სხეულის სიჯანსაღისთვის ყველამ ერთი მარტივი და ბევრჯერ მოსმენილი ფორმულა ვიცით, რომ ჯანსაღად უნდა ვიკვებოთ, ვივარჯიშოთ და კარგად გამოვიძინოთ. ბევრ ჩვენგანსაც არაერთხელ უცდია ეს. მაგრამ გაგიკეთებიათ თუ არა რაიმე ტვინის სიჯანსაღისთვის? ან დაფიქრებულხართ თუ არა, რამდენად მოქმედებს სხეულის სიჯანსაღე თქვენს გონებაზე?
და ნეტავ, რას აკეთებენ ამისთვის თავად ნეირომეცნიერები? აი, ამ კითხვაზე პასუხი უკვე გვაქვს — ჯეისონ შეფერდი, იუტას უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიის ასოცირებული პროფესორი და ტალია ლერნერი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების ასოცირებული პროფესორი ახლა თავიანთ მეთოდებს გვიზიარებენ, რომლებიც უბრალოდ კვლევის შედეგი კი არ არის, არამედ მათ მიერ გამოცდილი გზებია ტვინის სიჯანსაღის უზრუნველსაყოფად:
1. ძილი
შეფერდის თქმით, ერთ-ერთი საუკეთესო გზა თქვენი ტვინის სიჯანსაღისთვის ძილის ჰიგიენის მოწესრიგებაა, რაც ყოველ ღამით 6-8 საათამდე ძილს გულისხმობს. ეს ტვინს ახალი ინფორმაციების მიღებაში, მოგონებების ჩამოყალიბებაში, ახალი კონცეფციებისა თუ იდეების გაძლიერებაში, ტოქსიკური ცილების, იგივე ამილოიდური დაფების მოშორებაში ეხმარება, რაც ჩვეულებრივ ალცჰაიმერის მქონე ადამიანების ტვინში გროვდება…
მეტიც, ძილი ტვინის მოქნილობაზეც დადებითად აისახება, მის უნარზე, შეეგუოს ახალ სიტუაციებსა და გამოცდილებებს. ხოლო, რაც უფრო მეტად შეეძლება თქვენს ტვინს ახალ გამოწვევებთან ადაპტირება, მით უფრო მოახერხებთ თქვენივე კოგნიტიური ფუნქციის შენარჩუნებას ასაკში შესვლისას.
2. გულის აჩქარების მეთოდები
რეგულარული ვარჯიში ტვინში სისხლის ნაკადებს ზრდის, ხოლო ძლიერი გული უზრუნველყოფს საკმარისი სისხლის ტვინამდე გადატუმბვას, რათა მან ოპტიმალურად მუშაობა შეძლოს. კვლევის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, ალცჰაიმერის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ და ასაკში შესვლისას კოგნიტიურ დაქვეითებასთანაც ნაკლებად აქვთ საქმე.
CDC-ის ოფიციალური რეკომენდაციით ზომიერი ვარჯიშის ხანგრძლივობა კვირაში 150 წუთს უდრის, თუმცა თუ შეფერდს დავუჯერებთ, არაფრის კეთებას ნაკლები ვარჯიშიც კი აჯობებს, თუნდაც ეს ძაღლების გასეირნება იყოს.
3. ლანჩზე მეგობართან ერთად წასვლა
მარტოობა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას დიდად აზიანებს, ემოციურ კეთილდღეობასა და ტვინის სიჯანსაღეზეც აქვს გავლენა, ამიტომ, ლერნერი სხვებთან კავშირის შენარჩუნებას გვირჩევს: „ზოგადად, ძლიერი სოციალური კავშირების მქონე ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. სხვებთან ერთად დროის გატარება კარგია თქვენი ემოციური ფონისთვისაც, რაც ასევე კარგად აისახება თქვენს ტვინზე“. კვლევებიც ამას გვეუბნება, რომ სოციალური კავშირები დეპრესიისა და შფოთვის რისკებს ამცირებს, შესაბამისად, ადამიანებს სირთულეების მარტივად გადალახვაში ეხმარება.
ასაკში შესვლასთან ერთად ამ კავშირის შენარჩუნება რთული რომ ხდება, ამაზე ლერნერიც საუბრობს. მართალია, ბევრი რამ იცვლება და ხშირად ჩვენი მეგობრები სხვა ქვეყნებშიც გადადიან საცხოვრებლად, მაგრამ ლერნერის თქმით, აქ სოციალური მედია და სხვადასხვა აპლიკაცია შეგვიძლია დავიხმაროთ. თავად კი სხვა მშობლებთან ურთიერთობის მიზნით, ბავშვების სკოლაში მოხალისეობრივ აქტივობებში ერთვება. ხოლო, თუ თქვენ შვილები არ გყავთ, არც ეს არის პრობლემა, რადგან უამრავი მოხალისეობრივი აქტივობა არსებობს, რომლებიც შეგიძლიათ ჩაერთოთ და სოციალური კავშირებიც დაამყაროთ.
4. ახალი რაღაცების ცდა
ახალ ადამიანებთან შეხვედრა, ახალ ადგილებზე წასვლა თუ ახალ გამოწვევებთან გამკლავება თქვენი ტვინის მოქნილობას გააუმჯობესებს. ამისთვის შეფერდი მოგზაურობასა და სხვა კულტურების გამოცდას ანიჭებს უპირატესობას. გარდა პროფესორისა და მკვლევრის პროფესიებისა, სამსახურის მიღმა ჰობითაც არის დაკავებული, იქნება ეს ფოტოგრაფია თუ კლასიკური მუსიკის მოსმენა.
თუმცა ტვინის გაჯანსაღება მხოლოდ მოგზაურობაში ფულის დახარჯვასა და ახალი ჰობების ათვისებას არ ეხება, ეს ისეთივე მარტივიცაა, როგორც რთული ფაზლის აწყობა ან საკუთარი თავის ისეთ სოციალურ გარემოებაში მოხვედრა, სადაც ტვინი განსხვავებულ ადამიანებთან ადაპტაციას ისწავლის.
„ვფიქრობ, ბევრი ჩვენგანი რუტინაშია მოქცეული და ჩვევებში, რომლითაც ყოველ დღე ერთსა და იმავეს ვაკეთებთ, ახალი რაღაცების სწავლა კი ჩვენს ტვინს მოქნილობაში ეხმარება და ასაკის მატებასთან ერთად უკეთეს მენტალურ მდგომარეობასაც უზრუნველყოფს“, — ამბობს შეფერდი.
5. ჯანსაღი კვება
მრავალი კვლევა საუბრობს იმაზე, რომ სწრაფი კვება თუ ე. წ. დამუშავებული საკვები უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ზრდის დიაბეტის, მაღალი ქოლესტერინისა და მაღალი წნევის რისკებს. მართალია, ეს დაავადებები განსხვავებულ ორგანოებზე განსხვავებულადვე ზემოქმედებს, მაგრამ ზოგადად, მთლიან სხეულს აზიანებს, ტვინის ჩათვლით…
აი, მაგალითად თუ მაღალი წნევა გაწუხებთ, შესაძლოა, მაღალი იყოს ინსულტისა თუ სისხლძარღვთა დემენციის რისკი. შესაბამისად, მრავალი მიზეზიც არსებობს, რის გამოც ე. წ. დამუშავებული საკვები თქვენთვის ცუდი შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ, უმჯობესია, თუ უპირატესობას ხილს, ბოსტნეულს, ნაკლებად ცხიმიან ხორცსა და მარცვლეულს მიანიჭებთ.
„თქვენი ტვინი სხეულისგან მთლიანად განცალკევებული არ არის, ამგვარად ის, რაც თქვენი სხეულისთვის კარგია, ტვინზეც დადებითად აისახება“, — აცხადებს ლერნერი.