in

ეს 5 AI ხელსაწყო Chrome-ში ელ.წერილების წერა-კითხვას გაგიმარტივებთ

მოგვწონს თუ არა, ელ.წერილები ჩვენი სამუშაო დღის განუყრელი ნაწილია. გამოწვევას კი მათი წაკითხვა თუ დახარისხება წარმოადგენს ისე, რომ არც ბევრი დრო დავხარჯოთ და არც ენერგია. ამ საქმისთვის კი, რაღა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტს უნდა მივაკითხოთ, რომელიც ელ.ფოსტის AI ხელსაწყოებით სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას გვპირდება. ამაში ახლა თავად დარწმუნდებით, რადგან ვაპირებთ ის ინსტრუმენტები გაგაცნოთ, რომლებსაც პირდაპირ Chrome-ზე დაამატებთ:

Compose AI: ელ.წერილების შედგენა შეუფერხებლად

პირდაპირ Gmail-ის საწერ ფანჯარაში ინტეგრირდება და წერისას შემოთავაზებებს გაცნობთ. უბრალოდ უნდა მიუთითოთ რამდენიმე საკვანძო სიტყვა ან მოკლე აღწერილობა იმისა, რაც ტექსტში გინდათ, რომ თქვათ, შემდეგ კი შეგიძლიათ, უყუროთ, როგორ შექმნის ტექსტს თქვენთვის ხელოვნური ინტელექტი. 

ძალიან პრაქტიკული ფუნქციაც ახლავს, რომელიც ერთი კლიკით ელ.წერილზე პასუხის გაცემის საშუალებას გაძლევთ, მიღებული შეტყობინებების კონტექსტის მიხედვით სწრაფ პასუხებს გთავაზობთ.

Compose AI-ის უფასო ვერსია ყოველთვიურად AI-ის მიერ გენერირებულ 1500 სიტყვას გიზიარებთ, პრემიუმ ვერსიაში კი აღნიშნული მაჩვენებელი, წერის ხარისხთან ერთად, იზრდება. თუმცა, ეს უკანასკნელი თვეში 10 დოლარი დაგიჯდებათ.

InboxPurge: დააორგანიზეთ ელ.წერილები

გადავსებული შეტყობინებების ყუთი სტრესის წყაროდ შეიძლება იქცეს, მაგრამ არა AI ეპოქაში, რადგან InboxPurge ხელოვნურ ინტელექტს ელ.ფოსტების იდენტიფიცირებისა და დახარისხებისთვის იყენებს, გთავაზობთ ვარიანტებს გამოწერის გაუქმებისთვის, წაშლისა თუ არქივში მოთავსებისთვის.

თვეში 20 უფასო ქმედებას გთავაზობთ, ხოლო პრემიუმ გამოწერა 4 დოლარიდან იწყება და კიდევ უფრო გაუმჯობესებულ შედეგებს სთავაზობს გამომწერებს. ერთჯერადი 5-დოლარიანი გეგმაც აქვს, რომელიც კვირის მანძილზე ყველა ფუნქციას ხდის ხელმისაწვდომს. შესაბამისად, იდეალურია პერიოდული დასუფთავების მსურველთათვის.

Mailmeteor: გაზარდეთ პროდუქტიულობა

ეს ხელსაწყო საშუალებას გაძლევთ, ელ.წერილი იდეალურ დროს გაგზავნოთ, მაშინ, როცა თქვენ ონლაინაც კი არ იქნებით. უფასო გამოწერის ფარგლებში, ერთდროულად სამი კამპანიის გაშვება და 50 პერსონალიზებული ელ.ფოსტის გაგზავნაა შესაძლებელი რამდენიმე პირისთვის. ხოლო ფასიანი ვერსია, თვეში 5 დოლარიდან იწყება, რითაც ელ.ფოსტების ლიმიტიც იზრდება და დამატებითი ფუნქციებიც ჩნდება, მათ შორის მეტად პერსონალიზებული ელ.ფოსტების შედგენა მრავალი ცვლადით და სხვა AI ფუნქციებთან ინტეგრაცია. 

Concisely: შეაჯამეთ ელ.წერილები ავტომატურად

თუ გრძელი ელ.წერილის წაკითხვის დრო არ გაქვთ, არც ესაა პრობლემა. Concisely მოკლე შეჯამებას შემოგთავაზებთ მთავარი ინსაითებით. შესაბამისად, ძალიან გამოსადეგი გახდება ახალი ამბების, რეპორტებისა და გრძელი დისკუსიების დროს, სადაც მხოლოდ ძირითადი ამბის გაგება გსურთ. თანაც, ხელსაწყო სრულიად უფასოა და ამისთვის არანაირი გამოწერა დაგჭირდებათ.

Grammarly: აკონტროლეთ ტონი

დაბოლოს, AI თქვენი ელ.ფოსტების ტონზეც იზრუნებს, რათა კომუნიკაცია მეტად ეფექტური იყოს. Grammarly-ის უფასო ვერსია შეტყობინებების ტონს გაანალიზებს და გაცნობებთ, როგორ შთაბეჭდილებას დატოვებთ რეციპიენტზე. გრამატიკის შესამოწმებელი ჩაშენებული ფუნქციებიც აქვს, რომელიც მეტად მკაფიო და პროფესიონალური ტექსტების შექმნას გაგიმარტივებთ. 

უფასო ვერსია გრამატიკის, მართლწერისა და პუნქტუაციის შემოწმებაზე იღებს პასუხისმგებლობას, ტონზეც იზრუნებს და შეზღუდული რესურსებით AI ტექსტებსაც დააგენერირებს. ხოლო ფასიანი ვერსია, თვეში 12 დოლარი ჯდება და ტონის გაუმჯობესებულ ვერსიებს შემოგთავაზებთ, მეტად მკაფიო ტექსტებით იქნება წარმოდგენილი, ლექსიკაც უფრო მდიდარი ექნება და პლაგიატის დადგენაზეც იზრუნებს. 

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილი განათლების შესაძლებლობა — როგორია საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები

ანაზღაურებადი სტაჟირება INKOMPASS-ის პროგრამით