25
Feb
2019

საკოლექციო მონეტა, რომელიც პირველი ქართული პარლამენტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება

25 Feb 2019

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ვკითხულობთ. 1919 წლის მოწვევის დამფუძნებელი კრება იყო პირველი ქართული პარლამენტი, რომელიც შეიქმნა საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების შედეგად. მონეტის დიზაინერი ნიტა გონგაძეა. მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 75 ლარია. ახალი საკოლექციო მონეტის გაყიდვა 2019 წლის 27 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება რაოდენობას, ასეთი საკოლექციო მონეტა 2000 ცალი გამოუშვეს.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფერებში შესრულებული ცენტრიდანული სხივებით დალაგებული არათანაბარი რგოლები, რაც სიმბოლურად გამოსახავს პირველი დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტარების რიცხვს. მონეტის ცენტრში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი ლარის სიმბოლოსთან ერთად “5₾”, თარიღები “1919-2019” და წარწერა “საქართველოს დამფუძნებელი კრება”.მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს იმ შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ჩატარდა. მონეტაზე დატანილია წარწერები “საქართველო”, “ხუთი ლარი” და “Georgia”.

განხილვა