ბოლო დროს Google-ს მეტოქედ ChatGPT-ის საძიებო სისტემა კი გამოუჩნდა, მაგრამ ჯერჯერობით დომინანტობას მაინც არ კარგავს… გუგლში რაღაცების ძიება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილადაც იქცა, მაგრამ იცოდით, რომ მისი სრული პოტენციალით მომხმარებელთა უმეტესობა მაინც არ სარგებლობს? ახლა რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ, რომლებიც ძიების პროცესს გუგლში კიდევ უფრო გაგიმარტივებთ და მეტად ზუსტ შედეგებსაც შემოგთავაზებთ. ოღონდ არ გეგონოთ, რომ თქვენ ეს ყველაფერი უკვე იცით…
1. გამორიცხეთ სიტყვები – ნიშნით
ძიების პროცესში არასასურველი შედეგების არსებობა მინიმუმამდე რომ დაიყვანოთ, იმ სიტყვების წინ, რომელთა გამორცხვაც გსურთ, – ნიშანი დაწერეთ — ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როცა საძიებო ტერმინს რამდენიმე კონტექსტი აქვს. მაგალითისთვის, თუ ცხოველ იაგუარს ეძებთ და გინდათ, ამავე სახელის მქონე მანქანები ან ფეხბურთის გუნდი აირიდოთ თავიდან, თქვენი საძიებო სიტყვები შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს: jaguar -car -automotive -football -nfl. ასე ის გვერდები გაიფილტრება, რომლებიც იაგურის მანქანასა თუ გუნდს ეძღვნება და საშუალებას მოგცემთ, თქვენთვის საინტერესო დიდ კატებზე ფოკუსირდეთ.
2. მოძებნეთ კონკრეტული საიტით
პროცესი შეგიძლიათ, კონკრეტული ვებგვერდით შეზღუდოთ და site:-ის შემდეგ სასურველი ოპერატორი მიუთითოთ. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როცა კონკრეტულ დომენზე გსურთ ინფორმაციის პოვნა, მაგალითისთვის ხელოვნურ ინტელექტზე, „ხელოვნური ინტელექტი site:marketer.ge“ — აი, რაღაც ასეთი უნდა დაწეროთ.
3. გამოიყენეთ * სიმბოლო ძიების პროცესში
როცა ფრაზის უცნობი ან ცვლადი სიტყვების ჩანაცვლება გსურთ, მაშინ ვარსკვლავის სიმბოლოს უნდა მიმართოთ. ეს გამოსადეგია მაშინ, როცა კონკრეტული ფრაზა არ გახსოვთ, მაგალითისთვის, როცა სიმღერის ტექსტიდან რაღაც მონაკვეთები გავიწყდებათ. უფრო ზოგადი საძიებო შედეგებისთვისაც გამოგადგებათ: the best * of 2024 საუკეთესო კინოებს, წიგნებს, პროდუქტებსა და ღონისძიებებს გაჩვენებთ.
4. მოძებნეთ ფაილის ტიპით
თუ კონკრეტული ტიპის ფაილს ეძებთ, საძიებო ველში filetype: ჩაწერეთ და შემდგომ თქვენთვის სასურველი ოპერატორი მიუწერეთ. ეს კი უკვე გამოსადეგია იმ შემთხვევებისთვის, როცა დოკუმენტების კონკრეტულ ფორმატებს ეძებთ სამსახურისთვის, უნივერსიტეტისა თუ სხვა დაწესებულებისთვის. მაგალითად, თუ cybersecurity filetype:pdf-ს ჩაწერთ, შედეგებში PDF ფაილებს იხილავთ კიბერუსაფრთხოების შესახებ.
5. გამოიყენეთ გაუმჯობესებული ძიების ფუნქცია
დაბოლოს, Google-ის Advanced Search ფუნქცია შედეგების უფრო ზუსტად გაფილტვრის შესაძლებლობას მოგცემთ, შესაბამისად, უკეთეს კონტროლს საძიებო პარამეტრებზე, რაშიც შედეგების დავიწროება იგულისხმება ენის, რეგიონის, ბოლო განახლების, ფაილის ტიპისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. ფუნქციაზე წვდომისთვის კი, მარტივად, საძიებო შედეგების გვერდზე ზემოთ არსებულ Advanced search-ს უნდა დააკლიკოთ.
სულ ეს იყო და თუ თქვენც მიაგენით რაღაც ასეთ ხრიკს, გაგვიზიარეთ…