ბრეინშტორმინგი რომ შესანიშნავი გზაა ახალი იდეების გენერირებისთვის, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. თუმცა რამდენად აკვირდებით წინადადებებს, რომლებსაც ამ პროცესში იყენებთ? ამოცანა კი განსხვავებულად ფიქრია, მაგრამ ახალი იდეები რომ დაიბადოს, შემდგომი 5 მოსაწყენი კითხვის თავიდან არიდება უნდა ცადოთ:
1. ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები?
შესაძლოა, მშვენიერი საწყისი კითხვა იყოს, მაგრამ Any Insights Yet? Connect the Dots. Create New Categories. Transform Your Business-ის ავტორი კრის კოჩეკი შემდგომი კითხვით ჩანაცვლებას გირჩევთ — „როგორ გადავჭრიდით ამ პრობლემას ჩვენი სამიზნე აუდიტორია 5 წლის რომ იყოს? 7 წლის? მხედველობა დაქვეითებული ადამიანები რომ იყვნენ? ანდაც რობოტები?!“.
მართალია, ასე სწორედ კითხვას – ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები? — პასუხობთ, მაგრამ ეცადეთ და იპოვეთ განსხვავებული მომხმარებლები და შემდეგ დაფიქრდით, რა გამოსავალი შეიძლება, არსებობდეს ცვლადი მომხმარებლების შემთხვევაში. ასე სამყაროს განსხვავებულად დაინახავთ და განსხვავებულ იდეებამდეც მიხვალთ.
2. რა მოსწონთ მომხმარებლებს ჩვენში?
პრობლემა იმაშია, რომ ადამიანებს ტყუილებისკენ აქვთ მიდრეკილება, აი, იმას ჰგავს, რა მოგწონთ ჩემშიო, რომ იკითხოთ და პასუხად შესანიშნავი ხარო რომ მიიღოთ… სწორედ ამიტომ, კოჩეკი ამის თავიდან არიდებისკენ მოგვიწოდებს. სანაცვლოდ კი კითხვების — „რა სძულთ მომხმარებლებს ჩვენში? რა სძულთ კონკრეტულ კატეგორიაში?“ დასმას გვირჩევს. დიახ, სწორედ მტკივნეული წერტილების აღმოჩენით შეძლებთ საყურადღებო სივრცეების პოვნას.
3. რა პრობლემის გადაჭრას ვცდილობთ?
კლასიკური კითხვაა, მაგრამ ამასთან, საკმაოდ პირდაპირიც… თუმცა თუ ახალ და უჩვეულო ადგილებზე გადასვლისკენ მივისწრაფვით, იმ აზროვნებას უნდა ჩამოვშორდეთ, რომელსაც ასე შევეჩვიეთ. ამიტომ, „რა პრობლემის გადაჭრას ვცდილობთ?“ კი არა, „რა არის ყველაზე ცუდი ან უცნაური გზები იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელთან გამკლავებასაც ახლა ვცდილობთ?“ — ეს საინტერესო სივრცეებამდე მიგიყვანთ, რის შემდგომაც მეტად ეფექტური გადაწყვეტილებებისკენ შეგიძლიათ, დაიწყოთ სვლა.
4. რას აკეთებენ ჩვენი კონკურენტები?
როცა ერთ კატეგორიაში ხართ, საკმაოდ მაცდური ხდება სხვების მიბაძვა… არადა, თქვენი მიზანი განსხვავებული ადგილის პოვნა უნდა იყოს. ამიტომ, იკითხეთ: „რას აკეთებენ სრულიად განსხვავებულ კატეგორიებში მოღვაწე ბიზნესები მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად?“. სწორედ ამ კითხვის დასმის შემდეგ დანერგა Starbucks-მა Happy hour, რომელიც მანამდე ძირითადად ბარებსა და პაბებში იყო…
5. რამ იმუშავა კარგად წარსულში?
ეს გამუდმებით უკან ყურებას გულისხმობს მაშინ, როცა ინოვაციები გამუდმებით მომავლისკენ მზერას ითხოვს. ამიტომ, იკითხეთ: „რა მოხდება მეცნიერებს როკვარსკვლავებივით რომ მოვექცეთ? რა მოხდება მსოფლიოში ყველაფერმა ელექტროენერგიაზე რომ იმუშაოს? რა მოხდება ადამიანებს ერთ ხელზე 6 თითი რომ ჰქონოდეთ?“, გეთანხმებით, ცოტა სულელურად ჟღერს, მაგრამ თუ ამას სწორად გააკეთებთ, სწორედ ეს კითხვები იქნება ის, რომელიც დიდებულ ინოვაციებამდე მიგიყვანთ — ზუსტად ასე მოხდა Pixar-ის შემთხვევაში, იკითხა, რა მოხდებოდა სათამაშოები რომ გაეცოცხლებინა, Incredibles-ს კი დააინტერესა, რა რეალობას მიიღებდა ადამიანების სუპერ გმირებად ქცევით…