ისეც ხდება ხოლმე, რომ დღეები ერთმანეთს ჰგავს და ცხოვრებაში ჩვენი თავისა თუ მიზნის პოვნა გვიჭირს. ვხვდებით, რომ რაღაც უნდა შევცვალოთ… და თუ თქვენც სწორედ ახლა განიცდით ამას, ამასთან, მზად ხართ დიდი გადაწყვეტილებების მისაღებად, მაშინ აიღეთ კალამი, ფურცელი და კალენდარი, შემდეგ კი ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ კითხვებს უპასუხეთ:
სად ვარ ახლა? სად მინდა, ვიყო? როგორ მივაღწიო ჩემს მიზანს?
უკეთესი წარმოდგენა რომ შეგექმნათ იმაზე, თუ რა არის თქვენი მიზანი ან რა მიმართულებით უნდა წახვიდეთ ცხოვრებაში, Experience Institute-ის მიერ განვითარებული „ორი ხაზის“ სავარჯიშოს გაკეთებას გირჩევენ.
მარცხენა ხაზის მარცხენა მხარეს უნდა დაწეროთ სად ხართ ახლა, მარჯვენა მხარეს კი სად გსურთ, რომ იყოთ. შუა ცარიელ სივრცეში ის, თუ როგორ აპირებთ ამ ერთი ხაზიდან მეორემდე მისვლას. მაგალითად, თუ მარცხნივ დაწერთ, რომ შემოქმედებითი გამოწვევის წინაშე ხართ, მარჯვნივ კი კერამიკის ონლაინ მაღაზიის შექმნის სურვილს დაიტანთ, შუაში შეგეძლებათ, ისეთი ფრაზები ჩაწეროთ, როგორებიცაა: „ვიპოვი ადგილობრივი კერამიკის სტუდიას“, „მოვიძიებ ინვესტორებს“, „ვიმუშავებ დიზაინერებთან ლოგოს შესაქმნელად“ და ა. შ.
ვინ ვარ მე?
ის, თუ როგორ აღიქვამთ თავს, დიდად ზემოქმედებს თქვენს უნარზე, მიიღოთ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები. მაგალითისთვის, თუ მიგაჩნიათ, რომ რისკებზე წასვლის გეშინიათ და ახალი რაღაცების ცდასაც უშინდებით, ემოციურად უფრო დაიტვირთებით, როცა ოჯახის შექმნას ან პარიზში გადასვლას გადაწყვეტთ.
აქ კი 20 Statements Test-ის ჩატარებას გვირჩევენ, რომელიც ფსიქოლოგებმა 1950-იან წლებში შემოგვთავაზეს — ინდივიდის თვითაღქმებსა და რწმენებს, დამოკიდებულებებსა და შეხედულებებს ზომავს. ასე საკუთარი თავის ხელახლა დანახვაში გვეხმარება და თუ როგორ უნდა ჩაიტაროთ ტესტი, ამას ქვემოთ მოგიყვებით:
ცარიელ ფურცელზე ზედა სივრცეში დაწერეთ კითხვა: ვინ ვარ მე? შემდეგ კი ამ კითხვას 20-ჯერ უპასუხეთ, შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ჭკვიანი, ერთგული, კეთილი, დედა ან მებაღე ხართ. შემდეგ კი ამ ჩამონათვალს დააკვირდით. შესაძლოა, თქვენი ერთ-ერთი აღწერილობა „მორცხვი“ იყოს, თუმცა, თუ ახალ სოციალურ აქტივობას გსურთ შეუერთდეთ, იმის ნაცვლად, რომ დაიმორცხვოთ, თქვენს სხვა უნარს დაეყრდებით, რათა გააკეთოთ ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
საიდან დავიწყო?
თუ მზად ხართ, აიღეთ კალენდარი და აირჩიეთ თარიღი დიდი ცხოვრებისეული ცვლილების დასაწყებად. შეგიძლიათ, ეს რაიმე დღესასწაულს დაამთხვიოთ, მაგალითად, ახალ წელს ან თქვენს დაბადების დღეს. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ არჩეულ თარიღს რაღაც სიმბოლური მნიშვნელობა ექნება. მანამდე კი არ დაგავიწყდეთ, საკუთარ თავს ჰკითხოთ: სად ვარ ახლა? სად მინდა, ვიყო? როგორ მივაღწიო ჩემს მიზანს? ვინ ვარ მე?