკეთეთ, სადაც ჯერ მე და მამა ვმუშაობდით არქიტექტურულ პროექტებზე, მერე მაშოს ჰქონდა გრაფიკული დიზაინის სახელოსნო მეგობართან ერთად ან მაშოლენდის პერსონაჟებს ხატავდა. ბოლო წლებში აქ ყველაზე ხშირად იქ დედაჩვენის ვორქშოფები ტარდება. დედა ბავშვებს (და ზოგჯერ უფროსებს) გამოყენებით დიზაინს და ხელოვნების ისტორიას ასწავლის. თავიდან ფიქრობდა, რომ იქაურობა ქო-ვორქინგ სივრცე ყოფილიყო, სადაც სხვა შემოქმედებით ხალხს მოვიზიდავდით. ბოლოს გადაწყვიტა, რომ პატარა მაღაზია და კაფე გაეხსნა.

ამ პერიოდში მამამაც არქიტექტორობიდან ცოტა პროფილი შეიცვალა და ავეჯის დიზაინის მიმართულებით დაიწყო მუშაობა. ვფიქრობთ, მაღაზია თუ გაიზარდა, მამას ავეჯის და განათებების ნაწილი იქ გაიყიდება.

M: რამდენი ხანი დაგჭირდათ მის შესაქმნელად და როდის გახსენით ის?

რ: დედა დიდი ხანია, ჩვენი სტუდიის ტერიტორიის სახეცვლილებაზე ფიქრობდა, თუმცა ამ კონკრეტული კონცეფციის დახვეწა გაზაფხულზე დაიწყო. მე და მაშო ამ ეტაპზე ნიუ-იორკში ვართ და შორიდან ვეხმარებით იდეებითა და მასალებით. მზადება ცოტა ხნის წინ დაასრულა და 17 დეკემბერს ვიხსნებით!

M: როგორ ფიქრობთ, როგორი განვითარება შეიძლება, რომ ჰქონდეს მას? სამომავლოდ რას გეგმავთ?

რ: “42”-ის განვითარება რამდენიმე ეტაპად წარმოგვიდგენია: ჯერერობით გრაფიკული ნაწილი მცირეა, თუმცა სამომავლოდ სხვადასხვა ხელოვანთან თანამშრომლობასაც ვფიქრობთ, რათა მათი ნამუშევრებიც შევთავაზოთ სტუმრებს. გვინდა, რომ ნელ-ნელა სივრცის მეტი ნაწილი ავითვისოთ და სხვადასხვა ფუნქცია და მიმართულება დავამატოთ, მცირე ზომის ავეჯიდან ტანსაცმელამდე. ჩატარდება ვორქშოფებიც, ფილმებისა და წიგნების საღამოები, გამოფენა-გაყიდვები. დანარჩენი ალბათ გასნის შემდეგ, ამუშავებისას უფრო გამოიკვეთება.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა