რა შეიძლება მივიჩნიოთ უნივერსალურ ჩვევებად, რომელთა მეშეობითაც მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება/შენარჩუნება შეგვეძლება. ფსიქოთერაპევტი – კრისტიე ოვერსტრიტი ამბობს, რომ ფსიქოლოგიურ სტაბილურობას, ხშირად, ცოდნის მიღებისა და გაზიარების ადგილი უზრუნველყოფს, როგორც შესაძლებლობა ადამიანებისთვის, ისწავლონ სხვებისგან და უფრო კარგად ესმოდეთ სამყაროსი.
შეგვიძლია მენტალური ჯანმრთელობისთვის ხელისშემწყობი ადგილი განვსაზღვროთ ადგილად, სადაც თქვენ ყვავილობთ მეტად, ვიდრე ჭკნებით. ეს შეიძლება იყოს სივრცე, სადაც თქვენი ცხოვრების დიდ დროს ატარებთ – სამსახური, უნივერსიტეტი, თუ სახლი… შეინარჩუნოთ მენტალური ჯანმრთელობა ყოველდღიური მიზანია, რომლის მეშევეობითაც წინსვლის გაგრძელება შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, ბევრ ჩვევას შეუძლია თქვენი სტაბილურობის უზრუნველყოფა, თუმცა, მათი გამომუშავება თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელიც მენტალური სტაბილურობის გაუმჯობესებასა თუ შენარჩუნებაში დაგეხმარებათ:
გაიაზრეთ, რა ტიპის ადამიანები არიან თქვენ გარშემო და თქვენს ცხოვრებაში. არიან ნეგატიურები ადამიანები, რომლებიც ფარ-ხმალს გაყრევინებენ? ემოციის ვამპირები? თუ ასეა, შეუთანხმდით საკუთარ თავს, რომ ამოკვეთთ ასეთ ადამიანებს თქვენი ცხოვრებიდან, ან ეცდებით, ნაკლები როლი ჰქონდეთ თქვენს ყოველდღიურობაში. რა თქმა უნდა, თქვენ გარდა არავის შეუძლია განსაზღვროს, ვის შეუძლია ჰქონდეს დიდი გავლენა და როლი თქვენს ცხოვრებაში და ვის არა.
დააწესეთ ჯანსაღი საზღვრები თქვენს ცხოვრებაში არსებულ ადამიანებთან. საზღვრები ნიშნავს ლიმიტს, რომელსაც ამ ადამიანებს უწესებთ და ამ გზით, თქვენ აჩვენებთ სხვებს, რომ არ ხართ მზად სხვების ცუდი მოპყრობის, ან გამომყენებლური ბუნების მსხვერპლი იყოთ. თუ არ იცით ამ საზღვრების გავლება, შეგიძლიათ ისწავლოთ; ამისთვის არასდროსაა გვიანი. გამოავლინეთ აქტივობები, რომლებშიც ჩართული ხართ და არ მოგწონთ. გადაწყვიტეთ, რისი შეცვლა გინდათ.
თქვით „არა“ და შეწყვიტეთ ადამიანების ისეთი თხოვნების შესრულება, რომლებიც თქვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება. არას თქმის სირთულე მოდის სხვების დახმარების სურვილისგან. თუ ეს ხშირად ხდება თქვენს ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ, რას მიჰყავხართ კის თქმამდე მაშინ, როცა უარის თქმა გინდათ. თუ უარის ვერ თქმის პრობლემა გაწუხებთ, დაუყონებლივ იფიქრეთ ამის შეცვლაზე, რადგან თუ რამეს არ შეცვლით, ეს დაგაზარალებთ თქვენ და საფრთხეს შეუქმნის თქვენს ურთიერთობებს.
გქონდეთ რეალური მოლოდინები. თუ არარეალურად აფასებთ როგორც საკუთარ თავს, ასევე, სხვებს, თქვენ განწირული ხართ იმედგაცრუებებისთვის. სცადეთ თქვენი მოლოდინების ჩამოწერა და შემდეგ, შეამოწმეთ თქვენი ჩამონათვალი. რამდენი მოლოდინია არარეალისტური? შეცვალეთ ისინი რეალურ და მიღწევად მოლოდინებად.
თუ თქვენ დანერგავთ თქვენს ყოველდღიურობაში ზემოჩამოთვლილი ჩვევიდან რომელიმეს, ეს დადებითაც აისახება თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. გაიაზრეთ ის, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენენ გარშემომყოფები თქვენს ფსიქოლოგიურ სტაბილურობაზე. საკუთარ ფსიქიკაზე ზრუნვა აქციეთ თქვენს ყოველდღიურ რუტინად და თუმცა, არ ელოდოთ დაუყონებლივ შედეგს.
წყარო: Inc.com