თუ თქვენი საბანკო ამონაწერიც იმ 9.99-დოლარიანი ყოველთვიური გადასახადების სასაფლაოს ჰგავს, რომლებიც საბოლოოდ ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდურ თანხად გიჯდებათ, მარტო არ ხართ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებმა მფლობელებიდან გამომწერებად გვაქციეს და ეს ყველაფერი არც ისე იაფი გვიჯდება. არ აქვს მნიშვნელობა, Mac-ის მომხმარებელი ხართ თუ PC-ის, ბაზარზე არსებობს ალტერნატივები, რომლებიც კორპორაციული გიგანტებისთვის ყოველთვიურ გადასახადს აღარ მოითხოვს. საუბარია პროფესიონალური დონის ინსტრუმენტებზე, რომლებიც ან სამუდამოდ უფასოა, ან იმდენად მძლავრი უფასო ვერსიები აქვთ, რომ ფასიანი ვარიანტების არსებობა საერთოდ დაგავიწყდებათ.
Affinity დიზაინისა და პუბლიკაციებისთვის
წლების განმავლობაში ინდუსტრიაში ერთი დაუწერილი წესი მოქმედებდა, რომლის თანახმადაც, რეალური დიზაინის შესაქმნელად ე.წ. Adobe-ის გადასახადი უნდა გადაგეხადათ, რათა Photoshop-ზე, Illustrator-სა და InDesign-ზე წვდომა გქონოდათ. თუმცა, ეს რეალობა შეიცვალა. მას შემდეგ, რაც გრაფიკული აპლიკაციების შემქმნელი ვეტერანი კომპანია Affinity-ს სადავეები Canva-მ აიღო ხელში, წარმოუდგენელი რამ მოხდა — საბაზისო პაკეტი, რომელიც Photo, Designer და Publisher პროგრამებს აერთიანებს, სრულიად უფასო გახდა. ეს არ არის რაიმე შეკვეცილი ვერსია, რომელიც ექსპორტის დროს გამოსახულებას watermarks-ს ადებს. ეს სრულფასოვანი, პროფესიონალური გამოცდილებაა. მომხმარებელი იღებს ხელსაწყოებს, layers-ს, masks-ს, ვექტორულ ინსტრუმენტებსა და ფუნქციებს წელიწადში 600-დოლარიანი Creative Cloud-ის ქვითრის გარეშე. რა თქმა უნდა, თუ ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული უახლესი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები გჭირდებათ, ფასიანი ვარიანტიც არსებობს, მაგრამ მომხმარებელთა 95%-ისთვის უფასო ვერსია სრულიად საკმარისი და გონივრული არჩევანია.
LibreOffice ტექსტების, ცხრილებისა და პრეზენტაციებისთვის
Microsoft 365 ყოველწლიურად ითხოვს თანხას მხოლოდ იმისთვის, რომ მემორანდუმის დაწერა ან ცხრილის შედგენა შეძლოთ. LibreOffice კი მარტივად უმკლავდება Word-ის დოკუმენტებს, Excel-ის ცხრილებსა და PowerPoint-ის პრეზენტაციებს, თანაც ისე, რომ ფუნქციონირებისთვის არც ინტერნეტთან კავშირი სჭირდება და არც Microsoft-ის ანგარიში. შეიძლება LibreOffice ისეთივე თანამედროვე არ არის, როგორც უახლესი ვებ-პლატფორმები, მაგრამ ის სწრაფია, სტაბილური და რაც მთავარია, მომხმარებლის კონფიდენციალობას პატივს სცემს. პროგრამა თანაბრად კარგად მუშაობს Windows-ზე, macOS-სა და Linux-ზე.
DaVinci Resolve ვიდეოსთვის
თუ ვიდეომონტაჟის ძვირადღირებულ პროგრამებში ფულს ისევ იხდით, სტრატეგიას აუცილებლად უნდა გადახედოთ. DaVinci Resolve ზუსტად ის პროგრამაა, რომელსაც ჰოლივუდის ბლოკბასტერების ფერების კორექციისთვის იყენებენ, მისი უფასო ვერსიის შესაძლებლობები კი უბრალოდ გამაოგნებელია. ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, მომხმარებელი იღებს პროფესიონალურ მონტაჟს, ფერების გაუმჯობესებულ კორექციასა და Fairlight აუდიო ინსტრუმენტებს. თუ ვიდეოს 8K რეზოლუციით ექსპორტი ან სპეციფიკური, მაღალი დონის ეფექტები არ გჭირდებათ, უფასო ვერსია თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო უფასო შემოთავაზებაა.
Raycast პროდუქტიულობისთვის
წლების განმავლობაში Mac-ის მომხმარებლები Alfred-ზე აკეთებდნენ არჩევანს, თუმცა მისი საუკეთესო ფუნქციები ფასიანი იყო. Raycast-მა ეს რეალობა შეცვალა და ახლა უკვე Windows-ის მომხმარებლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ახალი ვერსიის მეშვეობით ამ კომფორტს ეზიარონ. ეს არის პროდუქტიულობის ნამდვილი მონსტრი, რომელიც ერთდროულად ანაცვლებს კალკულატორს, ფანჯრების მენეჯერს, clipboard ისტორიის ინსტრუმენტსა და კიდევ ათობით ერთჯერადი დანიშნულების აპლიკაციას. Raycast ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე macOS-ის Spotlight ან Windows-ის სტანდარტული საძიებო სისტემა და თან, უსასრულოდ მოქნილია. როგორც კი მის ბრძანებათა ველს კარგად აითვისებთ, დამხმარე აპლიკაციების ნახევრის წაშლას მარტივად შეძლებთ. ეს საუკეთესო რამ არის, რისი გაკეთებაც სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად ფულის დახარჯვის გარეშე შეგიძლიათ.
Obsidian ჩანაწერებისა და ორგანიზებისთვის
დროა, დაასრულოთ Evernote-ისთვის ფულის გადახდა, რათა თქვენივე ჩანაწერები ავტორიზაციის ეკრანის ან მეხსიერების ლიმიტის მძევლად არ იქცეს. Obsidian არის Markdown-ზე დაფუძნებული ჩანაწერების აპლიკაცია, რომელიც ყველაფერს ლოკალურად, უშუალოდ თქვენს კომპიუტერში ინახავს. მისი უფასო ვერსია, ფაქტობრივად, სრულფასოვანი პროგრამაა, სადაც არ არსებობს შეზღუდვები ჩანაწერების რაოდენობასა თუ დაინსტალირებული ფლაგინების მოცულობაზე. აპი სწრაფია, დაცული და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთმანეთთან დაკავშირებული იდეების უზარმაზარი „მეორე ტვინი“ შექმნას. ეს არის იდეალური ინსტრუმენტი მწერლებისა და მკვლევრებისთვის, რომლებსაც საკუთარი მონაცემების სრულად ფლობა და კონტროლი სურთ.
წყარო: Fastcompany













