პოდკასტები ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. მათ ნებისმიერი საქმიანობის პარალელურად ვუსმენთ, იქნება ეს საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება თუ მანქანის მართვა და ა. შ.
მსოფლიოს მასშტაბით პოდკასტების მსმენელთა/მაყურებელთა რიცხვი ძალიან დიდია და კიდევ უფრო მზარდ სახეს იღებს. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს – მაგალითად, აქტუალურ თემებზე აქცენტირება, ინფორმაციის საინტერესო ჭრილში განხილვა და სწრაფი გავრცელება. თანაც, თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ (რასაც ჩვეულებრივ ხშირად ვაკეთებთ), პოდკასტი სათავეს ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, აუდიო ბლოგის სახით იღებს. ასეა თუ ისე, თანამედროვე პოდკასტის ისტორია არც თუ ისე შორეულ წარსულში, 2000-იან წლებში, პირველი iPod-ის წარდგენასთან ერთად იწყება.
მზარდი პოპულარობის გამო, პოდკასტის კულტურა ქვეყნების უმეტესობაში აქტიურად ვითარდება. საქართველოშიც ამის არაერთი საინტერესო მაგალითი გვაქვს, მათ შორისაა Marketer.ge-ს პოდკასტი, რომელიც ბიზნესს, მენეჯმენტსა და მარკეტინგს ეხება. ასევე, სტატიაში 5 ქართულ საინტერესო პოდკასტს შემოგთავაზებთ, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ.
1. TBC ბანკმა ორიოდ დღის წინ პირველი ტექ პოდკასტი გამოაქვეყნა. ახალი წამოწყების ფარგლებში, მიმოიხილავენ ტექნოლოგიურ სიახლეებს, გაგვაცნობენ საინტერესო ადამიანებს და აღნიშნული სფეროს უახლეს ტრენდებს გაგვიზიარებენ. პოდკასტის წამყვანი ტატო კუტალიაა, ხოლო პირველი ეპიზოდის სტუმრები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი – პაპუნა ლეჟავა, თიბისის ტექ ტრანსფორმაციის ლიდერი – ნიკა მამულაშვილი და მობაილბანკის გუნდის კაპიტანი – ეკა ნადირაშვილი ღია ბანკინგის შესახებ საუბრობენ.
2. ჩამონათვალს უერთდება “ანიმოტერმი”, რომელიც სოციალურ სივრცეში შემეცნებით პოდკასტებს გვიზიარებს ფსიქოლოგიისა და განათლების შესახებ. ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი კი აგრესიის უკან დამალულ შიშზე გვიამბობს.
3. ახლახან ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა პოდკასტი “გასტრონომი”. წამყვან დავით ლაბაძესთან ერთად, მიწვეული სტუმრები გასტრონომიულ კულტურაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდის სტუმარი მიშა ავსაჯანიშვილი იყო – იგი მაყურებელს მზარეულის გზაზე უამბობს.
4. მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ინტერნეტ სივრცეში განსაკუთრებით საინტერესოა “მეცნიერება ყველასათვის”. გვერდის შემქმნელები სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ წერენ პოდკასტებს, სადაც მუსიკისა და “თბილისის გენგეგმის” შესახებაც კი შევხვდებით ეპიზოდებს.
“ვთვლით, რომ ყველანი ვართ უსასრულო სამყაროს ნაწილი და გვინდა იგივე გრძნობა დაეუფლოს ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. ჩვენ სამყაროს სამეცნიერო კუთხით ვუყურებთ, და გვინდა ქართველ მსმენელს გავუზიაროთ ჩვენი აზრები, აღფრთოვანება და აღტაცება იმით რაც ხდება ჩვენს გარშემო” – ვკითხულობთ გვერდზე “მეცნიერება ყველასათვის”. პოდკასტების სრულ სიას ამ ბმულზე იხილავთ.
5. Sixth Man-ის საკალათბურთო პოდკასტი. პოდკასტერი პაატა წამალაშვილი სხვადასხვა სტუმართან ერთად კალათბურთთან დაკავშირებულ სიახლეებს და ფაქტებს მიმოიხილავს. ეს სპორტის და კიდევ უფრო კონკრეტულად, კალათბურთის მოყვარულებისთვის საკმაოდ საინტერესო პოდკასტების სერიაა – მაგალითად, ბოლო ეპიზოდი ოლიმპიურ თამაშებს ეხება.