in

„47“ – ვახშმის სალონური კულტურა „ანტრეს“ შემქმნელებისგან!

უკვე რამდენი წელია, რაც „ანტრე“ თავის კოხტა სივრცეში გემრიელი ხემსისთვის ეპატიჟება სტუმრებს. ის არამხოლოდ საქართველოში იქცა lovemark-ად, არამედ ლონდონელებსა და ბაქოელებსაც გაუზიარა გემრიელი საუზმის მადლი. ახლა კი, მისმა შემქმნლებმა ახალი კონცეფციის რესტორანი ჩამოაყალიბეს, რომელმაც კოტე აფხაზის #47-ში დაიდო ბინა. სახელწოდებაც მისამართიდან გამომდინარეობს – „47“. ახალი კულინარიული სივრცე არამხოლოდ კერძებით დაგამახსოვრებთ თავს, არამედ გულდასმით შერჩეული დეტალებითა და ფუნქციურობით – ჩანაფიქრის მიხედვით, ის ხელოვანებისთვის ერთგვარ სცენად იქცევა და იდეის ავტორების მსგავსად, მზად იქნება ექსპერიმენტებისათვის. მარკეტერის შეკითხვებს რესტორნის თანადამფუძნებელი ჟან მიშელ შარლი პასუხობს.

M: როგორც ვიცით, რესტორნის იდეა ბავშვობას უკავშირდება. რა წინაპირობა უძღოდა „47“-ის ჩამოყალიბებას?

სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ მონტონში, რესტორატორების ოჯახში დავიბადე და გასაკვირი არაა, რომ პატარა ასაკიდანვე მომიწია იმ ორომტრიალში ჩართვა, რასაც სარესტორნო სფერო ჰქვია. 6 წლიდან, მე და ჩემი და-ძმა მშობლებს რესტორანში ვეხმარებოდთ. მოგვიანებით, სწორედ ეს ჯადოსნური სამყარო, რომლიდანაც ჯერ კიდევ არ გამოვსულვარ, იქცა ჩემს მამოძრავებელ ძალად.

ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც კვების სექტორში ვარ, მაგრამ მაინც მუდამ თან დავატარებ იმ ემოციებს, რაც ბავშვობაში გამიჩნდა. ახლა კი მინდა, რომ ეს გრძნობები სხვა ადამიანებსაც, კერძოდ კი, რესტორან „47“-ის სტუმრებსაც შეძლებისდაგვარად გავუზიარო.

M: როგორია თქვენი წარმოდგენით, ის იდეალური სივრცე, რომლის შექმნასაც „47“-ის საშუალებით გეგმავთ?

გვინდა, შევქმნათ სივრცე, რომლის სტუმრებიც ერთდროულად უნიკალური კერძებით, გამორჩეული ატმოსფეროთი და ხელოვნებით დატკბებიან. ამის განსახორციელებლად კი, ყველა კომპონენტი გვაქვს — ჩვენი კერძები მხოლოდ სეზონური და ჯანსაღი ინგრედიენტებისგან მზადდება; ღია ღუმელი და სამზარეულო მთელ რესტორანში განსაკუთრებულ ენერგიას ქმნის, ამავდროულად, ძალიან მალე ვაპირებთ, რომ ეს სივრცე მუსიკის მოყვარულთათვისაც რჩეულ ადგილად იქცეს.

M: როგორც ახსენეთ, „47“-ის ფილოსოფია წლების განმავლობაში ყალიბდებოდა – მაინც, რას გულისხმობს ის?

„47“-ის ფილოსოფიაზე რამდენიმე წელი ვიმუშავეთ – ამოცანა იყო, შეგვექმნა ატმოსფერო – ადგილი გულწრფელი საუბრებისთვის მაგიდის გარშემო, ბართან ან ღია სამზარეულოში. ამისათვის, დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიტანეთ გრილის ხაზი, სადაც შეშასა და ნაკვერჩხალზე ვამზადებთ კერძების აბსოლუტურ უმრავლესობას. გრილი სპეციალურად ჩვენთვის შეიქმნა კომპანიაში, რომლის სლოგანიც ძალიან მოგვწონს: “If you can dream it, we can build it”.

ამავდროულად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კერძების მომზადების საშუალება, არამედ თავად ინგრედიენტებიც. ამიტომაც გადავწყვიტეთ, მხოლოდ სეზონური პროდუქტები გამოვიყენოთ, რასაც იმ მცირე ფერმერებისგან ვიღებთ, ვინც ამ საკითხში ჩვენს შეხედულებებს იზიარებენ.

M: რა განსაკუთრებული შთაბეჭდილებები ელის 47-ში სტუმარს? 

„47“ არის ჩვენ მიერ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და ემოციები, რომელიც თითოეული სტუმრის თეფშზე უნიკალურ კავშირს ქმნის ხალხებს, გემოებსა და კულტურებს შორის.

რესტორან „47“-ში შევეცადეთ, მოგვეწყო სივრცე ღია ცეცხლის საშუალებით შექმნილი კულინარიისათვის, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ ჩვენს სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მოუტანს. 

M: როგორც ვიცით, გულდასმით იმუშავეთ ინტერიერზე – როგორაა ნაფიქრი დეტალები?

„47“ რამდენიმე წლის მანძილზე იქმნებოდა, შესაბამისად, ინტერიერიც ნელ-ნელა, ორგანულად ყალიბდებოდა და ივსებოდა. რომ იცოდეთ, მე და ჩემს პარტნიორს რამდენი უნიკალური ნივთი გვაქვს ჩემოდნით ჩამოტანილი, რომელსაც ევროპის სხვადასხვა კუთხეში შემთხვევით  გადავაწყდით და რომელიც, ჩვენი ხედვით, სარესტორნო-სალონური კულტურის აუცილებელი ნაწილია. დეტალებზე ბევრი გვაქვს ნაფიქრი – კედლების დეკორით დაწყებული, საშაქრით დამთავრებული. დიდი ყურადღება დავუთმეთ ბარის ნაწილსაც – სახელდახელოდ ჩამოგვაქვს მცირე, ექსკლუზიური ნაწარმები მესკალის, ტეკილას, ვისკის ან ჯინის მიმართულებით.

M: როგორი წარმოგიდგენიათ „47“, როგორც ხელოვნებისთვის განკუთვნილი სცენა? 

ვაპირებთ, რომ ჩვენი სივრცე არა მხოლოდ განსაკუთრებული გემოების შესაქმნელად გამოვიყენოთ, არამედ ხელოვნებისთვის განკუთვნილ სცენად ვაქციოთ, მისი ყველა შესაძლო ფორმით. მაგალითად, მუსიკოსებს საშუალებას მივცემთ, შეასრულონ ხარისხიანი მუსიკა ჩვენს სივრცეში, მოვაწყობთ ბევრ ექსპერიმენტულ პროექტს, კლასიკური მუსიკისა და ჯაზის ჟანრში. სივრცე დაეთმობა როგორც მსოფლიოში აღიარებულ არტისტებს, ისე დამწყებ, ახალბედა და გემოვნებიან ადამიანებს.

M: რას ნიშნავს თქვენთ საცხობის ქსელიდან სარესტორნო მიმართულებით გაფართოება? 

ჯგუფ „ანტრეს“, რომელიც საცხობების ქსელის სახელით თბილისში, ბაქოსა და ლონდონში ოპერირებს, 2008 წლიდან იცნობენ. მე და ჩემს ქართველ პარტნიორს გვქონდა ოცნება, შეგვექმნა ისეთი სარესტრონო-სალონური სივრცე, სადაც სრულიად სხვადასხვა სფეროდან საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს შეხვედრისა და დროის საინტერესოდ გატარების საშუალებას მივცემდით. თავის დროზე „ანტრემ“ თბილისში საუზმის კულტურა შექმნა – დილის რვა საათზე, 2008 წელს, მხოლოდ ჩვენ ვიხსნებოდით და ეს იყო ერთადერთი ადგილი ქალაქში, სადაც თამბაქოს მოწევა პირველივე დღიდან აკრძალული იყო (ამას ბევრი გვიპროტესტებდა, მაგრამ გვჯეროდა, რომ სადაც უსაფუარო, ორგანული პური ცხვება, დაუშვებელია თამბაქოს კვამლი). ახლა, ეს თბილისის ნებისმიერ სივრცეში ნორმად ითვლება. დროთა განმავლობაში, ჩვენს გუნდში მომწიფდა ხედვა: „ვახშამი, როგორც სალონური კულტურა“, ხალხის, ემოციების, გემოებისა და ინტერესების ჯადოსნური ბმის ადგილი, სადაც ხორცი შეესხმება უნიკალურ კულტურულ ექსპერიმენტებსაც.

[R]

უდიდესი კარიერული შეცდომა, რომლის შესახებაც რეი დალიო გვაფრთხილებს

„ეძიე დისკომფორტი“ — ფრაზა, რომელიც განვითარებაში გვეხმარება