in

რით ვჯობივართ ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს?

5 ადამიანური უნარი, რომლებიც AI-ს არ აქვს

პანიკაში მყოფი კლიენტი სააგენტოში რეკავს და ამბობს, რომ კამპანიის სრულად შეცვლა უნდა გაშვებამდე სამი დღით ადრე. არა იმიტომ, რომ რაღაც შეცდომით გაკეთდა, არამედ იმიტომ, რომ ის ცარიელია, ასე ვთქვათ, უსულო.

ჩნდება კითხვა – იყო თუ არა ჩართული კამპანიის შექმნაში ხელოვნური ინტელექტი? შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებობს ადამიანური უნარები,რომელთა რეპლიკაცია ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია. ეს კი შემოქმედ ადამიანებს არა მხოლოდ დასაქმებაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დაეხმარება.

რას მოიცავს ეს უნარები? ქვემოთ წარმოგიდგენთ 5 არეალს, რომლებიც, შემოქმედთა აზრით, ყოველთვის აჯობებს კოდის ხაზებს.

ადამიანების გაგების ინტელექტუალური უნარი

დამკვეთი ხშირად ითხოვს რაღაც ისეთს, რომელსაც ზუსტად ვერ აღწერს. ამ დროს მისი გაგება ზოგჯერ გამოცდილ დიზაინერსაც უჭირს, არათუ AI-ს. შეიძლება ყველა პიქსელი გეომეტრიულად იდეალური იყოს, მაგრამ ვერ გამოხატავდეს იმ აზრსა და სურვილებს, რაც დამკვეთს ჩანაფიქრში ჰქონდა.

სწორედ ამ ჩანაფიქრის ამოცნობაა ის უნარი, რომელიც მხოლოდ ადამიანებს გვაქვს. შეიძლება სიტყვასიტყვით ვერ აგვიხსნას დამკვეთმა, რა სურს, მაგრამ ჩვენ, როგორც ადამიანები, ვწვდებით მის ხედვას. 

ცხოვრებისეული გამოცდილება

ხელოვნური ინტელექტი ინტერნეტკონტენტიდან სწავლობს, ჩვენ კი ბევრად უფრო გამოცდილი მასწავლებელი გვყავს – ცხოვრება. მან შეიძლება ჩვენზე უკეთ იცოდეს ბრმა ფაქტები, მაგალითად, აშშ-ის დედაქალაქი, მაგრამ არ იცოდეს, რას ვაკეთებთ ადამიანები სხვადასხვა სიტუაციაში, რაზე ვფიქრობთ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილნი და რა მიგნებებს ვაკეთებთ ყოველდღიურობაში. 

მეგობრები, მეზობლებთან ურთიერობა ან, თუნდაც, ოჯახური ვახშმები, სადაც სამი თაობა ყველაფერზე კამათობს – ეს ქმნის კულტურულ გაგებას, რომელსაც ვერცერთი ალგორითმი ვერ შეედრება.

ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება მოგცეს კლიშეები, რეალურმა ცხოვრებამ კი ისეთი ხელჩასაჭიდი, რომელიც კარგი კამპანიის დაგეგმვაში დაგეხმარება.

ფიქრი ჩარჩოებს მიღმა

ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი უნარია ჩარჩოებს მიღმა გახედვა და თვალსაწიერის გაფართოება. ხელოვნური ინტელექტი შესანიშნავად ახერხებს იმის გამეორებას, რაც უკვე არსებობს, ადამიანები კი ახლის ძიების სურვილით ვართ გამსჭვალულნი, განსაკუთრებით, კრეატიულ ინდუსტრიაში ინოვაციები ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩვენ ხშირად შევდივართ უცხო მოედნებზე სათამაშოდ, რასაც AI ვერ აკეთებს.

რეალური ურთიერთობების მართვა

რადგან ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტ ტექნიკურ სამუშაოს ასრულებს, ადამიანური კავშირები უფრო ღირებული გახდება. ჩვენი კლიენტები არა მხოლოდ იდეებს ყიდულობენ, არამედ ნდობას, თანამშრომლობას და სიმშვიდეს იმ გაგებით, რომ არსებობს ვიღაც, ვინც ნამდვილად უმკლავდება მათ გამოწვევებს.

ამ ურთიერთობების დამყარება მოითხოვს უნარებს, რომელთა დაპროგრამება შეუძლებელია: მოსმენას, თანაგრძნობის გამოხატვას, იმის ცოდნას, თუ როდის უნდა წაახალისოთ მოსაუბრე და როგორ აგრძნობინოთ, რომ მისი გესმით.

ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა

ბოლო უნარი ჩვენს სიაში ცოტა განსხვავებულია – ხელოვნურ ინტელექტთან პარტნიორობა ადამიანური უპირატესობის შენარჩუნებით.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებ დროს დავხარჯავთ შექმნაზე, მაგრამ მეტ დროს დავუთმობთ კურატორობას, გადაწყვეტილების საბოლოო მიღებას, იმის უზრუნველყოფას, რომ შესრულებამ დააკმაყოფილოს რეალური, ადამიანური საჭიროებები, მათ შორის, ემოციურ დონეზეც.

დიახ, რუტინული ამოცანებისთვის ჩვენ სულ უფრო მეტად დავეყრდნობით ხელოვნურ ინტელექტს. თუმცა, ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება კონტექსტის გაგებაზე, ურთიერთობების დამყარებაზე, შემოქმედებითი რისკების საკუთარ თავზე აღებასა და კულტურული ხედვის გამოვლენაზე.

ჩვენი ღირებულება გამოიხატება იმაში, რომ შეგვიძლია, უფრო ღრმა მიზნებს ვემსახუროთ, ვიდრე ალგორითმულ ჩარჩოებში მოქცევაა.

როგორ გამოვიყენოთ ამბის თხრობა სტრესის დასაძლევად

როგორ შეიძლება გამოიყენონ ცილა ალცჰეიმერის პრევენციისთვის