in

მოგზაურობას აპირებთ? — 5 აპლიკაცია, რომლებიც Google Maps-ის ნაცვლად გამოგადგებათ

Google Maps და Apple Maps ყველამ ვიცით, თუმცა ყოველთვის საუკეთესო ვარიანტს არცერთი წარმოადგენს. ამიტომ, 5 ალტერნატიულ აპლიკაციას გაგაცნობთ, რომლებიც ნავიგაციასა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაში დაგეხმარებათ მოგზაურობის დროს. სამხრეთ კორეაშიც რომ გადაწყვიტოთ წასვლა, მაშინაც კი… მოდით, დავიწყოთ:

1. Citymapper 

ერთი ფუნქციით ყველა სხვა აპლიკაციისგან გამოირჩევა — ნავიგაციაში გეხმარებათ მსოფლიოს საუკეთესო ქალაქებში, არ აქვს მნიშვნელობა, ფეხით გადაადგილდებით, მანქანით, სკუტერით, ტრამვაით თუ სხვა რაიმეთი, იმაზე მეტ არჩევანს შემოგთავაზებთ ამ კუთხით, ვიდრე ეფლი ან გუგლი.

Citymapper-ის აპლიკაცია განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკაში: ადგილობრივებსა და სტუმრებს ნავიგაციას ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ვაშინგტონში განსაკუთრებით უმარტივებს. აპლიკაცია ამერიკის 28 ქალაქში გვთავაზობს მხარდაჭერას, თუმცა, ამასთან, ევროპის 72 ქალაქშიც შეგვიძლია დავიხმაროთ, რასაც აზიის ისეთი ლოკაციები ემატება, როგორებიცაა ტოკიო, სეული და ჰონგ-კონგი.

2. Moovit

თუ ამერიკაში ან ევროპის უდიდეს ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება დაგჭირდებათ, Google Maps ან Apple Maps A წერტილიდან B წერტილამდე მშვენივრად მიგიყვანთ. თუმცა, თუ ისეთ ქვეყნებში გადაწყვეტთ წასვლას, რომლებშიც ნაკლებად მოგზაურობენ, აქ დიდად არ გამოგადგებათ. საბედნიეროდ, Moovit არსებობს, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს 122-ზე მეტ ქვეყანასა და 3400 ქალაქში გთავაზობთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

მათ შორის გლობალური სამხრეთიც გვხვდება, რაც ხშირად უგულებელყოფილია მრავალი სატრანზიტო აპლიკაციის მიერ. თუ აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში ან აზიის დიდ ქალაქებში აპირებთ მოგზაურობას, დიდი ალბათობით, Moovit სასარგებლო ინფორმაციებს მოგაწვდით. 

ერთი კარგი ამბავი აქ კიდევ ის არის, რომ აპლიკაცია ქალაქის სატრანზიტო რუკების გადმოწერის შესაძლებლობას გთავაზობთ, რათა იგი offline-აც გამოიყენოთ.

3. Naver Map

ცოტა ქვეყანას თუ აქვს ისეთი საოცარი ისტორია, როგორიც სამხრეთ კორეას. ტექნიკურად, ისევ ომშია ჩრდილოეთ კორეასთან, 1960-იანი წლების შემდეგ სწრაფად განვითარდა, ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ერად იქცა… მოკლედ, თუ სამხრეთ კორეაში სტუმრობას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ წასვლამდე Naver Map-ის აპლიკაციას გადმოიწერთ.

მარტივად რომ გითხრათ, სამხრეთ კორეის Google Maps-ია. მართალია, ქვეყანაში Google Maps-ისა და Apple Maps-ის გამოყენება ჩვეულებრივ შეგიძლიათ, მაგრამ ტრანსპორტის მიმართულებებით დიდად არ გამოირჩევა. ეს ფაქტი სამხრეთ კორეის კანონმდებლობის ბრალია, რომელიც რუკების პროვაიდერებს ავალდებულებს, მონაცემები ქვეყნის შიგნით შეინახონ. ამას კი არც გუგლი აკეთებს და არც ეფლი. ამიტომაც, Naver Map-ს ადგილობრივებიც ხშირად მიმართავენ და ინგლისურ ენაზეც არის ხელმისაწვდომი.

4. Rome2Rio

ზემოთ ჩამოთვლილი აპლიკაციები თუ კონკრეტულ ქალაქებსა და ქვეყნებს ერგება, თქვენ კი ბევრ ადგილას მოგზაურობა გადაწყვიტეთ, მაგალითად პორტუგალიიდან ფინეთამდე და გზად ბევრ ქალაქშიც აპირებთ გაჩერებას, საუკეთესო არჩევანი Rome2Rio იქნება.

აპლიკაცია გაჩვენებთ, როგორ გადაადგილდეთ ერთიდან მეორე ადგილზე, არ აქვს მნიშვნელობა, მანქანით, მატარებლით, ავტობუსით, თვითმფრინავით თუ ბორნით და შერჩეული ტრანსპორტის მიხედვით ფასებსაც გაგაცნობთ. 

5. Transit

დაბოლოს, აქ ტრანსპორტირებისთვის ყველაზე მარტივი აპლიკაციის ხსენებაც ღირს. კარგი ინტერფეისით მომხმარებელთა საჭიროებებს ერგება. მაგალითად, როგორც კი აპლიკაციას გახსნით, მაშინვე დაინახავთ თქვენთან ყველაზე ახლოს მყოფი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ვარიანტებს ისე, რომ ძიება არ დაგჭირდებათ. მარშრუტებს ფერადი დიაგრამების ფორმატითაც გაჩვენებთ, რითაც საშუალებას მოგცემთ, თქვენთვის საუკეთესო ვარიანტს ერთი შეხედვით მიაგნოთ.

Transit ამჯერად 25 ქვეყანასა და 870-ზე მეტ ქალაქშია ხელმისაწვდომი, მათ შორისაა ამერიკა, კანადა, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სხვა დიდი ქალაქები.

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ევროპული მოგზაურობის ახალი ეპიზოდის სტუმარი იაკი კაბეა – პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ცირკულარული ეკონომიკის როლი პლანეტარული საზღვრების დაცვაში