ლოგოს დიზაინი მუდმივი განხილვისა და განსჯის საგანია. ზოგიერთი მათგანი ადვილად აღქმადია, ზოგი რთულად, ყველას თავისი იდეა აქვს, თუმცა არსებობს მსგავსი ლოგოებიც. თუ გქონიათ ისეთი შეგრძნება, რაღაც ლოგოს დიზაინს შეჰყურებთ და თითქოს უკვე სადღაც გინახავთ? დიახ, ეს ერთხელ მაინც ყველას დამართნია და ამ სტატიას სწორედ ერთმანეთის მსგავს ლოგოებს მივუძღვნით.
ჩვენდა გასაკვირად, მათ შორის ბევრი ცნობილზე ცნობილი ბრენდი აღმოჩნდა.
Meghan Markle vs The Town of Porreres
ბრიტანეთის სამეფო კარის თამაშები ერთადერთი სკანდალი არ ყოფილა მეგან მარკლის ცხოვრებაში. როდესაც მან თავისი პერსონალური ბრენდის შექმნა გადაწყვიტა, ის დავის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მისი ლოგო ძალიან ჰგავდა ესპანეთის ქალაქ პორერეს ლოგოს.
მალიორკის პატარა ქალაქმა სწრაფად გააკრიტიკა მეგანის ლოგო და მიუთითა სტრუქტურისა და თემატურ მსგავსებაზე, განსაკუთრებით ცენტრალური პალმის ხისა და ჩიტების კომპოზიციაზე. ქალაქის მერმა ისიც კი განაცხადა, რომ ჰერცოგინიამ „დაამახინჯა“ ქალაქის იდენტობა და განაცხადა, რომ ის „ექსკლუზიურად პორერესს ეკუთვნის“.
Apple vs Prepear
დიზაინთან დაკავშირებულ დავას ვერც ტექგიგანტმა აარიდა თავი. 2020 წელს Apple-მა მცირე ბიზნესი, სახელად, Prepear მსხლის თემატიკის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის „ადვილად ახსენებს Apple-ის ცნობილ ლოგოს და მსგავს კომერციულ შთაბეჭდილებას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი პატარა ბიზნესს უჭერდა მხარს, Prepear-მა ტექნოლოგიურ კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია და დათანხმდა ლოგოს ოდნავ შეცვლას.
X vs Multiply
ილონ მასკის X ლოგო დიზაინის მხრივ არაერთი დავის საგანი გახდა. გარდა იმისა, რომ მათემატიკური უნიკოდის მიხედვით არის შექმნილი, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო მასკის დავა ვირჯინიაში დაფუძნებულ PR კომპანია Multiply-სთან.
Multiply-მ განაცხადა, რომ ის თავის X ლოგოს 2019 წლიდან იყენებდა და მასკის ლოგოს დებიუტის შემდეგ მომხმარებლების დაბნეულობის ობიექტი გახდა. საპასუხოდ, Multiply-მ მოითხოვა დაუზუსტებელი ფულადი კომპენსაცია და სასამართლოს მოუწოდა, აეკრძალა X-ის ლოგოს გამოყენება, თუმცა, როგორც შედეგზე ვატყობთ, ეს ნაწილი გაუთვალისწინებელი დარჩა.
Kanye vs Walmart
2021 წელს Walmart-მა და კანიე უესტის ბრენდმა Yeezy-მ დიდი დავა გააჩაღეს იმის შემდეგ, რაც ბრენდმა მზის ფორმის ლოგო წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ Yeezy-ს 8-ხაზიანი დიზაინი 24 წრისგან შედგებოდა, Walmart-მა განაცხადა, რომ მაინც ირღვეოდა მისი 6-ხაზიანი დიზაინი.
კანიესთვის დამახასიათებელი თავისუფალი დამოკიდებულებით, Yeezy-მ ამ პრეტენზიას უპასუხა და განაცხადა: „Walmart-მა, ისევე როგორც საზოგადოებამ, ნამდვილად იცის, რომ Yeezy-ს ყველაზე ნაკლებად სურს Walmart-თან ასოცირება“.
საბოლოოდ, დაპირისპირებულმა ბრენდებმა დავა გაურკვეველი თანხის სანაცვლოდ მოაგვარეს.
Starbucks vs Starbuds Flowers
Starbucks-მა დავა დაიწყო, არც მეტი, არც ნაკლები, მარიხუანის საცალო ვაჭრობის კომპანიასთან, Starbuds Flowers. Starbucks-ის თანახმად, Starbuds არღვევს მის ინტელექტუალურ საკუთრებათა რიგს, როგორიცაა ორმაგი რგოლის მქონე მწვანე წრე, გვირგვინიანი სირენის დიზაინი და დიდი ასოებით დაწერილი ლოგოს შრიფტი.Starbucks-მა განაცხადა, რომ დიზაინებმა შეიძლება მომხმარებლებში დაბნეულობა გამოიწვიოს და რომ მსგავსება პირდაპირ ყავის ასოციაციისკენ წაიყვანს ადამიანს.
გლობალურმა ყავის ქსელმა Starbuds-ს მოუწოდა, მოეშორებინათ ბრენდინგი ყველა არსებული პროდუქტიდან. თუმცა მხოლოდ ამას არ დასჯერდნენ და მოითხოვეს, გადაეცათ ნებისმიერი მოგება, რომელიც Starbuds-მა კოპირებული ლოგოს დიზაინის გამოყენების შემდეგ მიიღო.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დიზაინს შორის ნამდვილად ჩანს მსგავსება. თქვენ რომელ ლოგოს ამსგავსებთ ერთმანეთს ყველაზე მეტად?