in

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში და 5 ნობელიანტი მწერალი

„იმაზე უარესები ვიქნებოდით წაკითხული წიგნების გარეშე, ვიდრე ვართ; უფრო კონფორმისტები, მშვიდნი, უფრო მორჩილნი, პროგრესის მამოძრავებელი კრიტიკული სულისკვეთება კი საერთოდ არ იარსებებდა. წერის მსგავსად, კითხვაც სიცოცხლის უკმარობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტია“, — ეს სიტყვები მარიო ვარგას ლიოსას ეკუთვნის, რომელმაც 2010 წელს ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში.

ალბათ, აქ ყველაზე ნათლად და აშკარად იკითხება, რამდენ დიდი ადგილი უკავია წიგნებს კაცობრიობის ცხოვრებაში. ამ განუსაზღვრელ როლს კი ნებისმიერი ნომინაციის თუ ჯილდოს გარეშეც აღვიქვამდით, უბრალოდ მაინც განსაკუთრებულად გვიყვარს სიმბოლური დატვირთვების მინიჭება, რაღაცის აღიარება და ხაზგასმა. ამიტომაც, სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანების წარმატების ერთ-ერთ კულმინაციად ხშირად ნობელის პრემიის მიღება ითვლება. გამონაკლისი არც ლიტერატურაა — ამ შემთხვევაში პრემია ავტორს „იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულებისთვის“ ენიჭება. თუმცა აქ მწერლის მთელი შემოქმედება იგულისხმება და არა კონკრეტული ნაწარმოები.

ახლა ნობელის პრემიის თემამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა ქართველი მკითხველებისთვის, ვინაიდან მიმდინარე წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძეა წარდგენილი. სტატიაში კი გაგიზიარებთ როგორც კონკურსის პროცესებს, ისე რამდენიმე ნობელიანტი ავტორის შემოქმედებასაც.

ნომინაციის პროცედურა

პროცედურას ერთგვარი ყოველწლიური რიტუალის სახე აქვს — შვედეთის აკადემია განცხადებას აქვეყნებს კანდიდატთა შერჩევის შესახებ. კანდიდატის წარდგენა კი შეუძლიათ აკადემიის წევრებს, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოების მოღვაწეებს, ენისა და ლიტერატურის პროფესორის, ნობელის პრემიის ყოფილ ლაურეატებს, მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტებს… მაგალითად, აკა მორჩილაძის შემთხვევაში გადაწყვეტილება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება. 

ყოველწლიურად ათასობით განაცხადი მიიღება, ნობელის აკადემია კი მიღებულ სიას 20 კანდიდატამდე ამცირებს. საბოლოოდ, ნომინაციაზე 5 შერჩეული კანდიდატი იქნება წარდგენილი, გამარჯვებულის წარდგენამდე კი 4 თვე ეთმობა კითხვას, ნამუშევრების განხილვას.

ამასთან, ნობელის პრემიის ლაურეატს გადაეცემა ოქროს მედალი, დიპლომი ციტატით და გარკვეული ოდენობის თანხა, რაც ფონდის გასული წლის შემოსავალზეა დამოკიდებული.

რამდენიმე ნობელიანტი მწერალი და მათი თითო ნამუშევარი:

რაბინდრანათ თაგორი — ბენგალია

1913 წელს რაბინდრანათ თაგორს აზიელი მწერლებიდან პირველს მიენიჭა ნობელის პრემია „ღრმა მგრძნობელობისათვის, ორიგინალური და მშვენიერი ლექსებისათვის“, სადაც განსაკუთრებული ოსტატობით გამოიხატა მისი პოეტური აზროვნება, რომელიც, მისივე თქმით, დასავლეთის ლიტერატურის ნაწილი გახდა.თაგორი ინდოეთში ევროპული კულტურის დაუცხრომელი პროპაგანდისტი და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაახლოების ერთ-ერთი მოთავე იყო. სამყაროს ესთეტიკათა და მშვენიერებათა ეს ჰარმონიული სინთეზია აღბეჭდილი „ნობელის პრემიის ლაურეატების“ სერიით გამომავალ წიგნში, სადაც შესულია მისი ბენგალია და დღენი ჩემი სიჭაბუკისა.

მარიო ვარგას ლიოსა — ვაცის ნადიმი

„ვაცის ნადიმი“ დიდი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. რომანის მთავარი პერსონაჟი, ურანია კაბრალი, ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ პირველად ბრუნდება სამშობლოში მამასთან შესახვედრად. დომინიკის რესპუბლიკაში იწყებს იგი იმ ამბების გახსენებას, რომელთა გამოც მიატოვა თავისი ქვეყანა და დაიფიცა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა.

ამის პარალელურად, მწერალი ოცდათხუთმეტი წლის წინანდელ დომინიკის რესპუბლიკაში – ტრუხილიოს ეპოქაში – აბრუნებს მკითხველს და ქრონოლოგიური სიზუსტით აღადგენს დიდი პოლიტიკური მკვლელობის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს. ამ წიგნში მარიო ვარგას ლიოსა შეუდარებლად აღწერს დიქტატორული რეჟიმის არსს, თავისუფლებადაკარგული საზოგადოების დრამას და, რაც მთავარია, ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობას.მარიო ვარგას ლიოსას ვაცის ნადიმი თანამედროვე კლასიკის ის შენაძენია, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს შორის.  მწერალს 2010 წლის ნობელის პრემია „ძალაუფლების სტრუქტურების აღბეჭდვისა და ინდივიდს წინააღმდეგობის, აჯანყებისა და დამარცხების მკვეთრი სურათებისთვის“ მიენიჭა.

სემუელ ბეკეტი — გოდოს მოლოდინში

ნობელიანტი სემუელ ბეკეტის პიესა „გოდოს მოლოდინში“ არსებობის აბსურდულობის, ცხოვრების უმიზნობისა და ტანჯვის იდეალური გამოხატულებაა. თითქოს, მთავარი პერსონაჟები საპყრობილეში არიან გამოკეტილნი, უძრავი დროის ნაწილად იქცნენ. წარსული სრულ უაზრობად იქცა, მომავალი კი გაუგებარია, შეუცნობელია. რაც შეეხება აწმყოს, მეტისმეტად წამიერი და მოსაწყენია.ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, არ არსებობს განსხვავება დღევანდელ დღესა და გუშინდელს შორის. მაგრამ, როგორც მსახიობი და რეჟისორი როჟერ ბლენი ამბობდა, შეცდომა იქნებოდა პიესის ტრაგიკულად აღქმა, რადგან მასში ირლანდიური იუმორია. ეს არ არის ცრემლების თეატრი, ეს არის დაუნდობელი, მაგრამ ადამიანური თეატრი.

ბეკეტს ნობელის პრემია 1969 წელს მიენიჭა „რომანისა და დრამის ახალი ფორმებისთვის, რომელიც თანამედროვე ადამიანის გასაჭირს ასახავს“.

გაბრიელ გარსია მარკესი — პატრიარქის შემოდგომა

„პატრიარქის შემოდგომა“ ქვაში ნაკვეთი რომანია. ის ერთდროულად ტექსტიცაა და ქანდაკებაც. თუმცა ამ ქანდაკებით ავტორი სკულპტურას ხოტბას არ ასხამს. მას მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების სრული მარტოსულობის ჩვენება უნდა.

გაბრიელ გარსია მარკესმა ამ რომანით მოახერხა ის, რაც ვერ შეძლო ვერცერთმა ლათინო-ამერიკელმა ავტორმა: მან დაწერა მონუმენტური რომანი არა რომელიმე კონკრეტულ დიქტატორზე, მის ცხოვრებაზე, სისუსტეებსა თუ მარცხზე, არამედ გააერთიანა ყველას გამოცდილება, შეკრიბა დიქტატორთა სახეები და შექმნა დიქტატორის ზოგადი, უნივერსალური პორტრეტი.

მარკესს ნობელის პრემია 1982 წელს მიენიჭა „მისი რომანებისა და მოთხრობებისთვის, რომლებშიც ფანტასტიკური და რეალისტური ელემენტები ერთმანეთს ერწყმის, წარმოსახვის მდიდრულ სამყაროს ქმნის“.

იმრე კერტესი — უბედობა

„უბედობა“ უნგრელი ნობელიანტი მწერლის ავტობიოგრაფიული რომანია, რომლის მთავარ გმირადაც 15 წლის ბუდაპეშტელი ბიჭი, კიოვიში გვევლინება. აქ მძაფრად, წარმოუდგენელი სიზუსტითაა აღწერილი ოსვენციმისა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკები, თუმცა წინა პლანზე მაინც კიოვიშის ფიქრები, განცდები თუ დამოკიდებულებები ინაცვლებს. თანაც ის საკუთარ თავს ებრაელად არ მიიჩნევს და ერთგვარ აუტსაიდერის პოზიციას ირჩევს.

იმრე კერტესის რომანის გენიალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის უარს ამბობს მოვლენების უცნაურობის შემსუბუქებაზე. არც ბედისწერას უწოდებს თავის ცხოვრებას, ყველაფერს მხოლოდ შემთხვევითობას მიაწერს, რადგან ბედის არსებობა თავისუფლების კონცეფციას უზღუდავს. ხოლო თუ თავისუფლება არსებობს, მაშინ შეუძლებელია ბედისწერის დაშვება… „არაფერია ამქვეყნად ისეთი, რასაც.სრულიად ბუნებრივი მოვლენასავით ვერ გადავიტანთ; და ამ ჩემს.გზაზე მე… ხაფანგივით ჩასაფრებული ბედნიერება.მელოდება…“

კერტესს ნობელის პრიზი 2002 წელს გადაეცა „მწერლობისთვის, რომელიც მხარს უჭერს ინდივიდის მყიფე გამოცდილებას ისტორიის ბარბაროსული თვითნებობის წინააღმდეგ“.


რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი

#ვისაუბროთწიგნებზე

ავტორი: ქეთია ბელქანია

ICT გადაწყვეტამ ქართველი ექიმი კახეთიდან დედამიწის მეორე მხარეს უხარვეზოდ დააკავშირა

სმარტ აკადემიაში ბავშვებისთვის სასწავლო პროგრამები შეიქმნა