in

5 მარტივი ონლაინ ხელსაწყო CV-ის შესადგენად

საოცნებო სამსახურის დასაწყებად პირველი ნაბიჯი ისეთი რეზიუმეს შედგენაა, რომელსაც ნებისმიერი დამსაქმებლის მოხიბვლა შეუძლია. უფასო ონლაინ ხელსაწყოები კი ამ პროცესს მეტად ამარტივებს და გეხმარებათ, შექმნათ რეზიუმე, რომელიც სხვებისგანაც გამოგარჩევთ… ამიტომ, მოდით, ახლა მათგან 5 საუკეთესო განვიხილოთ:

  1. OpenResume (Web)

ვებგვერდებზე, რომლებიც რეზიუმეების შედგენაში დახმარებას გვპირდება, ხშირად მსგავს პრობლემებს ვაწყდებით — რაღაცები უფასოა, რაღაცებში კი, აი, მაგალითად PDF-ის ჩამოსატვირთად, თანხის გადახდას ან დარეგისტრირებასგვთხოვენ… OpenResume კი ამ საკითხების გადაჭრას გვპირდება ღია კოდის, სრულიად უფასო, რეკლამებისგან თავისუფალი რეზიუმეების საიტით, რომელიც თქვენს კონფიდენციალურობასაც დაიცავს. 

აქ ახალი CV-ის შექმნა იმ ნიმუშებით შეგიძლიათ, რომლებიც საუკეთესო სტანდარტებსა და პრაქტიკებს ეყრდნობა. უბრალოდ დაამატეთ ინფორმაცია მოცემულ ველებში და რეალურ დროში ნახავთ თქვენი რეზიუმეს განახლებას. ფერების, ფონტებისა თუ ქაღალდის ზომას ნებისმიერ დროს თავადაც შეცვლით. აპლიკაცია ბრაუზერით მუშაობს, შესაბამისად, არც რაიმე მონაცემს გზავნის სადმე და თქვენი ინფორმაციების კონფიდენციალობასა თუ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

  1. Leet Resumes (Web)

რეზიუმეების შედგენაში ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ. Leet Resumes AI-ს არსებულ რეზიუმებს აანალიზებინებს და მიღებულ შედეგს უკვე არსებულ CV-ში ცვლილებების შესატანად იყენებს. რაღა თქმა უნდა, ესეც სრულიად უფასოა. პროცესი თქვენი რეზიუმეს PDF ან DOC ვერსიის ატვირთვით იწყება, რის შემდგომაც აპლიკაცია რამდენიმე ნაბიჯს შემოგთავაზებთ მის გასაუმჯობესებლად.

Leet Resumes განსაზღვრავს, რა შეიძლება იყოს თქვენი შემდგომი სამუშაო პოზიციები, შემოგთავაზებთ უნარებს, რომლებიც არსებულ რეზიუმეს უნდა დაამატოთ და თქვენგან ინფორმაციებს კითხვების მეშვეობით გაიგებს. მას შემდეგ, რაც კითხვარის შევსებას დაამთავრებთ, აპლიკაცია ახალ CV-ის შექმნის და მის გადმოწერას უფასოდ შეძლებთ. მართალია, რეზიუმეს მხოლოდ ერთ ნიმუშს გთავაზობთ, მაგრამ მას რეკრუტერები უწევენ რეკომენდაციას… 

  1. Chat Career (Web)

კიდევ ერთი მოგებიანი სტრატეგია თქვენი რეზიუმეს კონკრეტულ ვაკანსიაზე მორგებაა, ეს გულისხმობს იმას, რომ თქვენ იგი ყურადღებით წაიკითხეთ და მოთხოვნებსაც იაზრებთ, Chat Career კი სწორედ ამაში დაგეხმარებათ. 

როცა აპლიკაციას გახსნით კონკრეტული სამუშაოს აღწერილობა უნდა დაამატოთ, შემდგომ კი როგორც CV-ის ატვირთვა, ისე LinkedIn-ზე წვდომა შეგიძლიათ შესთავაზოთ ან სულაც, სრუალიად ახალი რეზიუმე შეადგინოთ. აპლიკაცია გადახედავს, რამდენად ერგებით კონკრეტულ პოზიციას. AI კი კითხვებს ჩატში დაგისვამთ, რომელთაც კარგი ინგლისურით უნდა უპასუხოთ და რაც შეიძლება მეტი დეტალი მიაწოდოთ. 

იგი გაჩვენებთ, როგორ უნდა გაუსვათ ხაზი თქვენს გამოცდილებასა და კვალიფიკაციას, შემოგთავაზებთ კიდეც იმ ელემენტებს, რომლებიც CV-ის აკლია. როცა ეს პროცესი დამთავრდება, ახალ რეზიუმეს მიიღებთ, რომელსაც აღარაფერი დასჭირდება გაგზავნის გარდა. 

  1. CoverLetterGPT (Web)

სამოტივაციო წერილიც ერთ-ერთი კარგი მეთოდია, რომლითაც დამქირავებელს პირდაპირ მიმართავთ. მთავარი აქ ის არის, რომ კარგად განმარტოთ, რატომ ხართ საუკეთესო კანდიდატი კონკრეტული პოზიციისთვის და როგორ აისახება ეს თქვენს რეზიუმეში. აქ მარტივი სიტყვებითაც შეგიძლიათ, უთხრათ თქვენი პერსონალური თვისებების შესახებ. ამ პროცესს კი AI გაგიმარტივებთ.

როგორც სახელიდან ვიგებთ, CoverLetterGPT ჩეტბოტით სამოტივაციო წერილის დაწერაში დაგეხმარებათ, თანაც OpenAI-ის ანგარიშის შექმნის გარეშე. უბრალოდ დაამატეთ სამსახურის პოზიცია, კომპანია, აღწერილობა და ატვირთეთ თქვენი CV. რამდენიმე წამში აპლიკაცია გაანალიზებს მას და სამოტივაციო წერილსაც მოგაწვდით, რომლის დაკოპირებასაც სასურველ დოკუმენტში ჩვეულებრივ შეძლებთ. 

CoverLetterGPT წერილში წინადადებისა თუ აბზაცების შეცვლის საშუალებასაც მოგცემთ, თქვენ შეგიძლიათ მას უფრო ზუსტი, დეტალური, პროფესიონალური ან არაფორმალური ტექსტიც მოსთხოვოთ.

  1. SwiftCV (Web)

ეს აპლიკაცია ყველა ადამიანისთვის ამარტივებს ონლაინ რეზიუმეების შექმნის პროცესს. შექმენით ექაუნთი და დაამატეთ ინფორმაციები განსხვავებულ სექციებში, ონლაინ CV-ისთვის შეგიძლიათ ლინკდინის პროფილიც დაამატოთ. აპლიკაცია საუკეთესოდ ფლობს კომპანიის ლოგოებს, ფონტის ფერებს, ზომებსა და სხვა ნიშნებს, რათა თქვენი რეზიუმე თანამედროვედ და პროფესიონალურად გამოიყურებოდეს. საბოლოოდ, ონლაინ CV-ის შესაბამისი URL-ით იღებთ.

მეტიც, SwiftCV იმ ადამიანების ანალიზსაც გაჩვენებთ, რომლებმაც თქვენი პროფილი ნახეს, ასე რომ, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ, ვინ არის თქვენით დაინტერესებული. უფასო ვერსიას მცირე შეზღუდვები აქვს, მაგალითად PDF-ის ჩამოტვირთვა იზღუდება, მაგრამ როგორც ამბობენ, სამსახურის მაძიებელთა უმეტესობას პრემიუმ ვერსიისთვის გადახდა არ მოუწევს. 

დაბოლოს, არ დაეყრდნოთ მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტს — ნამდვილად გასაოცარია ის, თუ როგორ გვეხმარება AI რეზიუმეებისა და CV-ის შედგენაში, მაგრამ მხოლოდ მას ნუ მიენდობით. მიღებული შედეგები მეტად პერსონალიზებული რომ გახადოთ, AI შეთავაზებები საწყის წერტილად გამოიყენეთ და შემდგომში დაარედაქტირეთ იგი.

Theneo: „სტარტაპისთვის არსებითია სისწრაფე და უამრავი სიახლის მოსინჯვა“

რას ნიშნავს თქვენთვის Less is More?