წარმატებული ლიდერები პრობლემებს რაც შეიძლება სწრაფად უმკლავდებიან, თუმცა აქ არც თავიანთი თანამშრომლების, მომხმარებლებისა თუ აქციონერების კეთილდღეობასა და წარმატებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ავიწყდებათ… ეს არც მარტივი პროცესია, თუმცა The Leadership Consortium-ის დამფუძნებელი ენ მორისისი კვირის ყოველ დღეზე გაწერილ სამოქმედო გეგმას გვთავაზობს:
ორშაბათი
თქვენი ამოცანა რეალური პრობლემის განსაზღვრაა, თუმცა ამ პროცესს მეტი ცნობისმოყვარეობით უნდა მიუდგეთ. ფრაზის: „ჩემი ინვესტორები ამას ვერ ხვდებიან“ ნაცვლად, შემდეგი კითხვის დასმა ცადეთ: „რა ხდება ჩემს ინვესტორებთან?“ — ასე თქვენი შემდგომი ნაბიჯიც მეტად აშკარა გახდება. პირდაპირ გაესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი მიუძღვით კონკრეტულ პრობლემაში, ჰკითხეთ ისეთი რაღაცები, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში არ ჰკითხავდით, მაგრამ ახლა ეს თქვენი მხრიდან ცოტა გამბედაობას მოითხოვს. ზოგჯერ ერთმა მსგავსმა საუბარმაც კი შეიძლება გამოამჟღავნოს თქვენი პრობლემის სრულიად ახალი სტრუქტურა. შეიძლება აღმოაჩინოთ კიდეც, რომ ამ პრობლემაში წვლილი თავადვე მიგიძღვით…
სამშაბათი
ამ დღეს უკვე პატარა ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროთ იმაზე, თუ როგორ გადაჭრათ კონკრეტული პრობლემა. გეგმა იმდენად კარგი უნდა იყოს, რომ ურთიერთობები გააძლიეროს, თუმცა აქ სრულყოფილება არ მოითხოვება… უბრალოდ პრობლემების ნდობის ლინზიდან შეხედვას გვირჩევენ. ამგვარად, სამშაბათს გაჟღერებული კითხვებიდან ერთ-ერთი ასეც შეიძლება ჟღერდეს: რა შემიძლია გავაკეთო ხვალ ისე, რომ დღევანდელზე მეტი ნდობა დავიმსახურო?
მაგრამ იმუშავებს კი თქვენი საკმარისად კარგი გეგმა? სავარაუდოდ, არა, რადგან სტატისტიკურად პირველივე ცდაზე ასე არ ხდება, სწორედ ამიტომ გვაძლევს ენი მთელ კვირას. შესაძლოა, შეცდომებიც დაუშვათ, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან სამშაბათი სწორი რაღაცების კეთების კი არა, სწავლის დღეა.
ოთხშაბათი
აი, აქ კი უკვე ის უნდა გააკეთოთ, რაც, ზოგადად, ზრდასრულებს დიდად არ მოსწონთ… შეიძინეთ ახალი მეგობრები — რა პრობლემის გადაჭრაც არ უნდა გქონდეთ ამ კვირას მიზნად დასახული, მასთან უკეთ გამკლავებას მხოლოდ ერთი მეთოდით შეძლებთ: თუ ამაში იმ ადამიანებს დაიხმარებთ, რომლებიც თქვენ მსგავსად არ ფიქრობენ. შესაძლოა, ეს აქამდეც გსმენიათ, მაგრამ ოთხშაბათი ამის პრაქტიკაში გადატანის დღეა.
ამგვარად, აუხსენით თქვენი საკმარისად კარგი გეგმა იმ ადამიანს, რომლის ცხოვრებისეული გამოცდილებაც თქვენგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუ მაგალითად კომპანიაში უკვე 10 წელია მუშაობთ, იმას გაესაუბრეთ, ვინც გუნდს 1 კვირის წინ შემოუერთდა… უკეთეს პასუხამდე მისვლაში კი კიდევ ერთ ასეთ ადამიანთან გასაუბრება დაგეხმარებათ. ამან მთელი დღეც შეიძლება წაიღოს, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ ეს თქვენი საყვარელი კვირის დღეა. აი, რაც შეეხება საკმარისად კარგ გეგმას, იგი კიდევ უკეთესი გახდება…
ხუთშაბათი
სთორითელინგის დღეც დადგა — ადამიანებს ამბები გვჭირდება, რათა ცვლილება შევიგრძნოთ, ჩვენი ადგილი ვიპოვოთ, სხვა ადამიანებიც შემოვიკრიბოთ, რომელთა დახმარებაც ცვლილებების დროს დაგვჭირდება… ამბებს კი სამი ნაწილი აქვს: წარსული, აწმყო და მომავალი. მაგალითად, როცა კომპანიას კრიზისის დროს უერთდებით, პატივი უნდა სცეთ თანამშრომლებისგან გაჟღერებულ მწარე სიმართლეს, ანუ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თქვენს დიდი გეგმებში დარწმუნებულნი არ არიან… შემდგომ უნდა გაუზიაროთ, რატომ გსურთ რაღაცების შეცვლა, ბოლოს კი მომავალზე მკაფიო და კონკრეტული ენით ესაუბროთ.
პარასკევი
სამუშაო კვირის ბოლო დღემდეც მივედით, რაც იმას ნიშნავს, რომ დასასრულს უახლოვდებით და მთელი კვირის გაწეული შრომის შედეგიც დღეს უნდა მიიღოთ. იმის გამო, რომ ყველაფერი დაგეგმეთ, სწრაფებიც შეგიძლიათ იყოთ ისე, რომ არც არაფერი გააფუჭოთ. თუმცა ამ პროცესს გადაუდებლობის გრძნობა უნდა შემატოთ. ასე ყველასთვის ნათელი გახდება, რომ პრობლემას სერიოზულად უდგებით. ამიტომ, რამაც არ უნდა შეგიშალოთ ხელი გეგმების შესრულებაში, იქნება ეს ადმინისტრაციული პრობლემები თუ სხვა რამ, ყველაფერს გაუმკლავდით და გააკეთეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ.
სულ ეს არის, სამუშაო კვირა დასრულდა, შეგიძლიათ დაისვენოთ და ენერგიებიც აღიდგინოთ… და არც ის დაივიწყოთ, რომ დიდი ცვლილებებისთვის საუკეთესო დრო სწორედ ახლაა!