26
Jul
2019

4MEDIA: „დამკვეთს პირდაპირ ვეუბნებით, რომ სამუშაო პროცესში ჩაერთონ“

26 Jul 2019

დიზაინერები, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები, კოპირაიტერები, ფოტოგრაფები, ოპერატორები შეიკრიბნენ მარკეტინგული კომპანია 4MEDIA-ს ქოლგის ქვეშ და გუნდის მთავარ უპირატესობად მრავალმხრივი ცოდნა მიიჩნიეს, რადგან „სწორედ სხვადასხვა პროფესიისა და მიმართულების ადამიანების ერთობლივი მუშაობა ქმნის საინტერესო და კრეატიულ პროდუქტს“.

4MEDIA უკვე 6 წელია, არსებობს. საწყის ეტაპზე მხოლოდ სოციალური მედიის კუთხით საქმიანობდა, ეტაპობრივად, google-ის, web-ის, ბრენდინგის მიმართულებები დაემატა და დღეს, კომპანია მთლიანად ციფრულ მარკეტინგშია გადართული.

როგორც სააგენტოს დამფუძნებელი, გიორგი კენჭუაშვილი გვიყვება, 4MEDIA-ს ბაზარზე განსხვავებული მიდგომა გამოარჩევს, რაც დამკვეთთან ურთიერთობის ფორმაში გამოიხატება – ლოგოს კონცეფციაც და სლოგანიც სწორედ ეს არის – “Let’s Work Together“ – პირდაპირ ვეუბნებით, რომ ჩაერთონ მათი პროდუქტის განვითარებაში. რა თქმა უნდა, ეს არ ითვალისწინებს, რომ ყოველ ნაბიჯზე წარმოდგენილები იყვნენ. 

ლოგო გამოხატავს ლათინურ ასო M-ს. ანუ, მედიის საწყის სახელს, ხოლო 4 ანუ FOR- ნიშნავს „მედიისთვის“. ფაზლის იდეა, რომელიც გამოხატულია ლოგოზე, ასე განვსაზღვრეთ: ფაზლი ერთიანობის გამოხატვის ერთ-ერთი სიმბოლოა. ჩვენ ხომ ჩართულობითა და ერთმანეთის დახმარებით, ერთობლივი მუშაობით ვიღებთ საბოლოო შედეგს. ჩვენი და დამკვეთის ერთიანი მუშაობა ქმნის პროდუქტს და თუ ამ პროცესში ის, ვისთვისაც ვმუშაობთ, არ ჩაერთო, მხოლოდ ჩვენ ან თუნდაც, ნებისმიერი სააგენტო, ღირებულ პროდუქტს ვერ შექმნის, – გიორგი კენჭუაშვილი.

M: გიორგი, უფრო დეტალურად მოგვიყევით 4MEDIA-ს საქმიანობაზე…
ბრენდინგი, ეს არის, ვიზუალური და თეორიული მხარის შექმნა, რომელიც აუცილებლად შესაბამისობაში უნდა იყოს კომპანიის სულთან. გვითანამშრომლია ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ვერანაირ თეორიულ მხარეს ვერ იყენებენ, ვერც სლოგანს, ფორმალურად აქვთ იმიტომ, რომ უნდა ჰქონდეთ. ასევე, ლოგოზე, ფერებზე, ზუსტად ამის გამოსწორებასა და შესაბამისი კონცეფციის შექმნას ემსახურება 4media.

რაც შეეხება WEB-ის მიმართულებას – ვსაქმიანობთ როგორც მზა ძრავის მიმართულებით, ასევე ნულიდან ვქმნით საიტს. დღესდღეობით, უფრო აქტიურად შემოდის მზა ძრავი; შესაბამისად, გამოვდივართ იქიდან, თუ რა მოთხოვნა აქვს კომპანიას და ამის მიხედვით ვთავაზობთ მორგებულ მომსახურებას. 

გუგლის პროდუქტებზეც რომ ვთქვათ, აქტიურად ვცდილობთ და გვაქვს კიდევაც კავშირი გუგლის აკადემიასა და გუგლის სერტიფიცირებასთან. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ერთვებიან და ვითარდებიან ამ მიმართულებითაც.

მეოთხე მიმართულება კი სოციალური მედიაა, რომელიც ჩვენს შემთხვევაში გულისხმობს კამპანიების ჭრილიდან გამომდინარე, პოსტერების, პრინტის შექმნას, კონტენტის მოფიქრებას, ბრიფის დაწერას და სხვა. 4MEDIA-ს მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას, გიორგი მხოლოდ რამდენიმეს გამოყოფს, მათ შორის: „მაწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“–  „პროექტის დაწყებიდანვე ჩართულები ვართ. მთელმა საქართველომ და მსოფლიომ იცის, თუ როგორ გვასახელა ლადო აფხაზავამ. წელს, უკვე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ სპონსორები ვართ“.

„მადლობა ბებოს“ – „დანონთან“ ერთად დავგეგმეთ. მათ ჰქონდათ პრომო ბებიების იდეა და განახორციელეს კიდევაც. „ბებო, როგორც უფრო სანდო“ – ჩვენ არსებული იდეა ციფრულ მარკეტინგში გადავიტანეთ. „მადლობა ბებოს“ მომხმარებლებს ბებიისთვის მადლობა უნდა ეთქვათ და სურათები აეტვირთათ, რასაც სოციალურ ქსელში დადებითი შეფასებები მოჰყვა.

„აღადგინე“ – „პროექტი ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნეს და ინფორმაციის სააგენტო „ბიასა“ და „ტრიფექსთან“ ერთად დაიგეგმა. არსებულ პროექტში ჩართული ვიყავით ციფრული მიმართულებით. საამაყოდ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გარკვეული ტყის მასივი ჩვენი ჩართულობით აღდგა“.  

4MEDIA-ს ამჟამინდელ საქმიანობასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს იმას, რასაც გიორგი კენჭუაშვილი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გვპასუხობს:

კომპანია 4MEDIA  და NAMQY ინოვაციური სწავლების მეთოდს შევეჭიდეთ, ლაივ სწავლების პლატფორმა შეიქმნა. ეს არ არის ონლაინ კურსები, ეს არის LIVE კურსები, რისი მეშვეობითაც, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს – ჩაატაროს ლექციები ან გაიაროს ტრენინგი და მყისიერი უკუკავშირი მიიღოს. ცოდნის გაცემა და მიღება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი, – გიორგი კენჭუაშვილი

თუმცა, უშუალოდ, სააგენტოს რაც შეეხება, ამბობს, რომ სურს, უფრო მეტად ჩაერთონ კონკურსებში. საკუთარი პასუხისმგებლობა აიღონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და უფრო აქტიურად გამოეხმაურონ, პრინტ და სხვა კამპანიებით.

განხილვა