დასრულდა 48 საათიანი ჰაკათონი Garage48 “Gemification&Entertainment”, სადაც პროგრამისტებმა, დიზაინერებმა, მარკეტერებმა, მეწარმეებმა და პროექტ–მენეჯერებმა განავითარეს კრეატიულ იდეები და შექმნეს სამუშაო პროტოტიპები. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მონაწილემ, რომლებმაც ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად.
უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა:
I ადგილი – Georgian Hero – აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები შეძლებენ მარტივი დროებითი სამსახურების მოძიებას.
II ადგილი – Clap – პროგრამა, რომელიც ერთ სივრცეში მოაქცევს მუსიკალურ ღონისძიებებს, გაამარტივებს ბილეთების შეძენას და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
აუდიტორიის რჩეული გახდა Proffesion Detector – ვებგვერდი, რომელიც უადვილებს ახალგაზრდებს პროფესიის შერჩევას. ტექნიკურად ყველაზე ძლიერი გუნდის სტატუსი მოიპოვა აპლიკაციამ Ladybug, რომელიც ეხმარება ადამიანებს დაკარგული ნივთების მოძიებაში. ყველაზე დიდი გლობალური პოტენციალის მქონე იდეა გახდა Challen.ge – ვებგვერდი, რომელიც ეხმარება ადამიანებს სხვადასხვა სირთულის გადალახვაში. ასევე, გამოვლინდნენ ყველაზე გიჟური იდეას ავტორები პროექტი Maika, ხოლო საუკეთესო პრეზენტაციისთვის დაჯილდოვდა გუნდი Elysium.
პირველი ადგილის მფლობელებს გადაეცათ ფულადი ჯილდო თიბისი ბანკისგან 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილს ერთთვიანი წევრობა Impact Hub Tbilisi-ში.
ჰაკათონის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.
Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. Garage48-ის ადგილობრივი პარტნიორები არიან Impact Hub Tbilisi და თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი.