in

როდის იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი 4G?!

საქართველოში მოქმედი კავშირგაბმულობის ოპერატორი კომპანიები მზად არიან მომხმარებელს მეოთხე თაობის ინტერნეტი შესთავაზონ. საამისოდ 4G-ს ლიცენზიის ბაზარზე გამოტანაა საჭირო. ეს კი ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაა.

4g_lte_logo_640x360

კომპანიების თქმით, მიმართვის მიუხედავად, მარეგულირებელს ლიცენზია აუქციონზე არ გამოაქვს და არც ამის კონკრეტულ მიზეზს ასახელებს. კომისიაში კი ამბობენ, რომ რადიოსიხშირული სპექტრის ლიბერალიზაციის საკონსულტაციო დოკუმენტი ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, საქართველოს მთავრობას და პარლამენტსაც გაეგზავნა და ყველას ინტერესში შედის, რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული აუქციონების გამოცხადება. თუმცა, კონკრეტულ დროს არ ასახელებენ.

კომპანია „ბილაინის“ პიარ მენეჯერი თეონა ბაღდავაძე ამბობს, რომ 4G -ს განსაკუთრებული სიჩქარე აქვს და მსოფლიო ყველა სტანდარტს პასუხობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, ასევე ეკონომიკისთვისაც. 300 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებაა შესაძლებელი. ამისთვის მზად ვართ როგორც ტექნოლოგიური განვითარების, ასევე ინვესტიციების განხორციელების კუთხით“.

თეონა ბარდავაძის თქმით, მეოთხე თაობის ინტერნეტის ლიცენზია სახელმწიფომ უნდა გამოიტანოს აუქციონზე, რომ კომპანიებმა შეისყიდონ. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბაზარზე რომ შემოვედით 3G -ც გაყიდული იყო, ამიტომ კიდევ უფრო დაბალი სიჩქარის ინტერნეტს ვთავაზობთ აბონენტებს. ბევრჯერ მივმართეთ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას. თუმცა, აუქციონზე ამ დრომდე არ გამოუტანიათ. არც რაიმე კონკრეტული მიზეზი უთქვამთ, რატომ იწელება ეს პროცესი“.

საქართველოში მეოთხე თაობის ქსელის დანერგვას დადებითად აფასებენ „მაგთიკომშიც“ და ამბობენ, რომ ტექნიკურად მზად არიან მომხმარებელს აღნიშნული მომსახურება მიაწოდონ.

„მაგრამ საქართველოში მეოთხე თაობის ქსელების წარმატებული დანერგვისთვის საჭიროა შეიქმნას გარკვეული წინაპირობები: იმისათვის, რომ ოპერატორებმა შეძლონ მათ ხელთ არსებული 1800 მეგაჰერციანი სიხშირული სპექტრის გამოყენება მეოთხე თაობის ქსელის ასაგებად, აუცილებელია სიხშირეების ლიბერალიზაციის პროცესის დაწყება, რაც გულისხმობს ოპერატორის უფლებას გამოიყენოს მისთვის მინიჭებული სიხშირული სპექტრი თავისი შეხედულებისამებრ, გამოყენებული ტექნოლოგიის მიუხედავად.

დღევანდელი კანონმდებლობით, ყოველი კონკრეტული სიხშირული სპექტრის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ტექნოლოგიისთვის, მაგალითად 1800 მეგაჰერციანი სპექტრის გამოყენება შეიძლება მხოლოდ GSM ტექნოლოგიისთვის. ლიბერალიზაციის პროცესის დაწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს და ოპერატორებს ამ პროცესზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ყოვნდება აღნიშნული პროცესის დაწყება, ლიბერალიზაციის შესახებ დადგენილების მიღების შემთხვევაში მაგთიკომი მზადაა 3-4 წლის განმავლობაში 150 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს საქართველოში მეოთხე თაობის ქსელის დანერგვაში“- ამბობენ „მაგთიკომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ დაასრულეს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ საბჭოსთან.

„მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდება ტექნიკური დეტალები, კომისია აუქციონზე გამოიტანს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებს მეოთხე თაობის 4G ფართოზოლოვანი (ინტერნეტი) უსადენო მომსახურების უზრუნველსაყოფად. კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრის ლიბერალიზაციის საკონსულტაციო დოკუმენტი ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნდა, ეს დოკუმენტი საქართველოს მთავრობას და პარლამენტსაც გაეგზავნა და ვფიქრობთ, ყველას ინტერესშია რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული აუქციონების გამოცხადება“ – ამბობენ კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

ჩრდილოეთის ანგელოზი ბაგეტის რეკლამას აკეთებს.

ვენდის კაბარე – ახალი მუსიკალური კლიპი